ტორესი ზლატანის ნაკვალევზე

ტორესი ზლატანის ნაკვალევზე

ფერან ტორესმა გასული სეზონი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების გოლის შეგდებით დახურა, ახალი კი „პარი სენ ჟერმენის“ მაისურით „რენის“ კარში ორი გოლის გატანით დაიწყო. მას პარიზულ პრესაში მხსნელი უწოდეს – საფრანგეთის ჩემპიონი ლიგა 1-ის პირველი ტურის პირველ შეხვედრაში 0:2-ს აგებდა.

Opta-ს სტატისტიკოსებმა მოიძიეს, რომ ტორესმა ზლატან იბრაჰიმოვიჩის ნაკვალევზე გაიარა ანუ პარიზული კლუბის შემადგენლობაში ჩატარებულ პირველივე შეხვედრაში ორი გოლი შეაგდო. განსხვავება ის არის, რომ შვედი სასტარტო შემადგენლობაში იყო, საერთო კი ის, რომ „ლორიანს“ მანაც 0:2 ჩამორჩენის შემდეგ გაუტანა თავისი წყვილი გოლი. „ინტერის“ და „მილანის“ ყოფილმა ფორვარდმა 2014-15 წლების სეზონის პირველ შეხვედრაშიც ორი გოლი შეაგდო. ამჯერად პსჟ-ს მეტოქე „რეიმსი“ იყო.

იბრაჰიმოვიჩამდე პსჟ-ს მაისურით გამართულ პირველ შეხვედრაში ორი გოლი პატრიკ მბომას ჰქონდა გატანილი. ეს მოხდა 1994 წელს, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო შეხვედრაში უნგრული „ვაცის“ წინააღმდეგ (2:1).

ფერან ტორესმა „რენთან“ შეხვედრაში გატანილი ორი გოლით ოსმან დემბელეს შედეგიც გაიმეორა. აქამდე დემბელე იყო ბოლო პარიზელი, რომელმაც ლიგა 1-ის მატჩში შეცვლაზე შესვლის შემდეგ ორი გოლი გაიტანა. ესეც რენში მოხდა, 2025 წლის მარტში – 4:1.

ერთი წლის შემდეგ, შეცვლაზე შესულმა ხვიჩა კვარაცხელიამაც შეაგდო პსჟ-ს მაისურით ორი გოლი, ოღონდ ეს უკვე ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ შეხვედრაში მოხდა. იმ დღეს პარიზელებმა „ჩელსის“ 5:2 მოუგეს.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.