ჰაინკესმა ლევანდოვსკის თითი უქნია (ვიდეო)

Home კატეგორიის გარეშე ჰაინკესმა ლევანდოვსკის თითი უქნია (ვიდეო)
ჰაინკესმა ლევანდოვსკის თითი უქნია (ვიდეო)

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „რეალთან” მწარე დამარცხების შემდეგ „ბაიერნი” ბუნდესლიგას დაუბრუნდა და კიოლნში 3:1 გაიმარჯვა. ამ ამბავში აღსანიშნავი არაფერი იქნებოდა ერთი ინციდენტი რომ არა: 77-ე წუთზე იუპ ჰაინკესმა რობერტ ლევანდოვსკი შეცვალა — მის ნაცვლად მოედანზე სანდრო ვაგნერი შეიყვანა — განაწყენებულმა ლევანდოვსკიმ კი მოედნიდან გასვლისას მწვრთნელს ხელი არ ჩამოართვა. უფრო სწორედ, მხოლოდ ჰაინკესის ასისტენტ პეტერ ჰერმანს მიუტყაპუნა ხელი.

გულშემატკივარი დაჩვეულია, რომ ასეთ ეპიზოდებს მწვრთნელები არ იმჩნევენ. ისინი ან მერე, ხალხის თვალისგან შორს აგვარებენ ფეხბურთელთან პრობლემას ან დროს ბუნებრივად მიაქვს წყენა და ყველაფერი თავისთავად ლაგდება. მაგრამ, ჰაინკესი მეტად ავტორიტეტული და ასაკოვანი მწვრთნელია იმისათვის, რომ ასე მოიქცეს. მან პოლონელი იქვე, სათადარიგოთა სკამთან გააჩერა და აღმართული საჩვენებელი თითით განუმარტა რაღაც, რის მერეც ლევანდოვსკიმ კეთილი ინება და მართალია მოღუშული სახით, მაგრამ მწვრთნელსაც მოუთათუნა მკლავზე ხელი.

ჰეინკესმა „ბილდთან” ამ ეპიზოდის კომენტირებისას თქვა: „ფეხბურთელის შეცვლას ამ კლუბში ყოველთვის მწვრთნელი წყვეტდა. ჩვენ, თავდამსხმელები ეგოისტები ვართ. გოლზე ფიქრი ყველაფერს ძალავს. ვიცი, ლევის უნდა ევროპის საუკეთესო ბომბარდირი გახდეს და სადღაც მისი მესმის, მაგრამ ამ გუნდში ბოსი მე ვარ და არა ვინმე სხვა”.

„კიოლნთან” შეხვედრაში რობერტ ლევანდოვსკიმ გოლი გაიტანა. ეს იყო „ბაიერნის” შემადგენლობაში ჩატარებულ 193 შეხვედრაში მისი 150-ე გოლი, მაგრამ ბავარიელთა შეფებს არ გამოჰპარვიათ, რომ „რეალის” წინააღმდეგ პოლონელმა ვერც მიუნხენში იყოჩაღა და ვერც მადრიდში.

ამავე შეხვედრაში ანტირეკორდი დაამყარა 22 წლის მცველმა ნიკლას შულემ, რომელმაც მიმდინარე სეზონში უკვე მესამედ გაიტანა გოლი თავისი გუნდის კარში. პირველად მან ეს „ვერდერთან” გააკეთა, შემდეგ კი „აუგსბურგთან”.

 

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...