ლუკა შევალიეს „პარი სენ ჟერმენში“ არ გაუმართლა. ფრანგი მეკარე პარიზელებმა 2025 წლის ზაფხულში 40 მილიონ ევროდ შეიძინეს. ის ჯანლუიჯი დონარუმას შემცვლელად მოიაზრებოდა. თავიდან შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ მისი „ლილიდან“ გადაბირება სწორი ნაბიჯი იყო. შევალიემ პირველივე შეხვედრაში გამოიჩინა თავი – უეფას სუპერთასზე „ტოტენჰემ ჰოთსფურთან“ შეხვედრაში პენალტების სერია მოიგო – მაგრამ კარგად დაწყებული საქმე კარგად ვეღარ გაგრძელდა.
ლუის ენრიკე შევალიეს რამდენიმე თვის განმავლობაში აძლევდა თავის გამოჩენის შესაძლებლობას აძლევდა, მაგრამ მან ამით ვერ ისარგებლა. ამას მოჰყვა ერთი მოედანს მიღმა ამბავიც, რაც ფრანგულმა მედიამ არ დაივიწყა: დააფიქსირეს, რომ შევალიემ ინტერნეტში ულტრა მემარჯვენეების პოსტი მოიწონა. ამ ყველაფერს ჯამში (უპირველეს ყოვლისა თამაშის არადამაკმაყოფილებელ ხარისხს) მოჰყვა გოლკიპერის უკანა პლანზე გადასვლა და 2025 წლის ნოემბერ-დეკემბერში გუნდში სასტარტო პოზიცია დაკარგა.

ლუის ენრიკემ შევალიეს ნაცვლად კარში მატვეი საფონოვი დააყენა, რომელმაც პარიზულ გუნდს „ფლამენგოსთან“ საკონტინენტთაშორისო შეხვედრაში პსჟ-ს პენალტების სერია მოაგებინა. ეს გამოდგა გარდამტეხი მომენტი. შევალიემ სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ის ნაკრებშიც აღარ გამოიძახეს – დიდიე დეშამმა 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე რობენ რისერი წაიყვანა.
გასულ ზაფხულში „პარი სენ ჟერმენი“ იაპონელი მეკარის ზიონ სუზუკის შეძენას ცდილობდა, თუმცა მან „ასტონ ვილაში“ გადაბარგება ამჯობინა. ამან შევალიეს პარიზში დარჩენის შესაძლებლობა მისცა, მაგრამ ფრანგმა ლუის ენრიკეს გულის მოგება ვერც ახალ სეზონში მოახერხა.
შევალიეს პსჟ-თან 2030 წლამდე აქვს კონტრაქტი. აქამდე ის კატეგორიულად აცხადებდა, რომ „პარკ დე პრენსიდან“ წასვლა არ უნდოდა, მაგრამ როგორც ჩანს დარწმუნდა, რომ საფონოვს შემადგენლობიდან ვერ ამოაგდებს და გადაწყვიტა ახალი გუნდი მოძებნოს. „ეკიპის“ თანახმად ლუკა შევალიე ამ ზამთარშივე დატოვებს პარიზს.
პოპულარული ფრანგული სპორტული გაზეთი წერს, რომ შევალიეს პსჟ-ს პირველი მეკარეობისთვის ბრძოლა აღარ სურს და მზადაა იჯარით ან მუდმივმოქმედი ტრანსფერის წესით სხვაგან გადავიდეს. ამბობენ, რომ მას მერე, რაც „ბაიერნს“ მანუელ ნოიერთან აერია საქმე, შეავალიეს მიუნხენში გადაბარგების შანსი მიეცა, მაგრამ… იმისათვის, რომ გოლკიპერი ახალ კლუბში გადავიდეს, უპირველეს ყოვლისა საჭიროა პსჟ-მ მისი შემცვლელი იშოვოს. ამის გარეშე შევალიეს „პარკ დე პრენსიდან“ არავინ გაუშვებს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური27/11/2026 | 08:41შევალიე ალბათ ამ ზამთარში წავა
აქეთურ-იქითური27/11/2026 | 07:37დემბელე რეკორდისკენ მიიწევს
აქეთურ-იქითური26/11/2026 | 08:54კვარას და დუეს გარეშე
სიახლეები26/11/2026 | 08:04ფაქტობრივად ქართველების გარეშე
