როგორ ითამაშა ფრანგული საიტის აზრით კვარაცხელიას ახალმა კონკურენტმა?

როგორ ითამაშა ფრანგული საიტის აზრით კვარაცხელიას ახალმა კონკურენტმა?

„პარი სენ ჟერმენის“ სეზონი ფერან ტორესის ვარსკვლავური თამაშით გაიხსნა. ესპანელმა მსოფლიოს ჩემპიონმა ახალ გუნდში ჩატარებულ პირველივე შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა და ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორგზის გამარჯვებული წაგებისგან იხსნა – პირველი ტაიმის შემდეგ „რენი“ 2:0-ს იგებდა, საბოლოოდ კი მატჩი 2:2 დამთავრდა. ტორესმა შესვენებისას ოსმან დემბელე შეცვალა.

შესვენებისას ლუის ენრიკემ შეცვალა ხვიჩა კვარაცხელიაც. მის ნაცვლად მოედანზე კიდევ ერთი დებიუტანტი მიკა გოდტსი შევიდა, რომელიც „პარკ დე პრენსზე“ „აიაქსიდან“ გადაბარგდა. გოდტსი 21 წლისაა და უნიჭიერეს მარცხენა გარემარბად ითვლება, რის გამოც ასევე ყურადღების ცენტრშია. ფრანგულმა საიტმა footmercato-მ გოდტსის დებიუტს ცალკე წერილი მიუძღვნა, რომელშიც დაწერა, რომ ტორესისგან განსხვავებით ბელგიელი პირველ შეხვედრაში ეფექტური არ იყო.

„როდესაც გოდტსი მოედანზე შევიდა მისი ახალი გუნდი 0:2-ს აგებდა და „ლანსთან“ მარცხის შემდეგ ზედიზედ მეორე წაგების საშიშროების წინაშე იდგა. ასეთ ვითარებაში ბელგიის ნაკრების ფეხბურთელმა (2 თამაში ეროვნულ გუნდში) მოლოდინი მაინცდამაინც ვერ გაამართლა. დასკვნების გაკეთება ჯერ ძალიან ადრეა, მაგრამ 176 სანტიმეტრი სიმაღლის გარემარბი, რომელსაც მუშა ფეხი მარჯვენა აქვს მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში წვალობდა. პირველ ეპიზოდში ის ოფსაიდში აღმოჩნდა, შემდეგ კი „რენის“ დაცვის გარღვევა უჭირდა.

გოდტსი იშვიათად შედიოდა სახიფათო ზონებში. მას არ გაუბრწყინია, რის თვალნათელი დასტური გახლავთ ძალიან უზუსტო დარტყმა შეხვედრის ბოლოს. ჩვენი (footmercato-ს) სარედაქციო ჯგუფმა მას 4 ქულა დაუწერა, თუმცა თავად პსჟ-ს 22 ნომერი მატჩის შემდეგ ოპტიმისტურად ლაპარაკობდა.

„მე მოედანზე მეორე ტაიმში შევედი. მწვრთნელმა თამაშის ინტენსიობის აღდგენა დაგვავალა და ჩვენ ეს შევძელით. თანაგუნდელებმა კარგად მიმიღეს, მოედანზე მეხმარებოდნენ. დღეს, მეორე ტაიმში ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით. მოგებაც შეგვეძლო, მაგრამ თამაში 2:2 დამთავრდა“, – თქვა ბელგიელმა.

მატჩის შემდეგ, როდესაც ფერან ტორესის ვარსკვლავურ თამაშზე ჰკითხეს ლუის ენრიკემ ესპანელზე ლაპარაკს სხვა ფეხბურთელების დამსახურებაზე ლაპარაკი ამჯობინა. მწვრთნელმა თქვა:

„ფერანის წვლილი? ის შეცვლაზე შევიდა და თავისი საქმე ჩინებულად შეასრულა, მაგრამ მე მინდა თქვენი ყურადღება გოდტსზე, ბერალდოზე, ფაბიანსა და აკლიუშზე გავამახვილო“.

ესპანელის მიერ გაცემული ასეთი ავანსის მიუხედავად ახალგაზრდა მარცხენაფლანგელს გაცილებით მეტის ჩვენება დასჭირდება რათა პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობიდან ხვიჩა კვარაცხელია ამოაგდოს. მათი მდგომარეობა ძალიან განსხვავდება ოსმან დემბელესა და ფერან ტორესის მდგომარეობისგან…

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.