37-კაციანი ლეგიონის ამბები

37-კაციანი ლეგიონის ამბები

გასული კვირის მიწურულს ევროპაში წამყვანი სარაგბო ჩემპიონატების ტურები გაიმართა და უნდა აღინიშნოს, რომ საფრანგეთის ტოპ 14-სა და პრო დ2-ში, ასევე ინგლისის პრემიერშიპში გამართულ ჯამურ 20 მატჩში 37-მა ქართველმა ლეგიონერმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა დიდი ნაწილიც საქართველოს ნაკრების წევრობის კანდიდატად მოიაზრება, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ მომდევნო თვეში ბორჯღალოსნები „მსოფლიო რაგბის“ ერთა თასის ეგიდით სამ უმნიშვნელოვანეს მატჩშს თბილისში გამართავს, ქართველთა მზადყოფნის და სპორტული ფორმის საკითხი სულ უფროდაუფრო აქტუალური ხდება.

ტოპ 14

ამ ლიგის მე-6 ტურში ჩვენებურებს ინდივიდუალურად თავი დიდად არ გამოუჩენიათ, თუმცა, საინტერესო რაღაც-რაღაცები მაინც დაფიქსირდა.

მოქმედმა ჩემპიონმა „ტულუზმა“ „ბაიონი“ ბონუსით, 45:34 დაამარცხა და ცხრილში ლიდერობა გაიმყარა, მით უფრო, რომ უახლოესმა მდევარმა „პომ“  შინ „კასტრს“ პრემიალური ქულის გარეშე, 35:26 სძლია. კაპიტან ბექა გორგაძის ბასკური კლუბი ტულუზელებისგან 2-ქულიანი ჩამორჩენითა და ჯამში 22 ქულით ცხრილის მე-2 ადგილზეა. პოელთა შორის სეზონში პირველად გამოჩნდა გურამ პაპიძე. ლევან ჩილაჩავამ ლიგაში 205-ე (!) მატჩი ჩაატარა, მისი „კასტრი“ კი, 9 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა.

ევროპის საკლუბო ჩემპიონმა „ბორდომ“ კლერმონში დიდი გაჭირვებით მოიგო – 23:22, თუმცა, ცხრილში 19 ქულით მესამე საფეხურზე კი ავიდა. ლაშა ფხაკაძემ შეცვლაზე ითამაშა.

მე-4 ადგილზე 18 ქულით „ლა როშელი“ დაფუძნდა, რომელმაც ლიონში ბონუსით მოიგო – 28:16. დავით ნინიაშვილმა ჩვეული, 15-ნომრიანი კვართით შეუცვლელად ითამაშა, ხოლო სანდრო ქუნთელია შეცვლაზე 53-ე წუთზე შევიდა.

მე-6 ადგილზე კი დედაქალაქური „სტად ფრანსეა“, რომელმაც „მონპელიეს“ 30:22 აჯობა, რაშიც შეცვლაზე შესული ქართველები დაეხმარნენ – სერგო აბრამიშვილი და გიორგი მელიქიძე.

ბექა გიგაშვილმა ტრავმა მოიშუშა და სეზონში პირველად ითამაშა, ხოლო მისმა „ტულონმა“ „რასინგ-92“ 29:15 დაამარცხა. ანალოგიურად, სეზონური დებიუტი პარიზელ გია ხარაიშვილსაც ჰქონდა.

პრო დ2

„მონტობანმა“ „ბრივს“ უმასპინძლა და 32:24 დაამარცხა. დაჩი პაპუნაშვილმა ახალ გუნდში პირველი ლელო იზეიმა, სულ კი, მის ანგარიშზე ლიგის 41 მატჩში 7 ლელო და 162 ქულაა.

„ვალანს რომანმა“ „ბეზიეს“ ბონუსით, 47:20 სძლია, ხოლო დამარცხებულთა შორის კვლავ გამოჩნდა ბორჯღალოსანი კვაჭი ნიკა სუთიძე, რომელმაც „ლა როშელში“ ჩატარებული 2 მატჩის შემდეგ კვლავ „ბეზიეში“ აღმოჩნდა და უფრო მეტიც – 27-ე წუთზე ლელოც გაიტანა.

„ორიაკმა“ შინ კვლავაც ბონუსით იმარჯვა – „ბიარიცს“ 52:33 სძლია, ხოლო ორიაკელთა ერთ-ერთი ლელო საკუთარ ანგარიშზე ირალკი მჭედლიძემ ჩაიწერა, ვისთვისაც ეს იყო სეზონში მე-3, ხოლო 66-მატჩიან კარიერაში – მე-7 ლელო.

ლიგის უპირობო ლიდერად კი „ოიონაქსი“ დარჩა, რომელმაც პირველობის ყველა, ანუ ზედიზედ მე-6 მატჩიც მოიგო – „ნარბონი“ სტუმრად 57:14 გაანადგურა. ვანო კარკაძემ ზედიზედ მე-2 ლელო იზეიმა, ხოლო ლუკა მატკავამ სეზონში მე-3 ლელო ხომ დადო, გარდა ამისა ფეხითაც თითქმის უნაკლოდ ურტყა და ფრანგული კარიერის რეკორდსაც უწია – 22 ქულა დააგროვა. ჯამში ლუკას მიმდინარე სეზონში 6 მატჩში უკვე 80 ქულა აქვს, რაც სრულიად ლიგის ტოპ-ბომბარდირობას ნიშნავს.

პრემიერშიპი

ლუკა ივანიშვილმა „სარასენსთან“ გასვლით მატჩში თავისი მე-10 პრემიერშიპური მატჩი ჩაატაარა, ხოლო მისი „ბრისტოლ ბერსი“ 7:30 დამარცხდა.

აი, ბაჩუკი ჭუმბაძემ კი „ექსეტერში“ ბოლო ნახევარი საათი ითამაშა და 75-ე წუთზე „ნიუკასლი“ დაალელოვა. ეს იყო ბორჯღალოსანი ბურჯის პირველი ლელო პრემიერშიპში ჯამურად ჩატარებულ 21 მატჩში.        

ავტორის პროფილი

სლავა გასპაროვი
სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.