მიქაუტაძე ატლეტიკოსთანაც საუკეთესო იყო

მიქაუტაძე ატლეტიკოსთანაც საუკეთესო იყო

„მან გაიტანა, მაგრამ მეტის გატანა შეეძლო. სახიფათო იყო, მომენტები ჰქონდა, ოღონდ ბოლო დარტყმა აკლდა“, – წერს ესპანური AS „ვილიარეალის“ ქართველი ფორვარდის ჟორჟ მიქატაძის შესახებ, რომელიც სტადიონზე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მიქაუტაძის გუნდმა მადრიდში 2:2 ითამაშა „ატლეტიკოსთან“.

„ყვითელი წყალქვეშა ნავის“ ახალ მწვრთნელს ინიგო პერესს კი პირველი გამარჯვება კიდევ გადაედო. მისმა გუნდმა ზედიზედ ორიჯერ ითამაშა 2:2. პირველ ტურში „ვილიარეალის“ მეტოქე იყო „სანტანდერი“.

„მეტროპოლიტანოზე“ 59-ე წუთზე „ატლეტიკო“ დაწინაურდა, ანგარიში მარკ პუბილმა გახსნა, თუმცა სულ მალე ხერარდ მორენომ პენალტით გაქვითა ანგარიში. შემდეგ, მიქაუტაძისთვის საჯარიმოში ხელის კვრის გამო მოედნიდან რობინ ლე ნორმანი გააძევეს და „ვილიარეალის“ სასარგებლოდ კიდევ ერთი პენალტი დანიშნეს, რომელიც თავად მიქაუტაძემ გაიტანა, მაგრამ 85-ე წუთზე ხულიანო სიმეონემ მამის დიეგო სიმეონეს გუნდს ქულა გადაურჩინა.

მატჩის შემდეგ „ვილიარეალის“ მწვრთნელმა ინიგო პერესმა თქვა: „როდესაც ერთი შეხედვით საქმე ადვილად მიდის ქვეცნობიერი გიგზავნის სიგნალს, რომ ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება და შენც დუნდები. „ატლეტიკო“ კი თავისი მწვრთნელის სიძლიერით და გულშემატკივრის ინტენსიობით იყო ანთებული. სწორედ ასეთ დროს ხდება ისეთი რაღაც, რასაც ყველაზე ნაკლებად ელი.

დღევანდელი შეხვედრა სეზონისწინა საკონტროლო თამაშების ასლივით იყო. თითქოს ყველაფერს სწორად ვაკეთებდით, მაგრამ ზუსტი ბოლო დარტყმა გვაკლდა. მეტი სიზუსტე აუცილებელია. ჩვენ მუშაობას განვაგრძობთ და იმდენს ვიზამთ, რომ ყველაფერს უმაღლეს დონეზე დავხვეწთ.

სამწუხაროდ გოლი სწორედ მაშინ გავუშვით, როდესაც შეხვედრის ყველაზე კარგ მონაკვეთს ვატარებდით.

ორი ფრე კმაყოფილების საბაბს არ იძლევა. ისე არ გამიგოთ, თითქოს ფეხბურთელებს ვაკრიტიკებდე. არავითარ შემთხვევაში. უბრალოდ, მეტი ქულის მოპოვება შეგვეძლო და ეს რომ ვერ შევძელით გაწბილებულები ვართ“.

სხვადასხვა საიტებმა ჟორჟ მიქაუტაძის თამაში ასე შეაფასეს:

flashscore – 7.8; sofascore – 7.2; whoscored – 7.5; fotmob – 8.4; villarealfc – 9.0

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.