ახლოვდება ბარსა vs პსჟ

Home კატეგორიის გარეშე ახლოვდება ბარსა vs პსჟ
ახლოვდება ბარსა vs პსჟ

„პარი სენ ჟერმენსა’’ და „ბარსელონას’’ შორის სეზონის პირველი დაპირისპირება ორშაბათს პარიზში, „შატლეს’’ თეატრში გაიმართა: „ფრანს ფუტბოლის’’ „ოქროს ბურთი’’ პსჟ-ს ვარსკვლავ ოსმან დემბელეს გადაეცა. მისი კონკურენტი „ბარსას’’ შემტევი ლამინ იამალი გახლდათ. როგორი იქნება მომდევნო დაპირისპირება? ესპანეთში სპორტში ძალმომრეობოს, რასიზმის, ქსენოფობიისა და შეუწყნარებლობის ეროვნული კომისიის მუდმივმოქმედმა კომიტეტმა გუნდებს შორის მოახლოებული ჩემპიონთალიგური დაპირისპირება მაღალი რისკის ღონისძიებების რანგში გაიყვანა. ეს ცნობა „მუნდო დეპორტივომ’’ გაავრცელა.

„ბარსელონას’’ და „პარი სენ ჟერმენის’’ შეხვედრა 1 ოქტომბერს „მონჟუიკზე’’ გაიმართება. რაკი მას მაღალი რისკის კატეგორია მიენიჭა, დაიგეგმა უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებები. ისინი დაკავშირებული იქნება ბილეთების გაყიდვასთან, სტადიონზე ფანების დაშორიშორებასთან და ტერიტორიაზე შესვლისას კონტროლის გამკაცრებასთან. სამართალდამცველები ყურადღებით იქნებიან სარბიელის გარშემო პერიმეტრზეც.

შეხვედრა ყურადღებას იპყრობს კიდევ რამდენიმე მიზეზის გამო: მოედანს დაუბრუნდება გამოჯანმრთელებული დემბელე; ბარსელონას დაუბრუნდება მწვრთნელი ლუის ენრიკე. ერთიც და მეორეც ადრე „ბლაუგრანას’’ წევრები იყვნენ. თუმცა, ნაცნობ გარემოში ეს მათი პირველი გამოჩენა არ იქნება. „პარი სენ ჟერმენში’’ გადასვლის შემდეგ მათ 2023-24 წლების სეზონში უკვე მოუწიათ კატალონიის დედაქალაქში ჩასვლა. მაშინ პსჟ-მ პირველ შეხვედრაში 2:3 წააგო, საპასუხოში კი 4:1 გაიმარჯვა. ეს იყო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი.

ამ ორი კლუბის დაპირისპირებიდან დაუვიწყარი იყო კიდევ ერთი, რომელიც 2017 წელს შედგა. მაშინ პარიზში პარიზელებმა 4:0 მოიგეს, მაგრამ ბარსელონაში „ბლაუგრანამ’’ 6:1 შემოატრიალა. იმ შეხვედრაში „ბარსელონას’’ სწორედ ლუის ენრიკე ედგა სათავეში.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.