აზერბაიჯანის ქალაქი უფრო კი ბაქოსთან ახლომდებარე დაბა მასაზირი გაგიგიათ? თუ არა, ახლა გაიგებთ და ამიერიდან გეცოდინებათ: ეს ის დასახლებული პუნქტია, რომლის ფეხბურთის გუნდი „საბაჰი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.
„საბაჰი“ მხოლოდ 9 წელიწადია რაც არსებობს. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მან ორი შეხვედრის ჯამში ისრაელის „ჰაპოელი“ დაამარცხა – 6:4. ოთხშაბათს, პირველ შეხვედრაში, რომელიც შუა აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო ბეერ შევას ნაცვლად რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაიმართა „ჰაპოელმა“ 2:1 მოიგო. საპასუხო შეხვედრა რთული გამოდგა. ის 2:2 მთავრდებოდა, მაგრამ აზერბაიჯანელებმა მსაჯის წამატებულ 90+4 წუთზე მესამე გოლი გაიტანეს და თამაში დამატებით დროში გადაიტანეს, სადაც კიდევ ორი გოლის შეგდება მოახერხეს.

„საბაჰი“ 2017 წლის 8 სექტემბერს დაარსდა და იმთავითვე აზერბაიჯანის პირველ ლიგაში ანუ იერარქიით მეორე დივიზიონში ჩასვეს, სადაც იმავე სეზონში წარმატებით იასპარეზა და პრემიერ ლიგაში გადავიდა. ის ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა, შეიძლება ითქვას ისტორიის არმქონე კლუბია.
მან ფეხბურთის სტატისტიკოსებს გაახსენა „ასტანა“, „ლაიფციგი“ და „პაფოსი“, რომელთაც მსგავსი რეკორდები დაამყარეს:
ყაზახური „ასტანა“ 2009 წელს დაფუძნდა „ალმატისა“ და „მეგასპორტ ალმატის“ გაერთიანებით. მან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 6 წლის შემდეგ, 2015-16 წლებში ითამაშა.
„ლაიფციგმა“, რომელიც იმავე 2009 წელს დააარსეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 2017-18 წლების სეზონში შედგა ფეხი, ხოლო კვიპროსულმა „პაფოსმა“, რომელიც 2014 წელს არის დაფუძნებული სანატრელი შეჯიბრების სანატრელ ეტაპს 11 წლის შემდეგ მიაღწია.
ხუთშაბათს მონაკოში ჩემპიონთა ლიგის წილისყრა გაიმართება. „საბაჰი“, რომელმაც „ჰაპოელამდე“ უელსური „ნიუ სანტსი“, ფინური „კუპსი“ და დანიური „ორჰუსი“ გამოთიშა ჯგუფურ ეტაპზე აუცილებლად შეხვდება ერთ-ერთს შემდეგი დიდი კლუბებიდან: პსჟ, „ბაიერნი“, „რეალი“ და „ლივერპული“.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი26/08/2026 | 08:08აზერბაიჯანის გუნდი ისევ ჩემპიონთა ლიგაშია!
აქეთურ-იქითური25/08/2026 | 17:12ტორესი ზლატანის ნაკვალევზე
აქეთურ-იქითური25/08/2026 | 08:55ლუის ენრიკე: შესვენებისას ოქროს ბურთზე უნდა გველაპარაკა?
მთავარი ამბავი25/08/2026 | 07:37ჩეფერინი თავის კანდიდატურას არ წამოაყენებს
