იგეგმებოდა კილიან მბაპეს მოტაცება

იგეგმებოდა კილიან მბაპეს მოტაცება

საფრანგეთში მიაკვლიეს ვინმე 18 წლის კლემან ლ-ს, რომელიც კილიან მბაპესა და კიდევ რამდენიმე მდიდარი ადამიანის მოტაცებას აპირებდა. როგორც გაირკვა ის ციხიდან Snapchat-ით (აპლიკაციაა, რომლით გაგზავნილი ფოტოები და ვიდეოები მიღების მერე ქრება) ხელმძღვანელობდა დამნაშავეთა ჯგუფს. ინტერნეტში მან Lester Z დაირქვა. ციხეში კლემან ლ სხვა დანაშაულისთვის, სუტენიორობისა და ორი შეიარაღებული ძარცვის გამო იჯდა. უფრო სწორად ახლაც ზის.

გამოძიებამ მისი ორი მობილური ტელეფონის მონაცემები გააანალიზა და დაადგინა, რომ მოსატაცებელთა სიაში 26 ადამიანი ჰყავდა შეყვანილი. მათ შორის ყველაზე ცნობილი არის მბაპე, რომლის ქონება 250 მილიონ ევროს უტოლდება.

სამიზნეთა შორის იყვნენ რეპერები, ბიზნესმენები და სხვა პროფესიის ადამიანები ― მაგალითად თურქი ხორცით მოვაჭრე და იუველირი.

„პარიზიენი“ წერს, რომ ბანდის ორმა წევრმა პარიზში საათების სახელოსნო გაძარცვა. წყვილმა გაიტაცა 11 ძვირფასი საათი, რომელთა ჯამური ღირებულება 150 ათას ევრომდე იყო. მათი კიდევ ერთი თანამზრახველი ნახევარი საათის მერე თავისი ავტომობილით სატვირთო მანქანას შეეჯახა და ისიც აიყვანეს. პოლიციამ სწორედ აქედან დაიწყო გამოძიება და კვალმა კლემან ლ-სთან მიიყვანა.

როგორც მოგახსენეთ, კლემან ლ ციხეში ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ორი ძარცვის გამო ზის. დაჭერამდე მან სკოლა დატოვა და მზარეულის კურსებზე გააგრძელა სწავლა. ახლა ის ცდილობს გამოძიება დაარწმუნოს, რომ ბანდის ორგანიზატორი თავად კი არა, მავანი იდუმალი ადამიანია, ხოლო თვითონ საწყალო, უიღბლო ბავშვია, რომელიც რამდენიმე წლის წინ „მისტერ X“- ის ხაფანგში გაება და მას მერე შუამავლის როლს ასრულებს, თორემ თავად მზარეულობა უნდა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.