Breaking News

მესის ჰეთ-თრიკი რეალისთვის კარგია?

სტატისტიკოსები ამბობენ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ შეხვედრაში, „ეინდჰოვენთან”, ლეო მესის მიერ შესრულებული ჰეთ-თრიკი შესაძლოა „რეალისთვის” კარგი ნიშანი იყოს.

მოგეხსენებათ, „ბარსელონამ” ჰოლანდიელ სტუმრებს „კამპ ნოუზე” 4:0 მოუგო. სამი გოლი მესიმ შეაგდო, ერთიც — ოსმან დემბელემ. არგენტინელმა პირველი შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით გაიტანა; მეორე გაუჩერებლად — მეტად ტექნიკური დარტყმით, მესამე კი დაახლოებით 15-20 მეტრიდან. ამრიგად, „ბლაუგრანას” ლიდერი გახდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მეორე ფეხბურთელი, რომელმაც ზედიზედ მე-14 სეზონში გაიტანა გოლი. პირველი ჯერჯერობით „რეალის” ლეგენდა რაული გახლავთ. გარდა ამისა მესი გახდა ჩემპიონთა ლიგაში შესრულებული ჰეთ-თრიკების რეკორდსმენი — „ეინდჰოვენთან” ერთ თამაშში გატანილი სამი გოლი მისთვის უკვე მერვე შემთხვევა იყო.

„მესისთვის ეს ნორმალურია, რადგან მან ასეთ რაღაცებს მიგვაჩვია. ჩვენთვის, დანარჩენებისთვის ეს ფენომენალური შედეგი იქნებოდა, ლეო კი არაორდინარულს ყოველდღიურობად აქცევს” — თქვა „ბარსელონას” მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ.

მაგრამ, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, სტატისტიკოსების აზრით მესის მიერ ლიგის ჰეთ-თრიქით დაწყება შეიძლება „ბარსელონასთვის” კი არა, „რეალისთვის” იყოს კარგი. საქმე ის არის, რომ აქამდე ორი შემთხვევა იყო (2013-14 და 2016-17), როდესაც არგენტინელმა პირველ შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა და ორივეჯერ ბოლოს მადრიდელებმა იზეიმეს…

 

ირაკლი ნინიძე

ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...