უსახური მატჩი

უსახური მატჩი

ერთა ლიგის B საფეხურის მეორე ჯგუფს ჩრდილოეთ ირლანდია და უკრაინა ლიდერობენ. ბელფასტში უნგრეთთან 0:0-ის შემდეგ ბრიტანელებს, რომლებმაც პირველ ტურში თბილისში 1:0 მოიგეს 4 ქულა აქვთ. მათ პირველ ტაიმში ძელს გაარტყეს ბურთი. ეს კერძოდ პატრიკ კელიმ გააკეთა. თუმცა, ზოგადად ეს იყო შეხვედრა ცოტა სახიფათო მომენტით.

საინტერესო სტატისტიკა: ამ შეხვედრის წინ ჩრდილოეთ ირლანდიელებს შინ ჩატარებული 9 მატჩიდან მხოლოდ ერთი ჰქონდათ წაგებული. ის ერთადერთი შეხვედრა მათ გერმანელებმა მოუგეს და უნგრეთი ნამდვილად არ ჰგავდა იმ გუნდს, რომელიც იმავეს შეძლებდა.

მეკარე პირსი ჩარლზმა, რომელმაც თბილისში ხვიჩა კვარაცხელიას პენალტი აუღო, ამჯერად პირველი დარტყმა 90-ე წუთზე მოიგერია, თუმცა ვერც უნგრელების კარის მცველზე ბალაჟ ტოტზე ვიტყვით, რომ დიდი ჯაფა დაადგა. სამი დღის წინ საქართველოში დადგმული 99-ე წუთის დრამისგან (შეა ჩარლზმა გოლი გაიტანა) განსხვავებით ამ თამაშში ემოციის ამოსაფრქვევი არაფერი მომხდარა. ახლა, მესამე შეხვედრაში, სლოვაკეთში 4 ქულიანი გუნდები უკრაინა და ჩრდილოეთ ირლანდია ერთმანეთს შეხვდებიან.

BBC წერს, რომ 6 წლის შემდეგ B ლიგაში დაბრუნებულმა ჩრდილოეთ ირლანდიამ გასულ პარასკევს და ორშაბათს კარგი ტესტი გაიარა – უპირველეს ყოვლისა მტკიცე დაცვით გამოიჩინა თავი. და ეს იმის მიუხედავად, რომ თბილისში ერთ-ერთი წამყვანი მცველი დენ ბალარდი დაუშავდათ.

გუნდს, რომელმაც BBC-ს თქმით პარასკევს ხვიჩა კვარაცხელიას არ მისცა თავის გამოჩენის საშუალება ორშაბათს თეორიულად დომინიკ სობოსლაისგან ელოდა ხიფათი, მაგრამ „ლივერპულის“ ნახევარმცველმა მასპინძლების ორგანიზებული მოქმედებების, განსაკუთრებით კი უბურთოდ თამაშის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო. როდესაც ბოლო წუთებზე უნგრელთა მეათე ნომერმა დარტყმა მიზანს ააცილა, თვალები ზეცისკენ აღმართა – ეს ამ შეხვედრაში მისი ბოლო შანსი იყო.

ბრიტანული მაუწყებელი წერს, რომ ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრები შეხვედრის მსვლელობისას სულ უკეთ და უკეთ თამაშობდა, ამიტომ ბოლო წუთებზე უნგრელების გოლი უსამართლობა იქნებოდა. ჩვენი მხრიდან დავძენთ: ალბათ ისეთი, როგორიც სამი დღით ადრე თბილისში მოხდა.

საბოლოოდ, ეს იყო ცუდი სანახავი მატჩი, რომელიც 0:0 დასრულდა, მაგრამ ცხრილში ლიდერები და აუტსაიდერები გამოკვეთა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.