ეს ამბავი იმით დაიწყო, რომ ვიღაცას აეროპორტში მისვლა დაავიწყდა, თუ დაეზარა, თუ საჭიროდ არ ჩათვალა. მერე კი იფიქრა, რომ უხერხულობიდან საუკეთესო გამოსავალი გაღმა შედავება იქნებოდა.
31 მაისი. 11:14 საათი
ტელეკომპანია „პირველი“ აჩვენებს ლიეტუვას რაგბის კავშირის პრეზიდენტის ინტერვიუს. სატელეფონო საუბარში პრეზიდენტი ამბობს: „როცა ჩამოვფრინდით, არავინ დაგვხვდა… არ მინდა კიდევ ბევრი ცუდი რამ ვთქვა… ეს იყო ყველაზე დიდი უპატივცემულობა, როგორც ლიეტუვას რაგბის კავშირისთვის, ასევე ქვეყნისთვის… ჩამოვედით საქართველოში და ერთი პირიც კი არ გამოგვიყვეს, ვინც დაგვხვდებოდა.“


31 მაისი. 20:34 საათი
იმავე ტელეკომპანიის ეთერში რაგბის კავშირი კატეგორიულად უარყოფს ლიეტუველების ბრალდებებს.
„ეს არის უსაფუძვლო ბრალდებები, თქვენ გაქვთ მცდელობები ლაფი დაადოთ ქართულ რაგბს“ – ნიკა ალავიძე, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი.
ამავე სიუჟეტში ნაჩვენებია მოწვევის წერილი, რომელიც საქართველოს რაგბის კავშირიდან არის გაგზავნილი.
31 მაისი. 23:44 საათი
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სპორტულ გადაცემაში რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი ლაშა ხურციძე ასევე კატეგორიულად უარყოფს ფაქტს და ლიეტუველებს „დაუპატიჟებლად ჩამოსვლაში“ ადანაშაულებს:
„ლიტვის ნაკრები ჩამოვიდა თვითონ, ისე, ყოველგვარი მომართვის გარეშე, მოწვევის გარეშე. ჩამოვიდნენ, გამოგვეცხადნენ.“
1 ივნისი, 11:22 საათი
„სარბიელი“ აქვეყნებს სტატიას, რომელშიც მოტანილია ხურციძის ციტატა ლიეტუველების დაუპატიჟებლად ჩამოსვლის შესახებ და მისივე ხელმოწერილი წერილის ფოტოასლი, რომლითაც დასტურდება, რომ ტელევიზიებით გაკეთებულ უარმყოფელ განცხადებამდე 11 დღით ადრე პირადად მან მოიწვია საქართველოში ლიეტუვას ნაკრები.
1 ივნისი, 21:50 საათი
რაგბის კავშირი საიტზე აქვეყნებს ლიეტუვადან მიღებულ წერილს, რომლითაც ვიგებთ, რომ „მომხდარს აღვიქვამთ როგორც მცირედ გაუგებრობას, რომელიც უკვე გავარკვიეთ და მოვაგვარეთ.“
ამგვარად, საქართველოს რაგბის კავშირმა 34 საათის და 36 წუთის შემდეგ „გაუგებრობის“ ფაქტი აღიარა, ოღონდ ისე, რომ თავად რაიმე განმარტება არ გაუკეთებია და მეორე მხარეს ათქმევინა, რომ ყველაფერი „უკვე გაარკვიეს და მოაგვარეს“.
როგორც ჩანს, რაგბის კავშირში ლიეტუველებთან საქმე „დაალაგეს“. იმედია, ოდესმე ამ კითხვასაც გასცემენ პასუხს: რატომ ამტკიცებდნენ, რომ ლიეტუველები დაუპატიჟებლად ჩამოვიდნენ, როცა მოწვევის წერილი თავადვე გაუგზავნეს.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები29/06/2026 | 15:20ლატვიასთან ლიდერების გარეშე
მთავარი ამბავი25/06/2026 | 22:58ბოლქვაძე უიმბლდონის ძირითადშია
სიახლეები25/06/2026 | 01:10უიმბლდონზე ბოლქვაძე დაგვრჩა
მთავარი ამბავი21/06/2026 | 23:04საქართველო ლატვიაში გაფრინდა
