დიდი შანსია, რომ დავიდ სილვამ „მანჩესტერ სიტის” სახელით უკანასკნელი მატჩი უკვე ჩაატარა. ყატარელებმა მას ორ წელიწადში 12 მილიონი გირვანქა შესთავაზეს. თან ეს 12 მილიონი დაქვითული თანხაა, მთლიანად სახლში წასაღები. მეტი რაღა ცდუნება უნდა 33 წლის ვეტერანს?

„სანისთვის” ცნობილი გახდა ისიც, რომ „სიტი” თავის მხრივ სილვას ჩაბღაუჭებას აღარ აპირებს. „ქალაქელებს” „მონაკოსგან” 22 წლის ბელგიელი იური ტილემანსის ყიდვა გადაუწყვეტიათ. ტილემანსი, მოგეხსენებათ, ბოლოხანს „ლესტერ სიტიში” იყო განათხოვრებული.

სილვა „ეტიჰედზე” 2010 წლიდან თამაშობს. ამ ხნის განმავლობაში მან ოთხჯერ მოიგო პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტული, ორჯერ გახდა ფეხბურთის ასოციაციის თასის მფლობელი, ხოლო ოთხჯერ ლიგის თასი მოიგო, ამჯერად სპონსორის გამო „კარაბაოს თასს” რომ უწოდებენ.

გასულ შაბათს, 18 მაისს, „სიტიმ” ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალში „უოტფორდს” 6:0 აჯობა, შიდაინგლისური „ტრებლი” შეასრულა და ამ შეხვედრაში ანგარიში დავიდ სილვამ გახსნა.

რაც შეეხება კონტრაქტს, 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონი „სიტიში” წესით კიდევ ერთი წლით, 2020 წლის ივნისამდე უნდა დარჩეს.

„ქალაქელთა” კლუბის მავანმა თანამშრომელმა „სანს” უთხრა, რომ „სიტიში” სილვას წასვლა ყველას ეწყინება, მაგრამ ყატარელთა წინადადება იმდენად შთამბეჭდავია, რომ უარის თქმა ძნელია. ამწუთას ესპანელი უფრო წამსვლელს ჰგავს, ვიდრე დამრჩენსო.