საქართველოსა და უკრაინის ნაკრებთა შეხვედრის წინა დღეს თბილისში პრეს-კონფერენცია გამართა უკრაინის ნაკრების იტალიელმა მწვრთნელმა ანდრეა მალდერამ. გთავაზობთ ამონარიდებს:
…რომან იარემჩუკი (თავდამსხმელი, ოლიმპიაკოსი, ვალენსიაში თამაშის დროს გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელი) უკვე მწყობრშია, ის გუნდის ნაწილი იქნება. ფეხის მცირე პრობლემა აქვს ვიტალი მიკოლენკოს (მცველი, ევერტონი), რის გამოც გადავწყვიტეთ არ გაგვერისკა. სხვა მხრივ მატჩისთვის მზად ვართ…
…4-4-2? სათამაშო სქემაზე ლაპარაკი არ მინდა. უპირველეს ყოვლისა ჩემს განკარგულებაში მყოფი მოთამაშეების თვისებებიდან გამოვდივარ. ვცდილობ ისინი საუკეთესო პოზიციაზე დავაყენო. ჩვენ შეგვიძლია ვითამაშოთ ათი ნომრით, ერთი ფორვარდით, ორი ფორვარდით. ჩემთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია ფეხბურთელები, რომლებიც მოედანზე გადიან მზად იყვნენ…
…თბილისში კარს ანატოლი ტრუბინი (ბენფიკა) დაიცავს. ამის შესახებ მეკარეებს უკვე ველაპარაკე. ჩვენ ადრევე ვიყავით შეთანხმებულები, რომ პირველ შეხვედრაში კარს რიზნიკი დაიცავდა, მეორეში კი ტრუბინი…

…ფეხბურთელთა სხვადასხვა ჯგუფი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვარჯიშობდნენ, რის გამოც მათ ფიზიკური მომზადების დონე სხვადასხვა აქვთ. მე ვინც გამოვიძახე, ყველას ვენდობი. ტაქტიკურ არჩევანს კი კონკრეტული შეხვედრიდან გამომდინარე გავაკეთებ. ეს რასაკვირველია არ ნიშნავს იმას, რომ ის ფეხბურთელები, რომლებიც ცალკე ვარჯიშობდნენ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებენ…
…საქართველოს ნაკრებში მწვრთნელის შეცვლის შესახებ? რასაკვირველია, როდესაც გუნდში მწვრთნელი იცვლება, ფეხბურთელები ამაზე რეაგირებენ. სანაკრებო ფეხბურთში დროის ასეთ მცირე მონაკვეთში რაიმე სამუშაოს ჩატარება ძალიან ძნელია. ემოციური თვალსაზრისით კი როგორც გითხარით, ფეხბურთელები რეაგირებენ. მაგრამ, ჩვენ საკუთარ თამაშზე უნდა ვიფიქროთ. მოწინააღმდეგეზე ფიქრში ენერგია არ უნდა დავხარჯოთ…
…კვარაცხელია ბრწყინვალე ფეხბურთელია, ეს ჩემგან არ გესწავლებათ. ის ჩვენი ილია ზაბარნის თანაგუნდელია, პსჟ-ში ერთად თამაშობენ. ვფიქრობ ხვიჩა „ოქროს ბურთს“ იმსახურებს და არა მარტო იმიტომ, თუ როგორ ჩაატარა გასული სეზონი, არამედ იმიტომაც, თუ როგორ ითამაშა წინა წლებში „ნაპოლიში“. მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ…
…ვფიქრობ, ისევე როგორც უნგრეთთან შეხვედრაში აქაც დაბალანსებული თამაში იქნება. შედეგი ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული. ბოლო შეხვედრაში საქართველო ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა. შესაძლოა წაგებას არც იმსახურებდა. გოლი ბოლო წუთზე გაუშვა…
…ზაბარნი და კვარაცხელია? ხვალ ისინი მეტოქეები იქნებიან. ისინი რასაკვირველია მეგობრები არიან, მაგრამ ხვალ, არის თამაში საქართველო უკრაინის წინააღმდეგ და ჩვენ მეტოქეები ვიქნებით…
…უკრაინას საქართველოსთან დადებითი ბალანსი აქვს, მაგრამ მე მხოლოდ საკუთარი თავიდან გამომდინარე შემიძლია ლაპარაკი. მე აქ ახალი მოსული ვარ და მხოლოდ აწმყოზე უნდა ვიფიქრო. ადრეც ვთქვი, რომ ეს ჯანსაღი ბალანსი უნდა შევინარჩუნოთ, თუმცა როდესაც იგებ ზედმეტადაც არ უნდა გაიხარო. ასევე, არ უნდა დაითრგუნო, როდესაც წააგებ. ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები, რათა ავაგოთ ისეთი რამ, რაც დიდხანს გასტანს…
…ქართულ ფეხბურთზე იმას გეტყვით, რომ მე როგორც იცით იტალიელი ვარ, ბოლო დროს კი იტალიურ ლიგაში ბევრი ქართველი გამოდის და ისინი კარგად თამაშობენ. „ფროზინონეში“ ძალიან კარგია გიორგი კვერნაძე. იტალიაში მოთამაშე ქართველები ტექნიკურად და ტაქტიკურად ძლიერები არიან…
…ვარჯიშის ადგილის შერჩევა? ყოველთვის მირჩევნია ვარჯიშის ადგილი თავად ავირჩიო. თამაშის წინ, ბოლო ვარჯიშზე ხომ შეიძლება დროის ლიმიტი დაგვიწესონ, რაც ძალიან არ მიყვარს. რასაკვირველია ვარჯიშის სხვაგან გადატანით ვკარგავთ იმ მოედანთან გაცნობის შესაძლებლობას, სადაც მატჩი უნდა ჩატარდეს, მაგრამ რაკი სანაკრებო ფეხბურთში ბევრი მუშაობის საშუალება არ გვეძლევა, მოედნის გაცნობას სადმე სხვაგან სრულყოფილად ვარჯიში მირჩევნია.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი28/09/2026 | 07:19ანდრეა მალდერა: მოწინააღმდეგეზე ფიქრში ენერგია არ უნდა დავხარჯოთ
მთავარი ამბავი27/09/2026 | 09:57სანიოლი: 25 – 10 – 23
სიახლეები27/09/2026 | 09:17ტორესმა ააცილა და ააცილა
აქეთურ-იქითური27/09/2026 | 07:15ირლანდიელი მეკარე ისრაელთან თანაშს ბოიკოტს უცხადებს
