მწვრთნელი, რომელსაც არ სურს ფეხბურთელებს დარიგებებს აძლევდეს

მწვრთნელი, რომელსაც არ სურს ფეხბურთელებს დარიგებებს აძლევდეს

„პარი სენ ჟერმენის“ წარმატება ლუის ენრიკეს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს. ის მუდამ შრომასა და კვალიფიკაციის ამაღლებაშია. მან პარიზულ კლუბთან ამასწინათ კონტრაქტი 2030 წლამდე გაახანგრძლივა. საფრანგეთის დედაქალაქში ესპანელი დიდ მხარდაჭერას გრძნობს. ის უყვარს გულშემატკივარს, მას აფასებენ კლუბში… „ბარსას“ და „ლა როხას“ ყოფილი თავკაცი ამბობს, რომ ნებისმიერ გამარჯვებას ახალი პასუხისმგებლობა მოსდევს. ყოველ წარმატებას სჭირდება დამტკიცება, რომ შენ ამას იმსახურებდი.

„დიახ, კონტრაქტი გავახანგრძლივე და ახლა მხრებზე კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა მაწევს. ვალდებული ვარ ყველას დავუმტკიცო, რომ „პარი სენ ჟერმენთან“ ერთად მეტი ტიტულის მოგება მინდა და ამისათვის მზად ვარ. ბევრი მეუბნება, რომ ჩემი მუშაობით კმაყოფილია, მაგრამ ეს მე არ მამშვიდებს“, – თქვა მან ჩემპიონთა ლიგაში „მანჩესტერ სიტისთან“ უმნიშვნელოვანესი შეხვედრის წინ.

ხიხონში დაბადებულ და გაზრდილ სპეციალისტს კარგად ესმის, რომ მისი ხელმძღვანელობით პსჟ-მ დიდ წარმატებას მიაღწია, ზედიზედ ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.

„ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ვიცოდე, რომ ჩემმა შრომამ ხალხს სარგებელი მოუტანა. მე მაქვს შესაძლებლობა ეს დიდი სიხარული მათ და მათ ოჯახებს გავუზიარო. იმავდროულად, უნდა დავამტკიცო, რომ ასეთ დიდ ნდობას ვიმსახურებ“.

ლუის ენრიკემ შეაქო პსჟ-ს პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი და სპორტული დირექტორი ლუიშ კამპუში. შემდეგ მან სცადა თავისი წარმატების საიდუმლო განემარტა, თქვა, რომ არ სჭირდება გუნდი, რომელიც მის მითითებებს დაელოდება. მას სჭირდება გუნდი, რომელიც დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებებს და შექმნილ სათამაშო სიტუაციებში გამოსავალს მოძებნის.

„მე არ მინდა ვიყო მწვრთნელი, რომელიც თავის ფეხბურთელებს გაუთავებლად დავალებებს აძლევს. ეუბნება: ახლა ასე გააკეთე და ისე გააკეთე. მათ თავად უნდა ესმოდეთ თამაში და მოცემული მომენტისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებას იღებდნენ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, – თქვა ლუის ენრიკემ, რომლის ფილოსოფია აგებულია ფეხბურთელებთან პირად ურთიერთობებზე, ახლობლობაზე, იუმორზე.

ამასწინათ ვიტინიას უთქვამს ხშირად ვერც კი ვხვდები მწვრთნელი სერიოზულად მელაპარაკება თუ არაო.

ლუის ენრიკე იცინის: „ამაზე მე ვპასუხობ, რომ თვითონ უნდა გადაწყვიტოს ვიხუმრე თუ სერიოზულად ვუთხარი“.

ხოლო გარეგნული უშუალობის მიღმა იმალება ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ ფეხბურთელთან: ზოგს მხარდაჭერა სჭირდება, ზოგს – ბიძგი. მიზანი კი ყველა შემთხვევაში ერთი და იგივეა: მოთამაშეს ზრდაში უნდა შეუწყოს ხელი. ფეხბურთელების ზრდა კი გუნდის გაძლიერებას ნიშნავს.

ლუის ენრიკეს არ მოსწონს, როდესაც სხვა მწვრთნელებს ადარებენ.

„ყველას თავისი გზა აქვს და სწორედ ამის მიხვედრაა ყველაზე მნიშვნელოვანი. მე არ ვაპირებ სხვა მწვრთნელებს ვეჯიბრო და ჩემი შედეგები მათ შედეგებს შევადარო, ჩემი CV მათსას სჯობდეს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, თუ როგორ მინდა ითამაშოს ჩემმა გუნდმა. თუ წაგებაა, როგორ უნდა წააგოს მან“.

ლუის ენრიკეს აზრით მარცხმა მწვრთნელს პრინციპებზე ხელი კი არ უნდა ააღებინოს, არამედ კითხვები უნდა დაასმევინოს და მათზე პასუხის გაცემისკენ უბიძგოს.

„ფეხბურთში გამოცდილი კაცი ვარ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ არასდროს არაფერი მეშლება და ამიერიდან განვითარება აღარ მჭირდება“, – თქვა ესპანელმა, რომელსაც ჟურნალისტებთან საუბრის დროს, გასახდელში თუ  ფანებთან ურთიერთობისას ეტყობა, რომ მისთვის თავის პროფესიაში მთავარი საკუთარი თავისთვის გაუთავებელი კითხვების დასმაა.

„ფანები ჩემს მიმართ ყოველთვის დიდ პატივისცემას ამჟღავნებენ. ამას პირად ურთიერთობაშიც ვგრძნობ და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – ასე დაასრულა მან ინტერვიუ. ფანების დამოკიდებულება კი ალბათ იმით არის განპირობებული, რომ ხვდებიან – ლუის ენრიკე მიღწეულით არასდროს კმაყოფილდება. ის მუდამ განვითარებაზე ფიქრობს.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.