კვარამ უფრო შავი სამუშაო შეასრულა

კვარამ უფრო შავი სამუშაო შეასრულა

„პარი სენ ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის ახალ გათამაშებაში ზედიზედ მეორე თამაში მოიგო – ბრატისლავაში „სლოვანთან“ 6:1 გამარჯვებას მანჩესტერში „სიტის“ 4:2 ძლევა მიაყოლა. მეორე ტურის მეტოქე პირველთან შედარებით რასაკვირველია სხვა კალიბრისა იყო.

ფრანგულ პრესაში ამ შეხვედრის, უფრო ლუის ენრიკეს გუნდის შესახებ საინტერესო მოსაზრება გამოითქვა: პსჟ ნამდვილად არ აკონტროლებდა ყველაფერს, განსაკუთრებით ქაოსურ მეორე ტაიმში, მაგრამ მან ევროპას კიდევ ერთი მესიჯი გაუგზავნა – დიდ მატჩებში შედეგის მიღწევა იცის.

შეხვედრა ბრწყინვალე სანახავი გამოვიდა. ორივე გუნდმა დიდებული შოუ მოაწყო. პირველ ტაიმში უპირატესობას პსჟ ფლობდა – მე-13, მე-15 და 32-ე წუთებზე დეზირე დუეს, ოსმან დემბელესა და ვიტინიას გოლებით 3:0 დაწინაურდა. შესვენების შემდეგ, 53-ე წუთზე ერლინგ ჰოლანდმა სხვაობა შეამცირა; მაგრამ 62-ე წუთზე მაგნეს აკლიუშმა  ისევ პარიზელთა გოლი შეაგდო; 75-ე წუთზე ჰოლანდმა შეხვედრის ბოლო გოლი გაიტანა. გოლების გარდა ორივე კართან იყო არაერთი საგოლე მომენტი. ბურთი რამდენჯერმე მოხვდა ძელს. 90-ე წუთზე ფერან ტორესის დარტყმული პენალტი ჯანლუიჯი დონარუმამ მოიგერია.

ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე 66-ე წუთზე დუეს ნაცვლად შევიდა და უფრო შავი სამუშაოთი იყო დაკავებული. დუემ კი შესანიშნავი თამაშით დაამახსოვრა გულშემატკივარს თავი. მან ჩინებული გოლი გაიტანა, და დემბელეს არაჩვეულებრივი პასით გაუწია ასისტენტობა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი ჯილდო ვიტინიას გადაეცა.

კვარაცხელიას შესახებ footmercato-მ ასე დაწერა: „ქართველმა შეტევაში წვლილი ვერ შეიტანა, მხოლოდ ერთხელ დაარტყა კარისკენ, მაგრამ თამაშის ბოლოს ბურთის ფლობასა და მის შენარჩუნებაში მიიღო მონაწილეობა“.

სხვადასხვა საიტებმა კვარაცხელიას თამაში ასე შეაფასეს: flashscore – 6.4; sofascore – 6.7; whoscored – 6.1; fotmob – 6.2

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.