შედეგიანი ფრანგული უქმეები

შედეგიანი ფრანგული უქმეები

გასულ უქმეებზე საფრანგეთში მოთამაშე ქართველმა ლეგიონერებმა სოლიდურ ინდივიდუალურ წარმატებებს მიაღწიეს, ინგლისის სარაგბო ჩემპიონატში კი რეგულარული სეზონი დაიწყო.

ტოპ 14

გიორგი ახალაძემ „კლერმონის“ სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნება ლელოთი აღნიშნა. პირველი ტაიმის გაწითლებულ დროში ბორჯღალოსანმა ბურჯმა „ვულკანების“ მოლში იაქტიურა და შეტევა დააგვირგვინა კიდეც. ეს იყო გიორგის პირველი ლელო მიმდინარე სეზონის მე-3 მატჩში, სულ კი მის ანგარიშზე ტოპ 14-ის 43 თამაში და 8 ლელოა. „კლერმონმა“ კი „კასტრს“ ბონუსით, 20:8 მოუგო და ცხრილში მე6 საფეხურზეც ავიდა.

„პომ“ „ლა როშელს“ უმასპინძლა და ამ მატჩში კი ბასკთა ორივე ქართველმა ისახელა თავი. 39-ე წუთზე ვეტერანმა ლექსო ყაულაშვილმა სეზონში თავისი პირველი ლელო იზეიმა, რომელიც მის მდიდარ კარიერაში ტოპ 14-ის 183-ე მატჩში მე-10 გახლდათ. მე-60 წუთზე კი, პოელთა მძლავრი და მრავალფაზიანი შეტევა შედეგიანად გუნდის კაპიტანმა ბექა გორგაძემ დააგვირგვინა, ვისაც ბურთის დამიწებისთანავე ერთ-ერთ მეტოქესთან მცირე მუშტი-კრივის გამართვაც მოუხდა. „ბექსონასთვის ეს იყო სეზონის მე-3 მატჩში მე-2 ლელო, კარიერული სტატისტიკა კი ტოპ 14-ის 108 მატჩსა და 19 ლელოს გაუტოლდა. მოქმედ ქართველ მორაგბეთაგან მეტი – 28 ლელო მხოლოდ დავით ნინიაშვილის ანგარიშზეა. „პომ“ ბონუსით იმარჯვა – 39:17, რაც მეორე-მესამე ადგილებზე დამკვიდრებად დაუფასდა.

პრო დ2

„ბრივმა“ „კოლომიეს“ 41:26 მოუგო და შეცვლაზე შესულმა ვახტანგ აბდალაძემ 64-ე წუთზე საოცარი ლელო გაიტანა – 70 მეტრი ირბინა, თანაგუნდელთან მარტივი კომბინაცია გაათამაშა და ლელოში დაუბრკოლებლად შეირბინა. ეს იყო აბდალაძის მე-2 ლელო,მიმდინარე სეზონში.

„პროვანსმა“ „ორიაკს“ 24:20 სძლია და სტუმართა ქართველმა მგეზავმა თედო აბჟანდაძემ 38-ე წუთზე ტრავმა მიიღო და მინდორი დატოვა, მანამდე კი თითო გარდასახვა და ჯარიმა მიითვალა. ამ მატჩში საინტერესო კი ის მოხდა, რომ „ორიაკის“ შემადგენლობაში 8 (!) ქართველმა ითამაშა

„ბიარიცმა“ „მონტობანს“ 32:20 აჯობა და დამარცხებულთა ფულბექმა დაჩი პაპუნაშვილმა თავის ახალ გუნდში პირველი ქულები დააგროვა – 39-ე წუთზე შორეული ჯარიმა გაიტანა.

უქმეების მთავარი ქართული ამბები კი ოიონაქსში დატრიალდა. მასპინძელთა გუნდის სამმა ბორჯღალოსანმა თამაში სასატრტოში დაიწყო და სამივემ შედეგიანად ითამაშა. შეხვედრის დებიუტშივე ლუკა მატკავამ დრიბლინგით საკმაო მანძილი დაფარა, ამ გარღვევას ერთბაშად რამდენიმე ოიონაქსელი აჰყვა, მომდევნო ორი სვლა კი ვასილ ლობჟანიძემ ნახტომში დააგვირგვინა. ეს იყო ვასკას მე-2 ლელო სეზონის მე5 მატჩში, სულ კი მის ანგარიშზე პრო დ2-ის 72 მატჩი და 5 ლელოა. 26-ე წუთზე ვანო კარკაძემ ლელოების სეზონური ანგარიში გახსნა, კარიერაში კი მისი მონაგარი 27 მატჩში 9 ლელოს ითვლის. დაბოლოს, ლუკა მატკავას შესახებაც: ბორჯღალოსანმა მგეზავმა 55 წუთში გუნდის 6-ვე ლელო გარდასახა, 12 ქულა დააგროვა და სეზონის 5 მატჩში უკვე 58 ქულით იწონებს თავს. „ოიონაქსმა“ ბონუსით, 56:35 მოუგო „ნევერს“ და 5 მატჩში 23 ქულით ლიგას დამაჯერებლად ლიდერობს.

პრემიერშიპი

„ბრისტოლ ბერსმა“ სეზონი გამარჯვებით დაიწყო – ლონდონში „სეილ შარქსს“ 34:24 სძლია და 4 ლელოსთვის ბონუსიც მიიღო. ლუკა ივანიშვილი სასტარტოში იყო და 52 წუთიც ითამაშა.

აი, ნიკა აბულაძე და ბაჩუკი ჭუმბაძე კი „ექსეტერს“ არ დახმარებიან და მათ გარეშე „ბელადებმა“ შინ „გლოსტერთან“ 24:45 წააგეს, თუმცა 4 ლელოსთვის ბონუსი კი მიიღეს.

ერთიც: ზედ სეზონის სტარტამდე „ნიუკასლმა“ 18 წლის ქართველი მესამეხაზელი ირაკლი ყოლბაია გადაიბირა, 2-წლიანი ხელშეკრულებაც დაუდო, თუმცა, 20-წლამდელთა ნაკრების წევრი ამ ეტაპზე ახალგაზრდულ გუნდში ინგლისურ რაგბთან ადაპტაციას გაივლის.

ავტორის პროფილი

სლავა გასპაროვი
სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.