ევროპაში სატრანსფერო ბაზარი დაიკეტა. „პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „მონაკოსთან“ შეხვედრის წინა პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტებთან „ნავაჭრი“ შეაფასა.
ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორგზის გამარჯვებულმა კლუბმა ზაფხულის განმავლობაში შეიძინა მეკარე ალესანდრო ლონგონი, მარცხენა მცველი ლუკა დინი, გარემარბები მაგნეს აკლიუში და მიკა გოდტსი და თავდამსხმელი ფერან ტორესი. მათი მოყვანა პარიზელებს 160 მილიონ ევროზე მეტი დაუჯდათ.

ამის პარალელურად პსჟ-მ გაყიდა კანგ ინ ლი, იბრაჰიმ მბაიე, რანდალ კოლო მუანი, გონსალო რამუში და ბრედლი ბარკოლა, რომელთა სანაცვლოდ 350 მილიონი ევრო მიიღო.
ლუის ენრიკე კმაყოფილი იყო: „ჩემთვის სატრანსფერო ბაზარი განსაკუთრებით კარგი გამოდგა. ამაში ორი აზრი არ არსებობს. პრეზიდენტმა და სპორტულმა დირექტორმა ლუიშ კამპუშმა ბრწყინვალე სამუშაო შეასრულეს. უპირველეს ყოვლისა მინდა ვახსენო ფეხბურთელები, რომლებიც კლუბიდან წავიდნენ. ისინი ბოლო ორი წლის წარმატების ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდნენ. მე მათ ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ. ვფიქრობ, გადახალისება აუცილებელი იყო, რადგან გუნდში მენტალიტეტისა და ამბიციის შესანარჩუნებლად ენერგია გვჭირდება. მიხარია სეზონი ახალი ფეხბურთელებით რომ დავიწყეთ“.
კითხვაზე, შეძლებს თუ არა სახეცვლილი პსჟ ახალი გამარჯვებების მოპოვებას მწვრთნელმა უპასუხა: „ერთადერთი იმას ვიტყვი, რომ კმაყოფილი ვარ. ახალი ფეხბურთელების ადაპტაციას დრო სჭირდება. კარგად მახსოვს ჩემი პსჟ-ში მუშაობის მეორე წელიწადს ჩვენს მაშინდელ ახალწვეულებში ყველას ეჭვი რომ ეპარებოდა, მაგრამ მერე მათ თავიანთი დონე აჩვენეს და დიდებულ შედეგებს მიაღწიეს. ამ ზაფხულს ჩვენ შევიძინეთ მოთამაშეები, რომელთა დამატებაც გვინდოდა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათი სახეების დანახვა, თვალებში ჩახედვა. და კიდევ, არსებობს ფინანსური ფეარ ფლეი, რაც იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელების მარტო ყიდვა კი არა, გაყიდვაც უნდა იცოდე. ჩვენ როგორც მოედანზე ასევე მის მიღმა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი ვართ“.
ლუის ენრიკე ვრცლად და გამორჩევით ბრედლი ბარკოლას „ლივერპულში“ წასვლას გამოეხმაურა. სპორტული თვალსაზრისით ესპანელ მწვრთნელს ერჩივნა ფრანგი გარემარბი გუნდში დარჩენილიყო, მაგრამ 24 წლის ვარსკვლავი პსჟ-ში სათამაშო დროით იყო უკმაყოფილო.
„ბარკოლას შემთხვევა ჩემთვის ცოტა სხვანაირია, რადგან ის „ლიონიდან“ გადმოსვლის შემდეგ „პარი სენ ჟერმენში“ ძალიან გაიზარდა და თავის მხრივ გუნდის თამაშის ხარისხიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. მას მეტი სათამაშო დრო უნდოდა, მაგრამ სამწუხაროდ მე მას ამის გარანტიას ვერ მივცემდი. საბოლოოდ, ვფიქრობ ტრანსფერით ყველა კმაყოფილი დარჩა. ბარკოლას სურდა გუნდში დიდი გავლენა ჰქონოდა. ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო და ჩინებული ადამიანიცაა, რომელიც თანაგუნდელებს ძალიან უყვარდათ, ამიტომ ბრედლის წასვლა ყველასთვის ძნელი გამოდგა. მეც მასზე მხოლოდ კარგი შემიძლია ვილაპარაკო. მას პსჟ-თან კიდევ ორი წელიწადი აკავშირებდა და თუ დარჩენა მოუნდებოდა მხოლოდ გამიხარდებოდა, მაგრამ ფეხბურთი ფეხბურთია და რაც მოხდა იმას უნდა შევეგუოთ“.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/09/2026 | 09:25ლუის ენრიკე: მოგებას ჩვენ ვიმსახურებდით
მთავარი ამბავი05/09/2026 | 07:37განსხვავებული შეხედულებები კვარას თამაშზე
აქეთურ-იქითური04/09/2026 | 08:41ინგლისში დახურული შეხვედრა გაიმართა
მთავარი ამბავი04/09/2026 | 07:50ლუის ენრიკე ტრანსფერებით კმაყოფილია
