კილიან მბაპე დიდი ფეხბურთელია, მაგრამ ხშირად სხვადასხვა ხასიათის სკანდალში ეხვევა. „რეალის“ ვარსკვლავი ამ დღეებში პოლიტიკური ხმაურის ობიექტი გახდა. საქმე ის გახლავთ, რომ ესპანურმა კლუბებმა ჩაიცვეს მაისურები, რომლებზეც სეუტას მოსახლების მხარდამჭერი ლოზუნგი ეწერა, ფრანგმა კი ეს მაისური ისე მოირგო, რომ ლოზუნგი კარგად არ ჩანდა.
სეუტა გახლავთ ესპანეთის ავტონომიური ქალაქი ჩრდილოეთ აფრიკაში, ნახევარანკლავი მაროკოს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, გიბრალტარის სრუტის აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც მიგრანტები საზღვრის გადალახვას და ევროპაში მოხვედრას ცდილობენ. ბევრი იღუპება.

ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა მბაპე და „რეალის“ კიდევ ორი ფეხბურთელი, ვინისიუს ჟუნიორი და იბრაჰიმა კონატე ხსენებული მაისურის განზრახ არასწორად ჩაცმის გამო გააკრიტიკა კიდეც. მაისურებზე ეწერა Todos somos caballasანუ ჩვენ ყველანი სეუტელები ვართ.
ესპანურ საზოგადოებაში ფეხბურთელების პროტესტს აღშფოთება მოჰყვა, რის გამოც მბაპეს AS-თან ინტერვიუში თავისი გადაწყვეტილების ახსნა დასჭირდა.
„მინდა ყველას ავუხსნა: ასეთი მაისურის ჩაცმა კლუბის გადაწყვეტილება იყო და ფეხბურთელები მას უნდა დავმორჩილებოდით. ესეც არ იყოს, მე ჯერ ადამიანი ვარ და მერე ფეხბურთელი. რასაკვირველია, სოლიდარობას გამოვხატავ სეუტას მოსახლეობის მიმართ, მაგრამ ასევე სიმპათიით ვარ განწყობილი იმ მიგრანტების მიმართ, რომლებიც ამ რთულ ვითარებაში დაიღუპნენ. უნდა ჩამეცვა თუ არა ეს მაისური? ეს რთული გადასაწყვეტი იყო. ხალხს შეიძლება ეფიქრა, რომ მე სეუტას მოსახლეობის წინააღმდეგ გამოვდივარ, არადა მათი საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერი მაქვს. მე მათ 100%-ით ვუჭერ მხარს, მაგრამ მინდა იმ ადამიანებზეც ვიფიქროთ, რომლებიც იტანჯებიან. როგორც ჰუმანისტს მე ამ ტანჯვის პოლიტიზირება არ მინდა. მე ის კაცი ვარ, ვისაც სურს უკეთეს მსოფლიოში იცხოვროს. იმედი მაქვს, რომ ვითარება მალე გამოსწორდება“.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 07:09მბაპემ ლოზუნგი არ გამოაჩინა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 14:13რონალდ კუმანს მეუღლე გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 11:00რენი ჩივის – პარიზში თამაში არ უნდა
სიახლეები16/09/2026 | 08:49ტოპმიოლერი გააგდეს!