ბოლო ტურებში „მონაკომ’’ საფრანგეთის ლიგა 1-ის ცხრილზე სერიოზული გავლენა იქონია. გუნდმა, რომელიც ევროთასებზე გასვლისთვის იბრძვის ჯერ ჩემპიონობის პრეტენდენტ „ლანსს’’ მოუგო სტუმრად 3:2, შემდეგ კი ზედ, ასევე მის მოედანზე, „პარი სენ ჟერმენი’’ დააყოლა – 3:1. მართალია, ამ წუთის სატურნირო მდგომარეობით პსჟ 25-ე ტურის შემდეგ მაინც ცხრილის სათავეში რჩება, მაგრამ „მეცის’’ დამარცხების შემთხვევაში (რაც მაინცდამაინც ძნელი არ უნდა იყოს) ჩრდილოელები მასთან ჩამორჩენას ერთ ქულამდე შეამცირებენ.
სურათის სისრულისთვის: „მონაკომ’’ „პარი სენ ჟერმენს’’ მიმდინარე სეზონში ჩემპიონატის ორივე შეხვედრა მოუგო. პირველ წრეში მატცი დამთავრდა 1:0 ანუ, საგრაფოელებმა ჩემპიონსა და ლიდერს 6 ქულა წაართვეს.
25 ტურიდან პსჟ-მ ოთხში წააგო, რაც ფრანგული საკლუბო ფეხბურთით დაინტერესებულ ხალხს აშკარად ეხამუშება.
„პარიზიენი’’ წერს, რომ პარიზელთა მნიშვნელოვანი მატჩები გაჭრილი ვაშლივით ემსგავსება ერთმანეთს. ისინი აუცილებლად უშვებენ გოლს. ასე მოხდა „მონაკოსთან’’, „სპორტინგთან’’, „ნიუკასლთან’’ (ჩემპიონთა ლიგაში), „პარიზთან’’ (საფრანგეთის თასზე) და ისევ „მონაკოსთან’’, „სტრასბურთან’’ და „რენთან’’ (ლიგა 1-ში). ჩამოთვლილი მატჩებიდან ლუის ენრიკეს შეგირდებს ყველა არ წაუგიათ, მაგრამ უკლებლივ ყველაში ვნახეთ დაცვის უხეში შეცდომა, როგორიც „მონაკოსთან’’ შეხვედრის პირველ ტაიმში უორენ ზაირ-ემერის მოუვიდა.
„პარიზიენის’’ აზრით, პსჟ-ს თავდამსხმელები ათლეტურ მონაკოელებს ბურთის თავიანთი საჯარიმოდან იოლად გამოტანის საშუალებას აძლევდნენ, რასაც მოსდევდა ნახევარმცველების ცუდი თამაში დაზღვევაზე – ისინი წინ წასული მცველების ადგილებს არ იკავებდნენ. ფაბიან რუისის ტრავმა გუნდისთვის სერიოზულ პრობლემად იქცა, დრო ფერნანდესი კი ჯერ კარგად ვერ ეწერება გუნდში და ფიზიკურადაც სუსტი ჩანს. 18 წლის ესპანელი ფეხბურთელი არა მარტო „პარიზიენის’’, არამედ მთელი ფრანგული პრესისს კრიტიკის ობიექტად იქცა. კორეელი კანგ-ინ ლი კი ალბათ გაოცებულია: რა უნდა გააკეთოს კიდევ, რომ სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა დაიმსახუროს? მაგალითად, „ლე ავრთან’’ ის თავიდანვე ათამაშეს და აკი ერთადერთი საგოლე პასი შეასრულა.
კრიტიკის ობიექტი გახდა დეზირე დუეც. ითქვა, რომ 0:1-ზე პარიზელებს ანგარიშის გაქვითვა შეეძლოთ, მაგრამ ისევე როგორც ბოლო პერიოდის ბევრ შეხვედრაში, გოლის გატანის საქმეში ამჯერადაც მოისუსტებდნენ. მართალია 0:2-ის შემდეგ (სტუმართა გოლები გაიტანეს მანიე აკლიუშმა და ალექსანდრ გოლოვინმა) ბრედლი ბარკოლამ სხვაობა შეამცირა, მაგრამ მასპინძლებმა შეხვედრის ეფექტურად დამთავრება ვერ შეძლეს და ამერიკელმა ფლორიან ბალოგანმა მატჩის საუკეთესო მოთამაშის აკლიუშის პასით შეხვედრას წერტილი დაუსვა.
როგორ შეაფასა ფრანგულმა მედიამ ხვიჩა კვარაცხელიას თამაში?
Footmercato (3): კატასტროფული პირველი ტაიმის შემდეგ, როდესაც რამდენიმე შესაძლებლობა გაანიავა, ქართველი მოედანს განახლებული იმედით დაუბრუნდა. 50-ე წუთზე საუცხოო გოლის გატანა შეეძლო. რამდენიმე ეპიზოდში უფრო ეშმაკურადაც შეეძლო ემოქმედა. სულელური შეცდომების გამო ძალიან ხშირად კარგავდა ბურთს. თავისი მოკრძალებული შეტევებით მეტოქეს რეალურ საფრთხეს ვერ უქმნიდა. როდესაც მის ნაცვლად მოედანზე უფრო მწვავე ოსმან დემბელე შევიდა, გუნდის თამაში გაუმჯობესდა.
maxifoot (4.5): ქართველი გარემარბი დრიბლინგითა და ინიციატივით ბალანსის დარღვევას ცდილობდა. საჯარიმოში შესრულებული „რულეტის’’ შემდეგ კარგ საგოლე პოზიციაზე გავიდა, მაგრამ დარტყმა გამოუვიდა არაზუსტი. ცოცხლად კი იყო, მაგრამ მეტოქის საჯარიმოსთან სიზუსტე აკლდა.
flashscore – 7.2; whoscored – 6.2; sofascore – 7.0; fotmob – 6.6
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი01/08/2026 | 07:39ინფანტინომ უკან დაიხია!
აქეთურ-იქითური31/07/2026 | 16:12დინამო მუზეუმში
მთავარი ამბავი31/07/2026 | 15:53ქოჩორა სევილიასაც მოუნდა
აქეთურ-იქითური31/07/2026 | 09:25რატომ სადილობს ლუიშ კამპუში ფეხბურთელებთან?
