საფრანგეთში ტოპ 14 დაიწყო – ევროპის უძლიერესი სარაგბო ჩემპიონატი. პრო დ2-ში კი მეორე ტური შედგა. მთავარ ლიგაში ვანო კარკაძემ და სერგო აბრამიშვილმა სეზონი ლელოებით გახსნეს, ხოლო თედო აბჟანდაძემ ზუსტი დარტყმების შესრულება ამ ტურშიც გააგრძელა.
ტოპ 14
გასულ უქმეებზე ორ ბორჯღალოსანს დებიუტი როგორც ახალ კლუბში ჰქონდა, ისე ზოგადად ტოპ 14-ში. ბურჯი გიორგი ახალაძე თავის „კლერმონს“ „პოს“ განადგურებაში (39:7) დაეხმარა, ხოლო ბექა შვანგირაძემ „ლიონის“ 8 ნომრად დამაჯერებლად ითამაშა და „მონპელიესთან“ გასვლით გამარჯვებაში (26:22) წონადი წვლილი შეიტანა.
ხსენებულ მატჩში მასპინძელთა შემადგენლობაში შეცვლაზე შესულმა ბოპრჯღალოსანმა კვაჭმა ვანო კარკაძემ ლელო გაიტანა და თავის გუნდს ბონუს-ქულა გადაურჩინა – 63-ე წუთზე ვანო შემტევ მოლს ბურთიანად მოწყდა და ლელოში შეფრინდა. ეს იყო კარკაძის მე-6 ლელო ტოპ 14-ში გამართულ 49 მატჩში.
ჰო, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ მატჩის კიდევ ერთმა მონაწილემ, „ლიონის“ ბორჯღალოსანმა ფლანკერმა ბექა საღინაძემ შესანიშნავი თამაშისთვის ტურის სიიმბოლურში შესვლა დაიმსახურა.
კიდევ ერთი ქართული ლელო ბორდოში გავიდა, სადაც მასპინძლებმა „სტად ფრანსე“ 20-ქულიანი სხვაობით (46:26) კი დაამარცხეს, მაგრამ ბონუსს ვერ გაწვდნენ. პარიზელთა ამომავალმა ვარსკვლავმა სერგო აბრამიშვილმა 49-ე წუთზე მრავალფაზიანი შეტევა ბურთის რაქიდან ატაცებით და ლელოში შევარდნით დააგვირგვინა. ეს იყო გუშინდელი იუნიორის მე-3 ლელო ტოპ 14-ის 21 მატჩში.
ტოპ 14-ის პირველ ტურში სულ 13-მა ჩვენებურმა მიიღო მონაწილეობა, აი, პრო დ2-ში კი…
პრო დ2
პრო დ2-ი კი ყველა დროის რეკორდი დამყარდა – ტურის 8 მატჩში 25-მა (!) ქართველმა ითამაშა. მათ შორის იყო ერთი დებიუტანტიც.
საქართველოს 20-წლამდელთა შარშანდელი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი რატი ზაზაძე „ნევერის“ სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და ოიონაქსში პირველი ტაიმი ჩაატარა. რატიმ პროფესიონალთა შორის პირველად ითამაშა და ეს მისალოცი ამბავია. „ნევერმა“ კი ვასილ ლობჟანიძის გუნდთან 19:24 წააგო და ბონუსს გამორჩა.
„ბრივმა“ ანგულემში 28:25 მოიგო და 2 გამარჯვებით 5 ლიდერს შორის დამკვიდრდა. ბრიველთა სასტარტოში ერთბაშად 4 ქართველი იყო, მათ შორის – გიორგი შველიძეც, რომლელსაც შთამბეჭდავი თამაში ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრით დაუფასდა.
„ორიაკის“ სასტარტო შემადგენლობაში უფრო მეტი ჩვენებური იყო – 5. პლუს ამას – შეცვლაზე კიდევ ერთი ქართველი შევიდა, ხოლო ძირითადმა მგეზავმა თედო აბჟანდაძემ კვლავ დამაჯერებლად ითამაშა, მით უმეტეს, რომ ამჯერად მის მხარდამხარ მთელი 80 წუთი მიხრილ ალანია იყო. თედომ „კოლომიესთან“ გასვლით ჯახში (19:22) ზუსტად ურტყა კარში და გუნდის მიერ დაგროვილი 19 ქულიდან 11 პირადად გააკეთა – 3 ჯარიმა და 1 გარდასახვა. სეზონის 2 მატჩში მას უკვე 25 ქულა აქვს მოხვეჭილი, ხოლო ჯამურად პრო დ2-ში მისი მონაგარი 22 თამაშში 124 ქულას შეადგენს.
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე14/04/2026 | 13:24შიოშვილი, გიგაშვილი და ჭუმბაძე…
დავთარი06/04/2026 | 19:041 ევროპული და 5 ფრანგული
დავთარი02/04/2026 | 20:08შორეული იმედები
დავთარი30/03/2026 | 17:15შიოშვილმა ფრანგული ანგარიშიც გახსნა
