2025 წლის იანვარში ერლინგ ჰოლანდმა და „მანჩესტერ სიტიმ“ საფეხბურთო სამყარო ახალი კონტრაქტით გააკვირვეს. მხარეებმა დათქვეს, რომ ძალიან დიდხანს ითანამშრომლებდნენ, 2034 წლამდე. მედიაში წერდნენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ნორვეგიელი კარიერას 34 წლის ასაკში „ეტიჰედზე“ დაასრულებსო.
მაშინ „მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელი იყო პეპ გვარდიოლა, ხოლო კლუბი ფინანსურ დარღვევებში ჯერ არ გახლდათ მხილებული. დღეს მდგომარეობა მძიმეა. „ქალაქელები“ პრემიერლიგიდან მოკვეთის და ერთ-ერთ დაბალ დივიზიონში გაგდების რეალური საშიშროების წინაშე დგანან. გუნდი ვეღარც მოედანზე დაფრინავს – ბოლო შვიდ შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა. კრიტიკისგან არც ერლინგ ჰოლანდია დაზღვეული, თუმც თეორიულად მისი ამპლუის კაცი ძალიან არის დამოკიდებული გუნდის თამაშზე. თუ თანაგუნდელები საგოლე მომენტებს შეუქმნიან – გაიტანს, თუ არა და გაუჭირდება.
და მაინც, ნორვეგიელი „ფულემთან“ თამაშის შემდეგ გააკრიტიკეს, „ნაპოლისთან“ თამაშის მერე კი თავად გამოხატა უკმაყოფილება. მედია აღნიშნავს, რომ ბოლოხანს ნორვეგიელი დათრგუნული ჩანს, რაც ექსპერტების განგაშს იწვევს. ჯეიმი კარაგერმა „დეილი ტელეგრაფში“ დაწერა:

„ბოლო რამდენიმე კვირაა ჰოლანდი თავს აღარ ჰგავს. ეს მოსდით ფეხბურთელებს, რომელთა კლუბი რთულ პერიოდს გადის. დიდი შანსია, კულისებში მიმდინარე ამბები მასზე იმაზე მეტად მოქმედებს, ვიდრე ჩვენ გვგონია. თუ „მანჩესტერ სიტის“ მკაცრად დასჯიან, ძნელი წარმოსადგენია, ჰოლანდმა შემდეგი ოთხი-ხუთი წელიწადი ანუ კარიერის საუკეთესო პერიოდი მას დაუთმოს, რადგან „სიტი“ გახდება კლუბი, რომელიც ტიტულებისთვის ვეღარ იბრძოლებს. ბოლო პერიოდში პრემიერლიგამ ტალანტები მოისაკლისა. დღეს ჰოლანდი პრემიერლიგაში ბოლო სუპერვარსკვლავია, რომელსაც რეგულარულად შეუძლია გოლების გატანა. ჩვენ დავკარგეთ ჰარი კეინი, კევინ დე ბრუინი და მოჰამედ სალაჰი. რაც შეეხება ჯუდ ბელინგემს, ის ინგლისური ფეხბურთის ტოპ-ლიგაში საერთოდ არ გვინახავს. ჰოლანდი ინგლისში მოთამაშე ფეხბურთელებს შორის ყველას სჯობია, ხოლო მსოფლიოში პრემიერლიგის სახეს წარმოადგენს“.
მას მერე, რაც „მანჩესტერ სიტი“ ფინანსურ დარღვევებში ამხილეს, ჰოლანდმა რამდენჯერმე სცადა გულშემატკივარი დაერწმუნებინა, რომ კლუბის ერთგულად რჩება, მაგრამ იმავდროულად ისიც განაცხადა, რომ იმ წლებში, როდესაც „სიტი“ კანონებს არღვევდა, ამ კლუბის მოთამაშე საერთოდ არ იყო. როგორც ჩანს, ნორვეგიელის მომავალი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რას მიუსჯიან „მანჩესტერ სიტის“. ზოგმა უკვე დაბეჯითებით თქვა, რომ ის ესპანეთში გადავა. ასე ბრძანა მაგალითად გარი ნევილმა პოდკასტ The Overlap-ში.
„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ერლინგ ჰოლანდი მაქსიმუმ 18 თვის მერე „რეალში“ ითამაშებს. შესაძლოა ის მადრიდში ამ სეზონის ბოლოსაც კი ვიხილოთ. ვფიქრობ, ვინისიუსი „სანტიაგო ბერნაბეუდან“ წავა, კილიან მბაპე მარცხნივ გადაიწევს და „რეალის“ ცენტრალური თავდამსხმელი ჰოლანდი გახდება“.
ნევილისგან განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს ესპანური გამოცემა „ელ ნასიონალი“, რომელიც ამტკიცებს, რომ ჰოლანდს „ბარსელონაში“ უნდა თამაში.
მაშ, „რეალი“, „ბარსელონა“ თუ „მანჩესტერ სიტი“? ამ კითხვაზე პასუხს უახლოეს თვეებში გავიგებთ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური28/11/2026 | 10:15ალისონს ხელფასის მომატება უნდა
აქეთურ-იქითური28/11/2026 | 09:33პრემიერლიგაში ერთდადერთი სუპერვარსკვლავი დარჩა?
აქეთურ-იქითური28/11/2026 | 07:50ნუნუმ ისევ ექიმებთან გადაინაცვლა
აქეთურ-იქითური27/11/2026 | 10:26ნოიერი მორალური სკანდალის გულში
