„ლიონმა’’ პრე-სეზონი დაასრულა და ახლა ლიგა 1-ის პირველ ტურში „ლანსთან’’ სტუმრობაზეა მობილიზებული. შეხვედრა შაბათს, საქართველოს დროით 19 საათზე გაიმართება. მოგეხსენებათ, „გონებს’’ ფინანსური თვალსაზრისით ცუდად ჰქონდათ საქმე, კინაღამ ლიგა 2-ში გააგდეს, თუმცა მოედანზე არა უშავთ. foot01 წერს, რომ ჟორჟ მიქაუტაძემ ამ ზაფხულს ალექსანდრ ლაკაზეტის საუდის არაბეთში წასვლით ისარგებლა და ლიონელთა განახლებული გუნდის მთავარი ბომბარდირის პოზიცია დაიმკვიდრა. Le Progrès-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ქართველმა იმედი გამოთქვა, რომ ახალ სეზონში საქმე ისევე კარგად წაუვა, როგორც მოსამზადებელ პერიოდში.
„მეტი ზეწოლა? არა, ყველაფერი ძველებურადაა. მე „ლიონის’’ ნამდვილი 9 ნომერი ვარ, მაგრამ წნეხს ვერ ვგრძნობ. გასულ სეზონში აქ ალექსი (ლაკაზეტი) თამაშობდა და მე ყველა შესაძლებლობის გამოყენება მიხდებოდა, რათა ჩემი უნარები მეჩვენებინა’’ ― თქვა „მეცის’’ ყოფილმა ფეხბურთელმა. ის აგრეთვე ამბობს, რომ მწვრთნელმა პაულუ ფონსეკამ სეზონისწინა ვარჯიშებზე ისეთი კომბინაციები დაამუშავებინა, მომავალ მატჩებში თავისი საუკეთესო თვისებები რომ გამოამჟღავნოს, თუმცა დრო საკმარისი მაინც არ იყო და ზოგიერთ თანაგუნდელთან შეთანხმებული მოქმედებები ავტომატიზმამდე ჯერ ვერ აიყვანა.
„თავდამსხმელი გუნდს დაცვაში უნდა ეხმარებოდეს. ჩვენ ამას მით უფრო მეტად ვაკეთებთ, რაც უფრო მეტად გვწამს, რომ მატჩის მსვლელობისას გოლის გატანის შესაძლებლობები მოგვეცემა. ხოლო თუ ჩვენ გოლს არ გავუშვებთ…
გუნდში ყველა ენაზე ვლაპარაკობთ: ინგლისურად, პორტუგალიურად, ესპანურად, ქართულად, ჩეხურად და სეზონისწინა მომზადებით ნამდვილად კმაყოფილები ვართ. მწვრთნელის ხელმძღვანელობით მართლა ბევრი სიახლე დავნერგეთ. გვაქვს ახალი სისტემები’’ ― თქვა მიქაუტაძემ.
foot01 წერს, რომ მართალია ქართველი ამბობს თითქოს ზეწოლას ვერ გრძნობს, მაგრამ ეს შეუძლებელია. მისგან ხომ ყველა აფეთქებას და ფოიერვერკს ელის. ის ახლა ვალდებულია „ლიონის’’ ბომბარდირი გახდეს.
საიტი იმასაც წერს, რომ გუნდის ხელმძღვანელობის აზრით მას მაინც აკლია რაღაც და სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე შეეცდება კიდევ ერთი თავდამსხმელი შეიძინოს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 14:14დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 10:57დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?
მთავარი ამბავი17/06/2026 | 09:12მესი! მესი! მესი!
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
