მარესკამ პარიზელებთან წაგება ვერ გადაყლაპა

მარესკამ პარიზელებთან წაგება ვერ გადაყლაპა

 „მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელს ენცო მარესკას პსჟ-სთან წაგება (2:4) ემოციურად ძვირი დაუჯდა – მარცხიდან 48 საათის შემდეგ, პრემიერლიგაში „იფსვიჩ თაუნთან“ შეხვედრის წინა პრეს-კონფერენციაზე ის ისევ ჩემპიონთა ლიგის თამაშს უტრიალებდა.

„გუშინ, გამთენიისას თავიდან ბოლომდე ვნახე ჩანაწერი და იგივე გრძნობა დამრჩა: პირველი გოლის გაშვებამდე ჩვენს სასარგებლოდ უნდა დანიშნულიყო პენალტი, რომელსაც რაიან შერკი ითხოვდა, იყო ენცოს ჯარიმა და კუთხური, რომლიდანაც ბურთი ხარიხას გავარტყით… ეს ყველაფერი მათ გოლამდე მოხდა“.

შემდეგ პეპ გვარდიოლას ყოფილმა ასისტენტმა აღიარა, რომ მისმა გუნდმა მატჩის სადავეები მოკლე დროში ორი გოლის გაშვების გამო დაკარგა. შეგახსენებთ, რომ გოლები დეზირე დუემ და დუეს პასით ოსმან დემბელემ გაიტანეს.

„მერე კი ჩვენ პირველი გოლი და… ერთ წუთში მეორეც გავუშვით. ვფიქრობ, კომპაქტურობა და ბალანსი სწორედ მაშინ დავკარგეთ. ასეთი რაღაც ხდება, განსაკუთრებით, როდესაც სავარაუდოდ ევროპის საუკეთესო გუნდს ეთამაშები. უცებ დავდექით ფაქტის წინაშე, რომ ორ წუთში 0:2-ს ვაგებდით“.

მოვლენათა უიღბლო განვითარების მიუხედავად მარსეკა თავისი ფეხბურთელების რეაქციით კმაყოფილი დარჩა. მისი გუნდი მეორე ტაიმში გაცილებით სახიფათოდ და თვალსასეიროდ თამაშობდა. „სიტიმ“ პსჟ მძიმე დღეში ჩააგდო, თუმცა ეს დადებითი შედეგისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

„მეორე ტაიმი ფანტასტიკური იყო, – თქვა „ჩელსის“ ყოფილმა თავკაცმა, – საბოლოოდ, ჩემი ღრმა რწმენით, უკეთესს ვიმსახურებდით. რას იზამ, ეს ფეხბურთია და მომხდარისგან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. დასკვნა უნდა გამოვიტანო მეც, განსაკუთრებით პირველი ტაიმის გამო, რადგან იყო რაღაც ასპექტები, რომლებმაც არ იმუშავა. ეს შეხვედრა ყველასთვის დიდი გაკვეთილი იყო“.

„მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგაში 20 ოქტომბერს აეკ-ს მასპინძლობს.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.