„ჩამოსვლის დღიდან მოედანზე თუ მის მიღმა არაფერი დავიშურე რათა გუნდში ადგილი დამემკვიდრებინა და დღენიადაგ ამაყად ვიცადი „პარი სენ ჟერმენის’’ კარს’’, ― ამ სიტყვებით იწყება ჯანლუიჯი დონარუმას პოსტი ინსტაგრამზე. სამშაბათს, 12 აგვისტოს, 26 წლის გოლკიპერმა, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა და მსოფლიოს კლუბთა ჩემპიონატის ფინალისტმა განაცხადა, რომ პარიზული კლუბიდან მიდის. მის ადგილს „ლილის’’ ყოფილი მეკარე ლუკა შევალიე დაიკავებს.
დონარუმამ დასძინა: „სამწუხაროდ, ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ მე გუნდის წევრი აღარ უნდა ვიყო და მის წარმატებებში წვლილი აღარ უნდა შევიტანო’’.
იტალიელი ამბობს, რომ ის გულაცრუებული და დაღონებულია, მაგრამ იმედოვნებს, რომ „პარკ დე პრენსზე’’ გასვლის და გულშემატკივრისთვის თვალებში შეხედვის ბოლო შანსი მიეცემა. მას სურს პარიზელ ქომაგს ღირსეულად დაემშვიდობოს.
იმავე საღამოს, ცოტა ადრე, მწვრთნელმა ლუის ენრიკემ შეძლებისდაგვარად მოკლედ განმარტა თავისი გადაწყვეტილების შესახებ:
„ჩვენ ყოველთვის რთული გადაწყვეტილებების მიღება გვიწევს. ჯიჯო ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე და კიდევ უფრო უკეთესი ადამიანია, მაგრამ ჩვენ სხვანაირ გოლკიპერს ვეძებდით. დონარუმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მე მივიღე. იმავდროულად ეს კლუბის გადაწყვეტილებაცაა, რადგან კლუბი მე მხარს მიჭერს. ჩვენ საუკეთესო გამოსავლის ძიებაში ვიყავით. თუ ჯიჯოს დონეს გავითვალისწინებთ, რასაკვირველია ეჭვი გაგვიჩნდება, რომ აქ მიზეზი სხვა რამ არის, მაგრამ ჩემი მიზანი ყოველთვის გუნდის თამაშის დახვეწაა და მეტი არაფერი’’.
თანაგუნდელის გაშვებასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება გამოთქვა ბრაზილიელიმა ვეტერანმა მარკინიოსმაც. მან თქვა:
„12 თუ 13 წელიწადია რაც „პარი სენ ჟერმენში’’ ვარ და მინახავს ფეხბურთელები, რომელთაც იგივე გზა გაიარეს. ისინი იყვნენ წამყვანი მოთამაშეები, რომელთაც გუნდის დატოვება მოუხდათ. რას იზამ, ასეთია ცხოვრება, ეს ფეხბურთია. ჩვენ ფეხბურთელებს ერთადერთი რაც დაგვრჩენია ის არის, რომ სანამ გუნდში ვართ მისთვის ყველაფერი გავიღოთ. ერთ მშვენიერ დღეს მეც წავალ. მოთამაშეები მიდიან და მოდიან, კლუბი კი რჩება. ჯიჯომ და სხვებმა „პარი სენ ჟერმენის’’ ისტორიაში თავიანთი კვალი დატოვეს. ფინალში დონარუმას წყალობით გავედით. თუ ის დარჩება, გაშლილი ხელით შევეგებებით, მაგრამ თუ წავა, მთელი გულით მადლობას გადავუხდით. ჯიჯო დიდებული მეგობარი და დიდი ლიდერია. მისი წასვლა ძალიან დამწყვეტს გულს, მაგრამ ასეა, მოთამაშეები მიდიან და მოდიან. ეს ფეხბურთია’’.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური12/11/2026 | 07:07ბერნალი: მაინც ბარსა სჯობია პსჟ-ს
აქეთურ-იქითური11/11/2026 | 10:01ელექტროშოკი მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ თამაშამდე ორი დღით ადრე
მთავარი ამბავი11/11/2026 | 08:46ალისონის და შესაბამისად მამარდაშვილის შესახებ
აქეთურ-იქითური11/11/2026 | 07:19მბაპე საფრანგეთის ნაკრების პრობლემაა?
