დიდებული დომინიკ სობოსლაი

დიდებული დომინიკ სობოსლაი

დომინიკ სობოსლაიმ საქართველოს ნაკრებთან ბრწყინვალედ ითამაშა, რაც უნგრული მედიის მიერ მოყვანილი სტატისტიკიდანაც ნათლად ჩანს. შეხვედრაში, რომელიც მადიარებმა 1:0 მოიგეს „ლივერპულის“ ვარსკვლავმა მოედანზე 80 წუთი გაატარა. მას არც გოლი გაუტანია და არც საგოლე პასი შეუსრულებია, მაგრამ დროა შევთანხმდეთ, რომ კარგ თამაშს მაინცდამაინც გოლი ან საგოლე პასი არ ნიშნავს.

უნგრეთის ნაკრების კაპიტანმა კარისკენ 5-ჯერ დაარტყა (0.15 xG), 8-ჯერ (!) გადააწოდა საკვნაძო პასი ანუ გადაცემა, რომელსაც კარში დარტყმა მოჰყვა (0.58 xA), ეს კი იმას ნიშნავს, რომ სობოსლაის მოსალოდნელი გოლის კოეფიციენტი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ 0.73 xG-ს უდრიდა. დავძინოთ, ეს იყო მასპინძელთა მთელი გუნდის მიერ შექმნილი საგოლე შანსების ნახევარი.

სობოსლაიმ 58 პასიდან 52 ზუსტად გადააწოდა, რაც 90%-ს უდრის. მან საჯარიმოში 9-ჯერ ჩაჰკიდა ბურთი, რომელთაგან 8 ადრესატამდე მივიდა; სულ ბურთს 89-ჯერ შეეხო.

სტატისტიკა გვეუბნება აგრეთვე, რომ მან 5 ფინტი შეასრულა და ყველა გამოუვიდა, 10 დუელიდან 9 მოიგო და 5-ჯერ თავად წაართვა ქართველებს ბურთი.

უნგრული პრესა აგრეთვე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სობოსლაი მე-80 წუთზე შეცვალეს, რაც იშვიათობაა. ის, როგორც წესი, ბოლომდე თამაშობს ხოლმე. მას მადიართა ეროვნულ გუნდში 68-ჯერ აქვს ნათამაშევი, ხოლო ბოლო ოთხ წელიწადში მოედანი საფინალო სასტვენამდე სულ ოთხჯერ დატოვა:

2026. 3. 28. უნგრეთი – სლოვენია 1:0, 87-ე წუთზე

2025. 6. 06. უნგრეთი – შვედეთი 0:2,  79-ე წუთზე

2024. 6. 08. უნგრეთი – ისრაელი 3:0,  57-ე წუთზე

2023. 3. 23. უნგრეთი – ესტონეთი 1:0, 75-ე წუთზე     

მანამდე 28 მატჩში სობოსლაი 27-ჯერ სასტარტო შემადგენლობაში იყო და მხოლოდ თავის პირველ სანაკრებო შეხვედრაში შევიდა შეცვლაზე. ამ პერიოდში 13 თამაში ჩაატარა ბოლომდე და 14-ჯერ შეცვალეს.

მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე უნგრელთა იტალიელმა მწვრთნელმა მარკო როსიმ კაპიტნის შეცვლის მიზეზი დაასახელა:

„ბოლოში ის ძალიან დაიღალა და კუნთის კრუნჩხვა ჰქონდა. მან საოცარი სპრინტი შეასრულა, არ ვიცი რა სისწრაფით გარბოდა, მაგრამ ძალიან სწრაფი კი იყო. ჩვენ ის ექვსი ნომრის პოზიციაზე პირველად ვათამაშეთ. სხვათა შორის, დომინიკს ნებისმიერ შემტევ პოზიციაზე ხომ შეუძლია თამაში და თუ საჭირო იქნება მარჯვენა მცველობასაც გაართმევს თავს, თუმცა ჩვენ მის ამ ამპლუაში გამოყენებას („ლივერპულში“ არნე სლოტი იყენებდა) არ ვაპირებთ“.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.