„პარი სენ ჟერმენი“ ახალწვეულმა გადაარჩინა, თუმცა ის ჩვეულებრივი ახალწვეული არ იყო. ის გახლდათ მსოფლიოს ჩემპიონი, მუნდიალის ფინალში გამარჯვების გოლის ავტორი, „ბარსელონადან“ პარიზში ახალგადასული ფერან ტორესი, რომელმაც მოედანზე ფეხი მეორე ტაიმში ოსმან დემბელეს ნაცვლად შედგა და მატჩი, რომელსაც მასპინძელი პსჟ „რენთან“ 0:2-ს აგებდა 2:2 დაამთავრა. მას ასისტენტობა ორივე ჯერზე თანამემამულემ და ასევე მსოფლიოს ჩემპიონმა ფაბიან რუისმა გაუწია. ტორესმა გოლები 71-ე და 82-ე წუთებზე გაიტანა, შესვენებამდე კი მე-9 და 38-ე წუთებზე „რენის“ მოთამაშეებმა სებასტიან შიმანსკიმ და ესტებან ლეპოლმა გამოიჩინეს თავი.
ხვიჩა კვარაცხელია ლუის ენრიკემ პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალა და მის ნაცვლად პარიზელთა კიდევ ერთი ახალწვეული მიკა გოდტსი შეიყვანა. ფრანგულმა საიტმა maxifoot ქართველს ძალიან დაბალი შეფასება 3.5 ქულა დაუწერა, ხოლო სიტყვიერად მისი თამაში ასე აღწერა:
„პარიზელთა გარემარბი მეტწილად არაეფექტური იყო. შეხვედრის დასაწყისში ქართველი თითქოს იმედისმომცემი ჩანდა, მაგრამ რაც დრო გადიოდა მისი ინდივიდუალური მცდელობები სულ უფრო წარუმატებლად მთავრდებოდა. ყველაზე თვალშისაცემი გახლდათ ეპიზოდი, როდესაც მასპინძლებმა მას ბურთი წაართვეს და წამოიწყეს კონტრშეტევა, რომლის ბოლოსაც შიმანსკიმ გოლი შეაგდო. კვარაცხელიამ „რენის“ მეკარე სამბა ერთხელაც ვერ შეაწუხა. შესვენებისას ის ბელგიელი მიკა გოდტსით შეცვალეს (5.5), რომელმაც გუნდის თამაშს გარკვეული დინამიკა შესძინა. ის იხსნებოდა და მოძრაობდა, რამდენჯერმე გარღვევაც სცადა, სწრაფ კომბინაციებში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ თავის სადებიუტო შეხვედრაში გადამწყვეტი მაინც ვერაფერი გააკეთა“.
footmercato-ს აზრით კი კვარაცხელიას 4 ქულა ეკუთვნოდა. საიტმა ჯერ დეზირე დუეზე დაწერა, რომ მონდომება და ენერგია არ აკლდა, მაგრამ შედეგიანი პასი და დარტყმა ვერ შეასრულა, შემდეგ კი ხვიჩა დაახასიათა: „ქართველი გარემარბი დუეზე წარუმატებელი იყო. ინიციატივით სავსე ბუნებიდან გამომდინარე მან თავიდანვე სცადა გადამწყვეტი როლის თამაში (მე-3 და მე-12 წუთებზე), მე-20 წუთზე შიმანსკის წინააღმდეგ დაცვაში ითამაშა კარგად, 28-ე წუთზე საჯარიმო დარტყმა შესრულა, რომელიც კრესველმა კუთხურზე მოიგერია, მაგრამ საბოლოოდ ერთ ეპიზოდშიც ვერ გაიბრწყინა და შესვენებისას ახალწვეული მიკა გოდტსით შეცვალეს“.
კიდევ რამდენიმე საიტმა კვარაცხელიას თამაში ასე შეაფასა:
flashscore – 6.4; sofascore – 6.1; fotmob – 6.3.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი24/08/2026 | 08:26კვარა და დემბელე შესვენებისას შეცვალეს
სიახლეები23/08/2026 | 09:15ქოჩორას გუნდი: ორ ტურში 6 ქულა
აქეთურ-იქითური23/08/2026 | 08:01ლუის ენრიკე კიდევ გაძლიერებაზე ფიქრობს
სიახლეები23/08/2026 | 07:00წლის საუკეთესო გოლი!