რამაზ სვანაძე – იმედია, ისეთ ფეხბურთს ვითამაშებთ, რომ გულშემატკივარს გავახარებთ

რამაზ სვანაძე – იმედია, ისეთ ფეხბურთს ვითამაშებთ, რომ გულშემატკივარს გავახარებთ

ერთა ლიგის მეორე ტურში უკრაინასთან საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ „დინამო არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა და მომავალი შეხვედრისთვის მზადებაზე ისაუბრა.

რამაზ სვანაძე – „მინდა, მადლობა ვუთხრა ფეხბურთის ფედერაციას ამ დიდი ნდობისთვის. საფეხბურთო სამყაროში არიან ფეხბურთელები, რომლებიც უფრო იოლი გზით მიდიან მწვრთნელობამდე. მე აქამდე მარტივად არ მოვსულვარ, რთული გზა გავიარე და ამიტომ, არ უნდა დაიბადოს კითხვა, მზად ვარ თუ არა ეროვნული ნაკრების მწვრთნელობისთვის. ახლა ყველაფერი შედეგებით უნდა შეფასდეს.

ჩემს სამწვრთნელო სტაფში გიორგი დეკანოსიძე და ბონდო გოცირიძე იქნებიან. რა გვინდა ყველაზე სწრაფად გამოვასწოროთ? ტაქტიკურ საკითხებს არ შევეხები, იმედი მაქვს, სწორი ემოციური დამოკიდებულება გვექნება. ველოდები ერთიანობას, რომლის გარეშეც წარმატების მიღწევა რთულია.

ჩვენი მიზანია სტაბილური თამაში და შედეგები ვაჩვენოთ. ეს ნაბიჯ-ნაბიჯ გასავლელი გზაა, მაგრამ, მიმაჩნია, რომ ჩვენ გუნდს ამის პოტენციალი აქვს. პროგრამა-მინიმუმი? ჩემი მთავარი მისიაა, ნაკრებმა ნებისმიერ გუნდთან დადებით შედეგს მიაღწიოს.

უკრაინის ნაკრებს რაც შეეხება, მწვრთნელის შეცვლის შემდეგ გუნდი უფრო ორგანიზებულ და კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობს.

ეგოიანი ჩვენი ნაკრებისთის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ჩაკვეტაძე მზად იქნება თუ არა 90 წუთის სათამაშოდ, თამაშამდე გვეცოდინება. ხვიჩას მინდა წარმატება ვუსურვო „ოქროს ბურთის“ მოპოვებაში და ხვალ უკრაინასთან შეხვედრაში.

გულშემატკივრისგან დიდ მხარდაჭერას ველოდები. 11 წელია, ნაკრების მწვრთნელი ქართველი არ ყოფილა. იმედია, ხვალ და შემდეგში ისეთ ფეხბურთს ვითამაშებთ, რომ გულშემატკივარს გავახარებთ“.

ოთარ კიტეიშვილი: „უპირველესად დიდი მადლობა ვილი სანიოლს, მასთან ერთად დიდი გზა გავიარეთ და ჩვენს ისტორიაში ყველაზე დიდ წარმატებას მივაღწიეთ. უბრალოდ, ბოლო დროს სამწუხაროდ შედეგები არ იყო დამაკმაყოფილებელი. საკუთრ პასუხისმგებლობას ფეხბურთელებიც ვაცნობიერებთ. ახალ მთავარ მწვრთნელს კი წარმატებას ვუსურვებთ. 

გულშემატკივარს ერთადერთი იმას ვპირდებით, რომ მაქსიმალურად ვაჩვენოთ, რაც შეგვიძლია. მოედანზე კი ბოლომდე ვიხარჯებით. ხვალ დაინახავთ იმ მუხტს და საქართველოს სიყვარულს, რაც ჩვენ გაგვაჩნია. დიდი დრო გამიცდა, მაგრამ სანაკრებო შეკრებამდე რამდენიმე თამაში ჩავატარე, თუმცა, ძირითად შემადგენლობაში არცერთი არ დამიწყია. რა დროს მივიღებ ხვალ, ამას მე არ ვწყვეტ, ეს მწვრთნელის პრეროგატივაა“.

ავტორის პროფილი

გიორგი ღოღობერიძე
გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.