AS: „ჟორჟ მიქაუტაძემ მატეო პოლიტანოს შეცდომით ისარგებლა და „ვილიარეალის“ პირველი გოლი გაიტანა. მან გუნდის გამო ყვითელი ბარათიც მიიღო, როდესაც კევინ დე ბრუინის სახიფათო კონტრ-შეტევა წესის დარღვევით ჩაშალა. საბოლოოდ მონდომებამ დიდი ენერგია მოითხოვა და ის შეცვალეს“.
გოლი მიქაუტაძემ 23-ე წუთზე გაიტანა, 33-ზე მან ყვითელი ბარათი მიიღო, 64-ზე კი მოედანი დატოვა. „ვილიარეალმა“ „ნაპოლის“ 3:1 მოუგო. ეს იყო „ყვითელი წყალქვეშა ნავის“ პირველი გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში 1651 დღიანი ხელმოცარვის შემდეგ. უიღბლობათა მთელი სერიის მერე ესპანურ გუნდს ბედმა გაუღიმა: ქართველმა პოლიტანოს დაუფიქრებელი უკან-პასი ჩაჭრა და ვანია მილინკოვჩ-სავიჩს დატოვებულ ვიწრო დერეფანში გაუძვრინა. AS წერს, რომ ამ ეპიზოდმა ყველაფერი შეცვალა. მანამდე ინიციატივას იტალიური გუნდი ფლობდა, მე-8 წუთზე ამირ რაჰმანის გოლით 1:0-ს იგებდა კიდეც, მაგრამ ქართველის გოლმა ყველაფერი მასპინძლების სასარგებლოდ შემოატრიალა. ეს კიდევ უფრო ცხადად გამოჩნდა 26-ე წუთიდან, როდესაც ურუგვაელმა სანტიაგო მოურინიუმ შესანიშნავი დარტყმით მეორე შეაგდო.
სამწუთიან მონაკვეთში თამაშის ასეთი შემოტრიალება ბედის საჩუქარი იყო, რომლის ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა და მასპინძლებმა ის არც გაუშვეს. „ვილიარეალს“ რასაკვირველია გაუჭირდა. AS-ს აზრით გერმანელმა მსაჯმა დანიელ ზილბერტმა „ნაპოლის“ წნეხს თავისი დაამატა, როდესაც უაზრო პედანტობა გამოიჩინა და ხერარდ მორენოსა და მიქაუტაძის შეცვლის ეპიზოდში დროის გაყვანის ახალი წესი გაიხსენა, როს გამოც ინიგო პერესის ფეხბურთელები ერთ წუთზე მეტხანს მოედანზე ორი კაცით ნაკლებნი იყვნენ, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც მასპინძლებს უნდოდათ. მეტიც, ტანი ოლივასეიმ „ნაპოლის“ კარში მესამე გოლი შეაგდო.
ამის შემდეგ სამქულიან „ვილიარეალს“ ზედიზედ ორ გრანდთან უწევს შეხვედრა – სტუმრად „ლივერპულთან“ და შინ „პარი სენ ჟერმენთან“.
მატჩის შემდეგ „ნაპოლის“ მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ თქვა: „ასეთია ჩემპიონთა ლიგის ფეხბურთი. ინდომებ, ცდას არ აკლებ, მაგრამ… როდესაც ანგარიში არის 1:1, ზედიზედ მეორე გოლი არ უნდა გაუშვა“.
ინიგო პერესი: „ჩემმა გუნდმა დაამტკიცა, რომ სირთულეებზე ძალიან სწორად რეაგირებს. ეს შესანიშნავი თვისებაა. სეზონის დასაწყისში წარუმატებლობისგან გამორკვევა გვიჭირდა, დღეს კი უკვე სხვანაირადაა. დღეს ჩვენ მაღალი დონის ფეხბურთით გავიმარჯვეთ“.
ჟორჟ მიქაუტაძის თამაში სხვადასხვა საიტებმა ასე შეაფასეს:
flashscore – 7.1; sofascore – 6.9; whoscored – 6.9; fotmob – 7.3

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი14/10/2026 | 07:39ჟორჟის გოლმა ბედი მოატრიალა
აქეთურ-იქითური13/10/2026 | 08:51მწვრთნელი, რომელსაც არ სურს ფეხბურთელებს დარიგებებს აძლევდეს
მთავარი ამბავი13/10/2026 | 07:03გულთბილი შეხვედრა ქოჩორას
კატეგორიის გარეშე12/10/2026 | 09:27ვინ არ უშვებს გოლს ინგლისში?
