საფრანგეთში ოსმან დემბელესა და ლუის ენრიკეს გარშემო ლაპარაკი არ წყდება. ორი სიტყვით შეგახსენებთ, რომ ლიგა 1-ის პირველი ტურის შეხვედრაში „პარი სენ ჟერმენი“ რენში 0:2-ს აგებდა. პირველი ტაიმის შემდეგ ლუის ენრიკემ ოსმან დემბელე და ხვიჩა კვარაცხელია შეცვალა. დემბელეს შეცვლამ დიდი ხმაური გამოიწვია, დიდწილად ალბათ იმიტომ, რომ მის ნაცვლად შესულმა ფერან ტორესმა ორი გოლი შეაგდო და გუნდი წაგებისგან იხსნა. ორიოდ დღეში ცნობილი გახდა, რომ ლუის ენრიკეს დემბელე ლილში, მეორე ტურის შეხვედრაში სათამაშოდ არ მიჰყავს და მეტიც, მას ორშაბათამდე ასვენებს. გაჩნდა ეჭვი, რომ ეს 2025 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელის დასვენება კი არა, დასჯაა. ეჭვს აძლიერებს ის გარემოებაც, რომ მატჩის შემდეგომ პრეს-კონფერენციაზე ლუის ენრიკემ ფრანგ ვარსკვლავთან დაკავშირებული კითხვის პასუხად თვითკმაყოფილებასა და მოტივაციაზე ილაპარაკა.
„ეკიპში“ დაიწერა, რომ რენში მატჩის დამთავრების შემდეგ დემბელე ლუის ენრიკეს გასახდელში დაელოდა. მწვრთნელი პრეს-კონფერენციაზე შეყოვნდა, ფეხბურთელს კი უნდოდა საკითხი ადგილზევე გაერკვია. გავლენიანი ფრანგული გაზეთის ცნობით მათ შორის საუბარი მყისიერად დაიძაბა. მხარეებმა ხმას აუწიეს.

„შიდა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით ყველაფრის მიუხედავად ლაპარაკი გულწრფელ ხასიათს ატარებდა. 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონს არ ესმოდა რატომ არ მისცა მწვრთნელმა მას მდგომარეობის ადგილზევე გამოსწორების შესაძლებლობა და მხოლოდ და მხოლოდ ერთი არასახარბიელო ტაიმის შემდეგ რატომ შეცვალა ის სხვა ფეხბურთელით“, – წერს გაზეთი. ამ კითხვაზე ლუის ენრიკეს პასუხი სავარაუდოდ ცნობილია. ის ფეხბურთელებისგან სულ მაღალ დონეზე თამაშს ითხოვს.
პოპულარულმა ფრანგმა ჟურნალისტმა, რადიოწამყვანმა და ანალიტიკოსმა დანიელ რიოლომ თავის გადაცემაში After Foot როყიოდ განაცხადა:
„პირდაპირ ვთქვათ: ფეხბურთელი მკაცრად დასაჯეს. როგორც ჩანს ეს ლუის ენრიკეს მუშაობის ახალი სტილია. ის ფეხბურთელებს რამდენიმე დღით ასვენებს“.
ჟურნალისტმა ივარაუდა, რომ დემბელე დარჩენილ დღეებში შეეცდება „პარი სენ ჟერმენიდან“ წავიდეს, თუმცა სიტუაციის ასეთი გამწვავების გამო სოციალურ ქსელებში თავად გახდა კრიტიკის ობიექტი. მითუფრო, რომ გავრცელდა პსჟ-ში მომუშავე ვინმე ჯამელის ინფორმაცია, რომ სინამდვილეში ლუის ენრიკე დემბელეს ცუდმა ფიზიკურმა ფორმამ შეაწუხა.
„ოსმანმა მას გულწრფელად უთხრა, რომ სუპერთასზე კარგად თამაში სურდა, რისთვისაც შვებულება ადრე შეწყვიტა და ვარჯიში განაახლა. ამის გაგონებაზე ესპანელმა მწვრთნელმა მას რამდენიმედღიანი შვებულება შესთავაზა. ეს წინადადება ფეხბურთელმა სიამოვნებით მიიღო“, – თქვა ხსენებულმა ინსაიდერმა, რომლის მონაყოლში ხმის აწევასა და დაძაბულობაზე საერთოდ არ არის ლაპარაკი.
შეგახსენებთ, რომ დემბელეს დატვირთული ზაფხული ჰქონდა. საკლუბო სეზონის შემდეგ ის მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავრა და ხეირიანად დასვენება ვერ მოასწრო, რის გამოც მისი გადაღლა გასაკვირი არ უნდა იყოს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური27/08/2026 | 07:21ლუის ენრიკემ და დემბელემ ხმას აუწიეს?
მთავარი ამბავი26/08/2026 | 13:43ქოჩორას პრეზენტაცია სევილიაში
სიახლეები26/08/2026 | 10:50ბრუნო – ფეხბურთელების რჩეული
სიახლეები26/08/2026 | 09:50ლუის ენრიკე დემბელეს ორშაბათამდე ასვენებს
