ბრაზილიის ნაკრებისა და „რეალის” ლეგენდა რობერტო კარლოსი ამბობს, რომ მის თანამემამულე რონალდოს — ლუის ნაზარიო დე ლიმას — ვერც ლეო მესი შეედრება და ვერ კრიშტიანუ რონალდუ.

კარიერის განმავლობაში, კარლოსი ფენომენ რონალდოსთან ერთად ეროვნულ გუნდშიც თამაშობდა და კლუბშიც. მათ ერთად უდიდესი სანაკრებო და საკლუბო ჯილდოები მოიპოვეს — გახდნენ მსოფლიოს ჩემპიონები, მოიგეს ჩემპიონთა ლიგა და სხვა არაერთ ტიტულს გამოკრეს ხელი.

დღეს, რობერტო კარლოსი 47 წლისაა. ბუნებრვია, ის თანამედროვე ფეხბურთში მიმდინარე მოვლენებს თვალს ადევნებს და ამბობს, რომ მართალია, მესიცა და კრიშტიანუც ძალიან ძლიერი ფეხბურთელები არიან, მაგრამ მის დიდ თანაგუნდელთან ვერ მივლენ.

„ვარჯიშებზე რონალდო ცალკე იდგა, — იგონებს ზღაპრული დარტყმის მქონე მარცხენა მცველი, — მას ვერავინ შეედრებოდა. სხვა „რონალდო ფენომენო” აღარასოდეს იარსებებს. რის ნეიმარი, კრიშტიანუ ან მესი. რონალდო უნიკალური იყო.

ვფიქრობ, ჩვენს თაობაში გოლების გატანა უფრო ძნელი იყო, რადგან მცველები უფრო ძალისმიერად თამაშობდნენ, ხოლო თავდამსხმელები დღევანდელთან შედარებით დაუცველები იყვნენ. თუმცა, რონალდოს ყველაფერი შეეძლო”.

შემდეგ რობერტო კარლოსმა ილაპარაკა მესისა და კრიშტიანუს შემდგომ პერიოდზე, რომელიც არცთუ ისე შორს ჩანს.

„ვფიქრობ, მესი და კრიშტიანუ მწვრვალზე კიდევ, დაახლოებით, სამ წელიწადს დაჰყოფენ, მაგრამ შემდეგ მათ ადგილს ნეიმარი, კილიან მბაპე და ედენ აზარი დაიკავებენ.

აზარმა წესით ძალიან მალე უნდა დაიმკვიდროს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის სახელი”.