„რეალმა“ გასაოცარი თამაში მოატრიალა…
ბრედლი ბარკოლამ ინგლისელთა კრიტიკას ჰეთ-თრიკით უპასუხა…
გრინვუდს უსტვინეს…
სხვა ნეიტრალური გულშემატკივრისთვის საინტერესო თითქოს არაფერი მომხდარა, თუმცა, ჯერ ოთხშაბათის ანგარიშები ჩამოვთვალოთ: ფეიენოორდი – კომო 3:2; ლინცი – ლივერპული 3:6; რომა – რეალი 3:4; ასტონ ვილა – ფენერბაჰჩე 6:0; შახტარი – აეკი 3:1; ბოდო/გლიმტი – დორტმუნდი 1:0; მანჩესტერ სიტი – პსჟ 2:4; ბეტისი – პორტუ 3:2; სლოვანი – შტუტგარტი 0:3.
მიმოხილვა რასაკვირველია „რეალით“ უნდა დავიწყოთ, რადგან მადრიდელების ჩამოწერა არასდროს, არსად, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, განსაკუთრებით კი ჩემპიონთა ლიგაში. „სტადიო ოლიმპიკოზე“ შეხვედრის 83–ე წუთი მიმდინარეობდა, „რომა“ 3:1-ს იგებდა და ეჭვს ვერავინ შეიტანდა, რომ დამსახურებულ გამარჯვებას მიაღწევდა, მაგრამ 4:3 „ლოს ბლანკოსმა“ გაიმარჯვა. ანგარიში „ჯალოროსიმ“ გახსნა. გოლი მარტენ დე რონმა გაიტანა. 25-ეზე მადრიდელებმა გაქვითეს, თავი კილიან მბაპემ გამოიჩინა, მაგრამ 51-ე და 57-ე წუთებზე ჰოლანდიელმა დონიელ მალენმა თანამემამულის პირველ გოლს ზედ ორი დაამატა. უკეთესს რას ინატრებდა მასპინძელი გუნდი, მითუფრო, რომ ეს სტუმრების საუკეთესო შეხვედრა აშკარად არ იყო, მაგრამ „რეალმა“ როგორც ისტორიულად სჩვევია ძალა გამონახა და კარლოს ესპის, ენდრიკისა და ანტონიო რუდიგერის გოლებით 4:3 გაიმარჯვა. ეს იყო მადრიდელთა ცნობილი ძლიერი მენტალიტეტის ნიმუში!
„რეალისთვის“ იღბლიანი დღე უიღბლო გამოდგა მათი ბრაზილიელი ვარსკვლავისთვის ვინისიუსისთვის. შეხვედრის დაწყების მან მან შეიტყო, რომ ლა ლიგის ბოლო შეხვედრაში გაძევების გამო მას ოთხთამაშიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს, 59-ე წუთზე კი ჟოზე მოურინიუმ ის შეცვალა. მიზეზი: მალენის მეორე გოლი მისი ბრალი იყო, მეტოქე წინააღმდეგობის გარეშე გაატარა, „განსაკუთრებული“ კი უგულობას ვარსკვლავებსაც არ პატიობს. ენდრიკმა კი, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, გოლი შეაგდო.
ეს დღე უიღბლო გამოდგა „რომაში“ მოთამაშე ფრანგი მანუ კანესთვისაც, რომელმაც შეხვედრის დასაწყისში ორთავა კუნთის ძლიერი ტკივილი იგრძნო და მე-17 წუთზე შესაცვლელი გახდა. მან თვალცრემლიანმა დატოვა მოედანი.
ავსტრიის ქალაქ ლინცში, „რაიფაიზენ არენაზე“ ბოლო დროს ინგლისში გვარიანად გაკრიტიკებულმა ბრედლი ბარკოლამ სამი გოლი გაიტანა. „ლივერპულმა“ LASK-ს 6:3 მოუგო. 51-ე წუთზე ანგარიში 4:0 იყო მერსისაიდელთა სასარგებლოდ.
რას ერჩოდნენ ლივერპულში ბარკოლას? უკვე ექვსი თამაშია რაც „ენფილდზე“ გადმოვიდა და ჯერ გოლი არ გაუტანიაო. აქვე უნდა ითქვას, რომ ლინცში ბარკოლამ მხოლოდ ჰეთ-თრიკი კი არ შეასრულა, არამედ ზოგადად ითამაშა ძალიან კარგად. მან მარცხენა ფრთიდან მასპინძელთა დაცვას შავი დღე აყარა და მერსისაიდელთა გამარჯვების ერთ-ერთი უმთავრესი შემოქმედი იყო, თუმცა… ეჭვი არ არის ლივერპულში ფრანგის ქებას არ იჩქარებენ. დაელოდებიან, რას იზამს უფრო ძლიერ მეტოქეებთან.
გიორგი მამარდაშვილს ამ შეხვედრაში მონაწილეობა ცხადია არ მიუღია. „წითლების“ მთავარმა მეკარემ ალისონ ბეკერმა flashscore-ს ვერსიით თანაგუნდელთაგან ყველაზე დაბალი შეფასება 6.0 მიიღო. ზუსტად ასეთი შეფასება მიიღო ბრაზილიელმა sofascore-სგან, whoscored-ისგან და formob-იასგან.
აი, მეისონ გრინვუდს კი ცუდი საღამო ჰქონდა. „ფენერბაჩეს“ შემტევი 2024 წელს „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ „მარსელში“ გადავიდა, საიდანაც სტამბოლში ამოჰყო თავი. ოთხშაბათს ის ამდენი ხნის შემდეგ პირველად ჩავიდა სამშობლოში „ასტონ ვილასთან“ სათამაშოდ, სადაც… უსტვინეს. ბირმინგემელმა მაყურებელმა გრინვუდს ობსტრუქცია მაშინვე მოუწყო, როგორც კი სტადიონის დინამიკებში მისი გვარი გაისმა – ჯერ კიდევ თამაშამდე, შემადგენლობების გამოცხადებისას. და ასე გაგრძელდა მთელი საღამოს განმავლობაში – როგორც კი ინგლისელი ბურთს მიიღებდა ტრიბუნები ღრიალებდნენ. გრინვუდი 70-ე წუთზე შეცვალეს. „ასტონ ვილამ“ „ფენერბაჰჩეს“ 6:0 გადაურბინა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/10/2026 | 08:52სიტის ფანები ტრიბუნებს გადააყვითლებენ
აქეთურ-იქითური16/10/2026 | 07:14პაპენი: მბაპესთვის არსებობს მხოლოდ მე, მე და მე
სიახლეები15/10/2026 | 08:35ჩემპიონთა ლიგის ოთხშაბათი – თვალის გადავლება
მთავარი ამბავი15/10/2026 | 06:57კვარამ უფრო შავი სამუშაო შეასრულა
