ჩემპიონთა ლიგის სამშაბათი – თვალის გადავლება

ჩემპიონთა ლიგის სამშაბათი – თვალის გადავლება

„ბაიერნმა“ მოულოდნელად ფრე ითამაშა ნორვეგიაში, თუმცა თამაში ლამაზი გამოვიდა…

„ბარსელონა“ სპექტაკლების დადგმას განაგრძობს…

„ბრიუგემ“ „ინტერს“ „სან სიროზე“ სიურპრიზი მოუწყო…

ო-დე-ფრანსის რეგიონის კლუბებს კი გასაჭირი ადგათ…

თუმცა, მოდი ჩემპიონთალიგური სამშაბათის შესახებ უფრო დაწვრილებით ვილაპარაკოთ. ჯერ ანგარიშები ჩამოვთვალოთ: ლანსი – სპორტინიგი 0:2; საბაჰი – სლავია 2:0; არსენალი – ლილი 3:0; ატლეტიკო – მანჩესტერ იუნაიტედი 2:0; გალათასარაი – ბარსელონა 1:4; ინტერი – ბრიუგე 3:4; ლაიფციგი – პსვ 1:0; ვიკინგი – ბაიერნი 3:3; ვილიარეალი – ნაპოლი 3:1.

ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო შედეგი „ვიკინგისა“ და „ბაიერნის“ შეხვედრაში დაფიქსირდა. მას შეიძლება სენსაციურიც კი ვუწოდოთ: სად „ვიკინგი“ და სად „ბაიერნი“. ქალაქ სტავანგერის გუნდი კუთხურის წყალობით მე-2 წუთზევე დაწინაურდა, 38-ე წუთზე კი კონტრშეტევით მეორე შეაგდო. აქ სკანდინავიელებმა ალბათ ირწმუნეს რომ მრისხანე მეტოქის დამარცხება შეეძლოთ, მაგრამ საქმეში „ოქროს ბურთის“ კანდიდატი ჰარი კეინი ჩაერია, რომელმაც მეორე ტაიმის დასაწყისში ჯერ პენალტი გაიტანა, შემდეგ თავით გაქვითა ანგარიში და 71-ე წუთზე ჩინებილი პასით დაიწყო იმ კომბინაციის დასკვნითი ფაზა, რომელიც ლუის დიასის გოლით დასრულდა. ამას სტუმრების სამწუხაროდ მაიკლ ოლისეს გაძევება მოჰყვა. შედეგად 90-ე წუთზე ჰერმან იოჰან ჰაუგენმა მათ სამი ქულა არ გაატანა.

ორი სიტყვით ოლისეს გაძევებაზე შევჩერდეთ. ფრანგმა ვინგერმა მოედანი 73-ე წუთზე დატოვა. მან ზედიზედ ორი ყვითელი მიიღო. ჯერ მოწინააღმდეგეს მაისურზე დაჰქაჩა, შემდეგ კი ბურთი გაარტყა თავში. შესაბამისად, ის შემდეგ ოთხშაბათს „არსენალის“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

საკლუბო წარმატებებს დანატრებული ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესოა აზერბაიჯანული „საბაჰის“ გამარჯვება პრაღის „სლავიასთან“ – მიუხედავად იმისა, რომ ქართველებს დიდი ამბიციები გვაქვს, მეზობელი ქვეყნის კლუბები ძალიან გვჯობიან. ბაქოელებმა იამაიკელი კაჰიმ პარისისა და რუანდელი ჯოი-ლანს მიკელსის გოლებით ჩეხურ გუნდს 2:0 აჯობეს. „საბაჰმა“ პირველ ტურში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 0:4 წააგო, მაგრამ მეორეში მდგომარეობა გამოასწორა და პრაღის გუნდს ზედიზედ მეორე მარცხი აგემა – „სლავიამ“ სექტემბერში „ლანსთან“ წააგო – 2:3.

„ლანსი“ ვახსენეთ და აღვნიშნოთ, რომ მეორე ტურში ფრანგულმა გუნდმა შინ ლისაბონის „სპორტინგთან“ 0:2 წააგო. ეს იყო მისი პირველი მარცხი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში. „ლანსმა“ ამ შეჯიბრებაში შინ ისტორიაში პირველად ვერ გაიტანა გოლი.

ო-დე-ფრანსის გუნდების წარუმატებლობა განაგრძო „ლილმა“, რომელიც ლონდონში დამარცხდა „არსენალთან“. ჩემპიონთა ლიგის გასული გათამაშების ფინალისტს ფრანგულმა გუნდმა წინააღმდეგობა დიდხანს ვერ გაუწია. თავიდან სტუმრებმა „ემირეით სტედიუმზე“ შეკრებილი გულშემატკივრები გოლით შეაშინეს, მაგრამ როგორც გაირკვა ამ ეპიზოდში ოფსაიდი იყო. ამის შემდეგ „მეთოფეებმა“ ტემპს მოუმატეს, სამი გოლი შეაგდეს და ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგეს.

„მანჩესტერ იუნაიტედს“ ზედიზედ ხუთი შეხვედრაა არ მოუგია. ამჯერად ინგლისურმა გუნდმა „ატლეტიკოსთან“ წააგო – 0:2. პაბლო ბარიოსმა ანგარიში პირველივე წუთზე გახსნა. 74-ე წუთზე მანჩესტერელებს ფრანგი ლენი იორო გაუძევეს, ხუთი წუთის შემდეგ კი ადემოლა ლუკმენმა სტუმრების კარში მეორე გოლი შეაგდო. ესპანეთის დედაქალაქის გუნდმა ყველა შეჯიბრებაში ერთად ზედიზედ მეხუთე შეხვედრა მოიგო.

უხვგოლიანი იყო „ინტერის“ და „ბრიუგეს“ მატჩი – 3:4. მისი დამთავრების შემდეგ ბელგიური გუნდის მწვრთნელმა ივან ლეკომ თქვა: „ადრეც ვამბობდი, რომ ფილოსოფიას არ შევცვლიდით. რასაკვირველია „ინტერს“ სტუმრად ვეთამაშებოდით და შანსები 50/50-ზე იყო, მაგრამ ჩვენ ვაჟკაცობა გვეყო და გადამწყვეტი სწორედ ეს აღმოჩნდა“. შეგახსენებთ, რომ „ინტერმა“ პირველი შეხვედრაც წააგო, „რეალთან“ – 1:2.

„ბარსელონა“ კი, როგორც ზემოთ ვთქვით, სპექტაკლების დადგმას განაგრძობს. სეზონის დასაწყისში 9 შეხვედრის მოგების შემდეგ „ბარსამ“ ლამინ იამალის ნიჭის წყალობით მეათეც მოიგო. უნდა ითქვას, რომ თავიდან „გალათასარაი“ დაწინაურდა. მალე სტამბოლელებმა მეორე გოლიც შეაგდეს და სტადიონმა იფეთქა, ეგონათ, რომ შეხვედრის ბედი შეიძლებოდა აქ გადაწყვეტილიყო, მაგრამ გაირკვა, რომ ბარიშ ილმაზს ოფსაიდიდან გაუტანია და… მერე ყველაფერი თავის ადგილზე დადგა: 1:4.

„ლაიფციგი“ კი მეკარეს უნდა უმადლოდეს. რომ არა ბელგიელი კარის მცველი მარტენ ვანდერვორდტი, გერმანული გუნდი ალბათ დამარცხდებოდა. მან მე-19 წუთზე ივან პერიშიჩს პენალტი აუღო.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.