უნგრული საიტი nemzetisport.hu წერს: საქართველოს ნაკრები ბევრის გასაკვირად 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა, მაგრამ მას მერე თვალში აღარავის მოხვედრია. ეს გასაკვირი არც არის. გუნდს ხმაურიანი შედეგი აღარ ჰქონია, ემოციური აღმასვლა კი ისტორიული გამოსვლის შემდეგ ნულამდე დაუვიდა. ამასთან, ვილი სანიოლი უკვე ახალი სამსახურის ძებნაშია – შაბათს ხუთწლიანი მუშაობის შემდეგ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა.
პორტალმა „ბარნლიში” მომუშავე ქართველ სკაუტს მიშა გაბეჩავას სთხოვა საქართველოს ნაკრებში შექმნილი მდგომარეობა აღეწერა.
„იმისათვის, რასაც სანიოლმა ნაკრებში მიაღწია მისი მადლიერები ვართ. მან ჩვენს ქვეყანას ისტორიული წარმატება მოუტანა – პირველად გავედით ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე და ფლეი-ოფის ფაზაშიც გავაღწიეთ, მაგრამ ვფიქრობ იმას, თუ როგორ გავედით უფრო ღრმა ანალიზი სჭირდება. საქართველოს ნაკრები ფლეი-ოფში ერთა ლიგის C საფეხურიდან მოხვდა, სადაც ლუქსემბურგს და გარდამავალ პერიოდში მყოფ საბერძნეთს ვეთამაშეთ. თან ორივე შეხვედრა თბილისში, საუცხოო ატმოსფეროში ჩატარდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რასაკვირველია ამას წინ დიდი სამუშაო უძღოდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა პროცესი სწორად მიმდინარეობდა. ჩვენ რიგ კარგ შედეგებს მივაღწიეთ, მაგრამ კონკრეტული შეცდომები რეგულარულად ამოტივტივდებოდა ხოლმე ზედაპირზე. რამდენიმე წარმატებული შეხვედრა ევროპის ჩემპიონატის შემდეგაც იყო, თუმცა მას ცუდი თამაშები მოჰყვა და გუნდს ენერგიის მარაგი თვალშისაცემად გამოელია. ვილი სანიოლი მოთამაშეების გამოცოცხლებას და თავდაპირველი ჟინის აღდგენას ვეღარ ახერხებდა, არადა გუნდის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარე სწორედ ბრძოლისუნარიანობა იყო. ვფიქრობ, ნაკრებს სანიოლთან თანამშრომლობა სწორედ მაშინ უნდა შეეწყვიტა. ეს ფრანგი მწვრთნელისთვისაც უკეთესი იქნებოდა, რადგან ის წავიდოდა წარმატების მწვერვალზე, ხოლო ჩვენ ახალ ეპოქას მაღალი საფეხურიდან დავიწყებდით. ამის ნაცვლად გუნდი დაბრუნდა იქ, სადაც წარმატებამდე იყო“.

შემდეგ გაბეჩავამ საკითხის ტაქტიკურ მხარეზე ილაპარაკა:
„ჩვენ მეტწილად ხუთი მცველით ვთამაშობდით და იმედს სწრაფ გადასვლებსა და რამდენიმე ფეხბურთელის ინდივიდუალურ ოსტატობაზე ვამყარებდით. ხვიჩა კვარაცხელიასა და ჟორჟ მიქაუტაძის გარდა საკვანძო ფიგურა იყო გიორგი მამარდაშვილიც. ეს უკანასკნელი შესაძლოა ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც პსჟ-ს ვარსკვლავი. რაკი დაცვას სტაბილურობა აკლდა, მასზე მთლიანად დაყრდნობა არ შეიძლებოდა და ამიტომ ნაკლის კომპენსაციას სამი ცენტრალური მცველით ვცდილობდით. ამასთან, დაცვის ხაზის წინ გასაწევად და დომინირებისთვის სისწრაფე გვაკლდა. შესაბამისად, სანიოლი ღრმა დაცვიდან ამჯობინებდა მოქმედებას, მას სწრაფი კონტრშეტევების იმედი ჰქონდა“.
nemzetisport.hu წერს, რომ უნგრეთის ნაკრებს ხშირად დომინიკ სობოსლაის ფაქტორის ჭარბად გამოყენებას საყვედურობენ. ამბობენ, რომ ისეთ სიტუაციებშიც კი, როდესაც სხვა ვარიანტები არსებობს თანაგუნდელები ბურთს მას აწვდიან. საიტს აინტერესებდა, ხომ არ არის იგივე მდგომარეობა საქართველოს ნაკრებში. ზედმეტად ხომ არ არის გუნდი დამოკიდებული ხვიჩა კვარაცხელიაზე.
გაბეჩავა: „ამ მხრივ ჩვენ მართლა გვაქვს რაღაც საერთო. პრობლემის თავი და თავი კი ის არის, რომ საქართველოს ნაკრების შემადგენლობა არ არის დაბალანსებული. შეტევაში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს, მაგრამ მათ ბურთი ხომ უნდა მიაწოდო. ბოლო შეხვედრებში ბურთის მისაღებად კვარაცხელია ჩამოდიოდა უკან, ხანდახან 6 ნომრის პოზიციაზეც კი. ის ამას იმიტომ აკეთებდა, რომ მესამე მესამედში პასს ვერ იღებდა – ეს აბსურდული ვითარებაა, რადგან კვარაცხელიას უნარები მოწინააღმდეგის საჯარიმოსთან ახლოს უნდა გამოიყენებოდეს. ჩემი აზრით მთავარი პრობლემა საყრდენი ნახევარმცველია. არ აქვს მნიშვნელობა რომელი სქემით თამაშობ, ამ ფუნქციის მოთამაშე ყველა ვარიანტში საკვანძოა. თუ ჩენ დაცვის და შეტევის ხაზებს ვერ გადავაბამთ საუკეთესო თავდამსხმელებიც კი იზოლაციაში დარჩებიან“.
უნგრული პორტალი თავის მკითხველს აცნობებს, რომ საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელი რამაზ სვანაძე ადრე 21-წლამდელთა გუნდს თავკაცობდა. მისი დებიუტი უკრაინის ნაკრებთან შედგა, მაგრამ შეხვედრას წინ მხოლოდ ერთი ვარჯიში უძღოდა და ახალი თავკაცი რადიკალურ ცვლილებებს ვერ მოახდენდა.

გაბეჩავა: „ჯერჯერობით მნიშვნელოვანი სიახლე ვერ დავინახე. პატარა ცვლილებები იყო ბურთის განაწილებაში , მაგრამ ძირითადი პრინციპები იგივე დარჩა. ბუნებრივია, რომ ასეთ მცირე დროში ვერც კვარაცხელიას როლი შეიცვლებოდა. უახლოეს შეხვედრებში უპირველეს ყოვლისა ნახევარმცველთა როლების შეცვლას ველი, რადგან კავშირი დაცვასა და თავდასხმას შორის ამ ეტაპზე სწორად არ მუშაობს. მართალია ახალი მწვრთნელის დანიშვნიდან ჯერ ცოტა დროა გასული, მაგრამ უნგრეთთან შედეგზე ორიენტირებულ თამაშს ველი, თუმცა ტაქტიკაში რევოლუციური ცვლილებები არ მგონია მოხდეს“.
მიშა გაბეჩავას აზრით საქართველოს ნაკრების მთავარი კოზირი კვლავ ფეხბურთელების ინდივიდუალურ ოსტატობაზე გადის, თუმცა მან ერთ მუდმივ პრობლემასაც გაუსვა ხაზი:
„ჩვენი თამაში ინტენსიური არ არის. ამის ნათელი დასტური იყო წინა ორი შეხვედრა. როგორც კი მეტოქის პრესის ქვეშ ვაქცევდით, ის იმწუთასვე შეცდომას უშვებდა, მაგრამ ეს იშვიათად გამოგვდიოდა. თუმცა, რასაკვირველია კვარაცხელიას დონის ფეხბურთელს შეხვედრის ბედის გადაწყვეტა ცუდი პასის მერეც შეუძლია. ასეთი ნიჭის მქონე ფეხბურთელი ბევრ ნაკრებს არ ჰყავს“.
საიტის აზრით მარკო როსის და მის სტაფს საქართველოს ნაკრებთან თამაშისთვის მომზადება გაუჭირდება, რადგან არავინ იცის რას შეცვლის მეტოქის ახალი მწვრთნელი. უნგრეთი შესაძლოა ტაქტიკურ სიურპრიზებს წააწყდეს. თან საქართველოს ძალიან სჭირდება ბოლოდროინდელი შედეგების გაუმჯობესება. „ბარნლის“ მზვერავის აზრით მოსალოდნელია უშეღავათო მატჩი, რადგან ორივე გუნდის ბედი ამ შეხვედრაზეა დამოკიდებული.
გაბეჩავა: „ახალი მწვრთნელის ფაქტორმა პირველ ორ შეხვედრაში შეიძლება ახალი ენერგია მოიტანოს, მაგრამ რამდენიმე დღეში ყველაფერს ვერ შეცვლი. ვუყურებ რა უნგრეთის ნაკრების შედეგებს, ვფიქრობ, რომ ეს იქნება დაბალანსებული შეხვედრა, რომლის ბედიც შეიძლება ერთმა შეცდომამ ან გაბრწყინებამ განაპირობოს“.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი02/10/2026 | 08:47დაცვას და თავდასხმას გადაბმა უნდა
აქეთურ-იქითური01/10/2026 | 08:55ესპანეთის ნაკრების საიდუმლო
აქეთურ-იქითური01/10/2026 | 07:14მარკო როსი: უნგრეთში მაინც წარმატებას ელიან
აქეთურ-იქითური30/09/2026 | 08:54ალ-ხელაიფი: დემბელე, კვარა ან რუისი
