ფერნანდესი ისევ მარესკასთან წავიდა

ფერნანდესი ისევ მარესკასთან წავიდა

„მანჩესტერ სიტიმ“ „ჩელსისგან“ 125 მილიონ გირვანქად ენცო ფერნანდესი იყიდა. ინგლისური მედია აღნიშნავს, რომ შედეგად აწ უკვე დახურულ სატრანსფერო სეზონზე „ქალაქელებმა“ სარეკორდო თანხა 458 მილიონი გირვანქა დახარჯეს. მათ მერე მოდის „ლივერპული“, რომელმაც ზაფხულში ახალ ფეხბურთელებში 415 მილიონი გირვანქა გაიმეტა.

რასაკვირველია, „სიტიმ“ მოთამაშეები არა მხოლოდ იყიდა, არამედ გაყიდა კიდეც, რითაც 300 მილიონი გირვანქა შემოუვიდა.

ფერნანდესი „ჩელსიში“ „ბენფიკადან“ 2023 წელს გადავიდა. დასავლეთ ლონდონელებმა მაშინ მასში ბრიტანეთისთვის სარეკორდო თანხა 107 მილიონი გირვანქა გადაიხადეს. ახლა, როგორც გითხარით, არგენტინელი 125 მილიონად გაიყიდა. ეს ის თანხაა, რომლიც ზუსტად ერთი წლის წინ, გასული წლის სატრანსფერო სეზონის ბოლო დღეს „ლივერპულმა“ ალექსანდერ ისაკში გადაიხადა.

არადა, ზაფხულის დასაწყისში ფერნანდესს „რეალში“ უნდოდა გადაბარგება. ამის გამო „ჩელსისა“ და „რეალ სოსიედადის“ ამხანაგური შეხვედრის დროს ლონდონელმა ფანებმა მას უსტვინეს. იგივე განმეორდა პრემიერლიგის შეხვედრაში „ფულემის“ წინააღმდეგ, როდესაც ფერნანდესი შეცვლაზე შევიდა.

კვირას, როდესაც „ლურჯებმა“ „ბრაიტონს“ 4:3 მოუგეს. არგენტინელს ამ შეხვედრაში მონაწილეობა აღარ მიუღია. მან არც სამი დღით ადრე ითამაშა „კარაბაოს თასზე“ „ლუტონთან“. ფეხბურთელის სამშობლოში წერდნენ, რომ „ჩელსიში“ მას გუნდიდან წასვლა სთხოვეს.

„მინდა იცოდეთ, რომ ბოლო დღეები ჩემთვის ძნელი იყო, – აღნიშნა ფერნანდესმა ინსტაგრამზე, – ამის შესახებ დაწერაც ძნელია. სიმართლე ის არის, რომ მე კარგ ადგილას არ ვიყავი. „ჩელსიში“ მისვლის დღიდან ყველა ღონეს ვხმარობდი კლუბისთვის მისი ისტორიის საკადრისი ტიტულები რომ მომეპოვებინა. ჩვენ ვიბრძოდით, ვტიროდით, ბევრჯერ გავბრაზებულვარ, მაგრამ ბევრი ტიტულიც მოგვიგია. არაერთი დაუვიწყარი გამარჯვება მოვიპოვეთ. ჯამში მქონდა როგორც კარგი ასევე რთული პერიოდები“.

შემდეგ ფერნანდესმა დასძინა, რომ „ჩელსი“ მუდამ მის გულში დარჩება, ხოლო გადაწყვეტილება წასვლის შესახებ ძნელი მისაღები გამოდგა. და კიდევ: „მე რომ „ჩელსის“ გულშემატკივრების ადგილზე ვყოფილიყავი მათსავით ვიფიქრებდი“, – თქვა არგენტინელმა.

ამრიგად „სიტიში“ ენცო ფერნანდესი შეუერთდება ენცო მარესკას, მწვრთნელს, რომლის ხელმძღვანელობითაც „ჩელსიში“ მუშაობდა.

საინტერესოა, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ ბოლო ორ თვეში ორჯერ დაამყარა კლუბის სატრანსფერო რეკორდი. ივლისში მან „ნოტინგემ ფორესტისგან“ ელიოტ ანდერსონი იყიდა.

ფერნანდესი მეოთხე ფეხბურთელია, რომელიც პრემიერლიგის კლუბში 100 მილიონ გირვანქაზე ძვირად გადავიდა. მის გარდა არიან მორგან როჯერსი (ჩელსიში 117 მილიონად), ბრედლი ბარკოლა (ლივერპულში 123 მილიონად) და ზემოთ ნახსენები ანდერსონი (116 მილიონად).

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.