მბაპემ მადრიდელები გააღიზიანა

Home აქეთურ-იქითური მბაპემ მადრიდელები გააღიზიანა
მბაპემ მადრიდელები გააღიზიანა
Kylian MBAPPE of France during the Arrival of French team at INF Clairefontaine on March 23, 2026 in Clairefontaine, France.
მბაპე საფრანგეთის ნაკრებში გამოცხადდა

„რეალმა’’ ბოლო ტურში „ატლეტიკოს’’ მნიშვნელოვანი დერბი მოუგო – 3:2. ამ გამარჯვების წყალობით მადრიდელებს ჩემპიონატის დამთავრებამდე 9 ტურით ადრე ჯერ კიდევ აქვთ ოთხი ქულით დაწინაურებული „ბარსელონას’’ დაწევის იმედი, მაგრამ ცხრილი ცხრილად და მადრიდული გუნდების შეხვედრაში ერთმა ფაქტორმა მიიპყრო ესპანური პრესის ყურადღება: კილიან მბაპემ საქმისადმი უგულო დამოკიდებულება გამოამჟღავნა.

ფრანგი ვარსკვლავი ტრავმის შემდეგ მოედანს „მანჩესტერ სიტისთან’’ შეხვედრაში დაუბრუნდა. ის მატჩი ჩემპიონთა ლიგისა იყო და „რეალის’’ გამარჯვებით დასრულდა – 2:1. შემდეგ კი იყო თამაში „ატლეტიკოსთან’’, რომელშიც მადრიდელთა მწვრთნელმა ალვარო არბელოამ მბაპე მოედანზე 64-ე წუთზე შეიყვანა.

77-ე წუთზე მსაჯმა მოედნიდან „რეალის’’ ნახევარმცველი ფედერიკო ვალვერდე გააგდო. „ლოს ბლანკოსი’’ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა და სწორედ მაშინ სჭირდებოდა ყველა მოთამაშეს დაცვაში მუშაობა, რის გაკეთებაც მბაპემ არ ისურვა.

„ელ ჩირინგიტოს’’ კომენტატორმა ხოსეპ პედრეროლმა თქვა: „არბელოას ხელში ჩვენ სხვანაირ „რეალს’’ ვხედავთ. გუნდი დარბის, იბრძვის, ჩვენ წინაშეა თავდადებული „რეალი’’ და რამდენად სამწუხაროა, რომ „ატლეტიკოსთან’’ შეხვედრა გუნდმა 9 ფეხბურთელით დაამთავრა, ვალვერდესა და… მბაპეს გარეშე. მბაპეს მოედანზე შეყვანით არბელოამ ლა ლიგის ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსი ლამის დაკარგა’’.

საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი AS-ს მესვეტემ ტომას რონკერომაც გააკრიტიკა: „ის მოედანზე 25 წუთით შევიდა და მოედანზე უმიზნო ხეტიალის გარდა არაფერი გაუკეთებია. კილიანი წარმოუდგენლად ნიჭიერია, მაგრამ იმის მისახვედრად, თუ რა სჭირდება კლუბს რათა მასთან ნამდვილი კავშირი დაამყაროს და მადრიდელი გულშემატკივრის გული მოიგოს, ემპათია არ ჰყოფნის. შეცდომა ვინისიუსსაც მოსდის, მაგრამ ის ყველაფერს გულით აკეთებს, კილიანი კი იმდენად გარიყულია, რომ ტრიბუნაზე შეკრებილმა ხალხმა უკვე აღარ იცის რა იფიქროს. მბაპეს თავისი დამოკიდებულება თავიდან აქვს გასააზრებელი. მას საამისო გზა მეგობარმა ვინისიუსმა აჩვენა’’.

კრიტკოსების აზრი არ გაიზიარა „რეალის’’ მწვრთნელმა არბელოამ. მან თქვა: „როდესაც მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი გყავს, მისგან მაქსიმუმი უნდა მიიღო. როდესაც ფეხბურთელი ფაქტობრივად ერთ თვეს გამოტოვებს, მისგან პროგრესის დანახვაც კარგია. მე სწორედ ეს მომეწონა. კილიანმა კარგად ითამაშა. ის მოწინააღმდეგის კარს მუდმივად უქმნიდა ხიფათს. ახლა, სანაკრებო კვირეულში მეტ სათამაშო დროს მიიღებს და უკეთეს ფორმაში დაგვიბრუნდება’’.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.