ესპანეთის ნაკრების საიდუმლო

ესპანეთის ნაკრების საიდუმლო

მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვებებით გული იჯერეს, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ, ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელები მაინც შთაგონებით თამაშობენ და შეხვედრას შეხვედრაზე იგებდნენ. ლამინ იამალმა და კომპანიამ ერთა ლიგაში ჯერ ინგლისს მოუგო 3:2, შემდეგ კი ხორვატიას – 4:1. აშკარაა, რომ ლუის დე ლა ფუენტეს გუნდს ისევ ყველა ტიტულის მოპოვება უნდა და წარმატების წყურვილი ჯერ არ განელებია.

მაინც რა მანქანებით ინარჩუნებენ ესპანელები ასეთ მოტივაციას? – ეს კითხვა ფრანგულ საიტ footmercato-ს გაუჩნდა და პასუხის გაცემაც თავად სცადა.

დე ლა ფუენტეს ყველა დაძაბული ჰყავს

ზოგადად, როდესაც გუნდი წარმატებას მიაღწევს მწვრთნელები ცდილობენ შემადგენლობა უცვლელი დატოვონ. ისინი ენდობიან ტრიუმფატორ ფეხბურთელთა ჯგუფს და მის არევას ერიდებიან, დე ლა ფუენტემ კი სხვა გზა აირჩია. ის ძველ სახეებს რეგულარულად აზავებს ახლებით. ის ახერხებს უპრობლემოდ დატოვოს სათადარიგოთა სკამზე ზოგი ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მანამდე რეგულარულად სასტარტო შემადგენლობაში იყო.

სიმეონეს მეთოდი

შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს, მაგრამ დე ლა ფუენტე დიეგო სიმეონეს ფილოსოფიად ცნობილ მეთოდს იყენებს: partido a partido! ეს იმას ნიშნავს, რომ გუნდი იმთავითვე კი არ გეგმავს შეჯიბრების ბოლოს რომელ ადგილზე უნდა გავიდეს, არამედ მხოლოდ მომდევნო თამაშზე ფიქრობს და მისთვის ემზადება. ამ მიდგომის დროს ყოველი მატჩის შემდეგ ყველაფერი თავიდან იწყება, ხდება ერთგვარი გადატვირთვა.

დე ლა ფუენტეს კიდევ ერთი მიდგომა არის ის, რომ გამარჯვება თვითმიზნად არ არის გამოცხადებული. არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ როგორ აღწევ ამ გამარჯვებას. ეს კი მას ნიშნავს, რომ მწვრთნელი ფეხბურთელებს მოგებული შეხვედრების შემდეგაც მიუთითებს იმ ასპექტებზე, რომელთაც გამოსწორება სჭირდება.

ისტორიის დაწერა

ესპანეთში 2008, 2010 და 2012 წლების ტრიუმფის მერე ყოველი ახალი თაობა ძველის ჩრდილქვეშ ექცეოდა. ისეთმა ნიჭიერმა მოთამაშეებმა, როგორებიც იყვნენ ისკო და ტიაგო ალკანტარა ჩავი-ინიესტას წყვილის ჩრდილს თავი ვერ დააღწიეს, დე ლა ფუენტეს ბიჭების ამბავი კი სხვაა. მათ აქვთ ამბიცია, რომ არავისზე ნაკლებნი არ არიან და თავად წერენ ესპანური ფეხბურთის ახალ ისტორიას. როგორც მოვლენები აჩვენებს ეს ასეცაა.

რთული ურთიერთობის ეპოქა დასრულდა

დე ლა ფუენტეს გუნდი კიდევ იმით განსხვავდება წინა გუნდებისგან, რომ მასში ერთსულოვნებაა, რასაც „რეალისა“ და „ბარსელონას“ მტრობაც კი ვერ ურევს. ზოგადად ცნობილია, რომ თუკი დედამიწაზე არსებობს ქვეყანა, სადაც გულშემატკივრები ნაკრებს სულ აკრიტიკებენ, ეს ესპანეთია. ადრე ფანები უფრო კლუბებზე ფიქრობდნენ და ნაკრებს ალმაცერად უყურებდნენ. ახლა ყველაფერი შეიცვალა. „ლა როხას“ მშვიდ გარემოში შეუძლია ვარჯიში და ასპარეზობა. მეორე მხრივ კი მედიის მუდმივი კრიტიკული დამოკიდებულება ფეხბურთელებს მოდუნების შესაძლებლობას არ აძლევს.

თავის გამოჩენის საშუალება

შეიძლება ეს „რეალის“, „ბარსელონას“ და პსჟ-ს ფეხბურთელებს იმდენად არ ეხება, მაგრამ სხვებისთვის ესპანეთის ნაკრებში თავის გამოჩენა რეკლამაა. თუმცა, არც ლიდერებისთვის არის მეორეხარისხოვანი გახდებიან თუ არა მაგალითად „ოქროს ბურთის“ ლაურეატები და ამაში ნაკრებში მიღწეული წარმატებები ძალიან უწყობთ ხელს. ისეთი „არა-ვარსკვლავური“ მოთამაშეც კი, როგორიც არის როდრი „ფრანს ფუტბოლის“ ლაურეატი გახდა და 30 წლის ასაკში „მანჩესტერ სიტიდან“ „ბარსელონაში“ გადავიდა, რასაც ნაკრების გარეშე სავარაუდოდ ვერ მიაღწევდა.

სამეგობრო

„ლა როხას“ ფეხბურთელებისთვის ეროვნული გუნდის შეკრებაზე მისვლა მეგობრების ნახვას ნიშნავს. ბევრი მათგანი ბავშვობიდან, აკადემიიდან და ასაკობრივი ნაკრებიდან მოდის ერთად. ეს მოედანზე წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ფეხბურთელები ერთად ყოფნით ხალისობენ და ეს ლამაზად თამაშის წინაპირობაა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.