2027 წლის მარტში, მაროკოს დედაქალაქ რაბათში ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი თავის კანდიდატურას არ წამოაყენებს. ამის შესახებ სლოვენმა ბრიტანულ პოდკასტ The Rest is Politics-ში თავად ილაპარაკა.
ჩეფერინი უეფას 2016 წლიდან უდგას სათავეში. ის ფიფას პრეზიდენტის ჯანი ინფანტინოს ყველაზე ძლიერ მოწინააღმდეგედ ითვლება. მათ შორის დაპირისპირება განსაკუთრებით მას მერე გამწვავდა, რაც ინფანტინომ მსოფლიოს ჩემპიონატების წილების გაყიდვა გადაწყვიტა, მაგრამ პროექტი ჩაუვარდა.
„მე ფიფას პრეზიდენტობა არ მაინტერესებს, – თქვა ჩეფერინმა, – მე უეფა და უეფაში მუშაობა მიყვარს“.

მან განმარტა, რომ მისი, როგორც ინფანტინოს მოწინააღმდეგის წონა უფრო დიდი იქნება, თუ ის ფიფას პრეზიდენტობაზე კანდიდატურას არ წამოაყენებს.
ინფანტინოსი არ იყოს თანამდებობაზე ყოფნის ვადა 58 წლის ჩინოვნიკსაც 2027 წელს გაუდის. ის ამბობს, რომ მომავალში ცხოვრებით სიამოვნებას აპირებს, მაგრამ ეს ბუნდოვანი ნათქვამია, რადგან არ აზუსტებს ახლო მომავალს გულისხმობს თუ შორეულს. ის არ ამბობს კვლავ შეეცდება უეფას პრეზიდენტად დარჩენას თუ არა.
ჩეფერინი რადიკალური ნაბიჯების გადადგმას არ ერიდება. როდესაც ინფანტინომ ზემოხსენებული პროექტის შესახებ გამოაცხადა, სლოვენმა განაცხადა, რომ თუ ფიფა პროექტს უკან არ წაიღებს, უეფა ფიფას ყველა შეჯიბრებას (მსოფლიოს ჩემპიონატის ჩათვლით) ბოიკოტს გამოუცხადებს.
„ინფანტინოს ფიფას პრეზიდენტად ხელახლა არჩევისთვის საკმარისი მხარდაჭერა არ აქვს, მაგრამ თუ ის მაინც წამოაყენებს კანდიდატურას, ჩვენ მის კონკურენტს დავასახელებთ. ჯერ არ ვიცი ვინ იქნება ეს ადამიანი, მაგრამ ასეთს აუცილებლად გამოვძებნით“, – განმარტა ჩეფერინმა პოდკასტში, სადაც აგრეთვე თქვა, რომ რაც კრიზისი დაიწყო, ინფანტინოსთან არ ულაპარაკია.
ზოგიერთი მედიასაშუალება ამბობს, რომ ინფანტინოს კონკურენტი კონკაკაფის (ჩრდილო ამერიკისა და კარიბეთის ფეხბურთის კონფედერაციის) პრეზიდენტი კანადელი ვიქტორ მონტალიანი იქნება. უეფასთან ერთად ფიფას პრეზიდენტის წინააღმდეგ ხმა ყველაზე მეტად სწორედ კონკაკაფმა აიმაღლა. ინფანტინოს წინააღმდეგაა აზიის ფეხბურთის კონფედერაციაც.
ინფანტინო თავის მხრივ რასაკვირველია ფარხმალს არ ყრის. მან ფიფას მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუში თქვა: „ჩვენ გვინდა ფეხბურთი ყველა 211 წევრ ქვეყანაში განვავითაროთ, მაგრამ ზოგიერთს ეს ხელს არ ძლევს და პროგრესის წინააღმდეგია. არადა, ნაპრალი დიდ ქვეყნებსა და დანარჩენებს შორის აუცილებლად უნდა შევამციროთ“.
ჩეფერინი: „ვხედავ, რომ ინფანტინო ჩვენ წინააღმდეგ „ამპარტავანი ევროპის“ კარტის გათამაშებას აპირებს. კარგი იქნება ამ კაცს ვინმე თუ შეახსენებს, რომ თავადაც ევროპელია და ფიფას პრეზიდენტი უეფას მხარდაჭერით გახდა“.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი25/08/2026 | 07:37ჩეფერინი თავის კანდიდატურას არ წამოაყენებს
სიახლეები24/08/2026 | 10:55მიქაუტაძე ატლეტიკოსთანაც საუკეთესო იყო
აქეთურ-იქითური24/08/2026 | 09:52როგორ ითამაშა ფრანგული საიტის აზრით კვარაცხელიას ახალმა კონკურენტმა?
მთავარი ამბავი24/08/2026 | 08:26კვარა და დემბელე შესვენებისას შეცვალეს
