ირაოლა მამარდას შესახებ…

ირაოლა მამარდას შესახებ…

გიორგი მამარდაშვილმა „ტოტენჰემთან“ თამაშის გამო მწვრთნელის ანდონი ირაოლას ქება დაიმსახურა. This is Anfield-მა დაწერა, რომ შეიძლება „ლივერპულში“ ქართველ მეკარეს ალისონის მემკვიდრედ აღარ განიხილავენ, მაგრამ მას გუნდში ჯერ კიდევ დიდი როლი ენიჭება. საიტი შეგვახსენებს, რომ მერსისაიდელებმა ზაფხულის სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე ცოტა ხნით ადრე ბელგიელი ლუკა ბურგმანსი იყიდეს (ის გუნდს შემდეგი სეზონიდან შეუერთდება) და კლუბში სავარაუდოდ ახლა უკვე მას განიხილავენ ალისონის მემკვიდრედ. ამის გამო, როდესაც ირაოლამ ლიგის თასის შეხვედრაში კარის დაცვა დაავალა, მამარდაშვილი შეიძლებოდა აღელვებულიყო და დაბნეულიყო, მაგრამ მან თავი ხელში აიყვანა და საკმაოდ ძლიერი თამაში შემოგვთავაზა.  

მატჩის შემდეგ „წითლების“ თავკაცმა Sky Sports-თან ინტერვიუში თქვა: „ჩვენ გვინდა ყველა ეტაპზე კარგად ვითამაშოთ და წინ წავიწიოთ. დღეს ამაში ყველამ შეიტანა თავისი წვლილი. მახსოვს, შეხვედრის საკვანძო მომენტში რა დიდებულად ითამაშა გიორგიმ. მე მის მაგივრადაც მიხარია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია შეძლებისდაგვარად ბევრი ფეხბურთელი გვყავდეს მზად. ოთხ შეჯიბრებაში ვმონაწილეობთ და სეზონის განმავლობაში ყველა დაგვჭირდება“.

This is Anfield წერს, რომ მამარდაშვილი „ტოტენჰემის“ გოლის დროს შეცდა და კუთხურიდან ჩაკიდებულ ბურთს მოწინააღმდეგეების მიერ შებოჭილი ვეღარ შეწვდა, რის გამოც კონორ გალაჰერმა ის თავით კარში შეაგდო, მაგრამ სხვა მხრივ ქართველმა ძლიერად ითამაშა. 25 წლის გოლკიპერმა ხუთი დარტყმა მოიგერია – გოლის არ-გაშვების კოეფიციაენტი ჰქონდა 1.26. გარდა ამისა მან აქტიური მონაწილეობა მიიღო ლივერპულელთა დაცვის ხაზის წინ გადაწევის საქმეში, თუმცა პასების სიზუსტე ჯობდა უკეთესი ჰქონოდა – თანაგუნდელებამდე მისი გადაცემების მხოლოდ 65% მივიდა. და მაინც, საიტი წერს, რომ მამარდაშვილის მთავარი ამოცანა ბურთის მოგერიებაა. ESPN-ის ჟურნალისტმა ბეთ ლინდოპმა კარგად შეამჩნია, თუ როგორ აღნიშნეს მისი თამაში „წითლების“ სათადარიგოთა სკამზე. შესაძლოა „ტოტენჰემთან“ შეხვედრა ქართველისთვის საკუთარი თავის რწმენის აღდგენისა აღმოჩნდეს.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.