მიზანი: ჯგუფის მოგება და A ლიგა

მიზანი: ჯგუფის მოგება და A ლიგა

ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა სანაკრების შეკრების დაწყების წინ ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა.

„ჩრდილოეთ ირლანდიასთან პირველი თამაშის შედეგი უმნიშვნელოვანესი იქნება. რაც შეეხება ჩვენს მიზანს – 6 თამაში გვაქვს და ჩვენი მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის მოპოვება და A ლიგაში გადასვლაა.

წინა გათამაშებაში B ლიგაში ადგილის შენარჩუნება წარმატებად ჩაითვალა, მაგრამ ახლა შემდეგი ნაბიჯი უნდა გადავდგათ – ელიტაში დაწინაურება გვსურს.

ერთა ლიგის ახალი ფორმატი მომზადების კუთხით ბევრ რამეს შეცვლის. ვთვლი, რომ ეს ცვლილებები დიდ ნაკრებებს უფრო წაადგებათ, რომლებსაც 50-60 კარგი ფეხბურთელი ჰყავთ, საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანას კი მეტი პრობლემა შეექმნება, მაგრამ მაინც იქნება დრო, გადავეწყოთ და შემადგენლობაში ცვლილებები შევიტანოთ.

ბევრ ჩვენ ფეხბურთელს სხვადასხვა სახის პრობლემა შეექმნა, იყვნენ ტრავმირებულები, ზოგიერთი მოედანს ახლა დაუბრუნდა და ჯერ ოპტიმალურ ფორმაში არაა. ეს ჩვენთვის დიდი სირთულეს წარმოადგენს. მაგალითად, კიტეიშვილის სრულფასოვნად შეცვლა ჩვენთვის ძალიან რთულია, ჩაკვეტაძეც ახლა დაუბრუნდა მოედანს, მაგრამ იმედია, მაინც საჭირო ინტენსივობით ითამაშებს.

ოთარ მამაგეიშვილი წელიწად-ნახევრის წინაც იყო ნაკრების კანდიდატი, მაგრამ შემდეგ პორტუგალიაში წავიდა, სადაც პრობლემები შეექმნა და ვერ თამაშობდა. ახლა ავსტრიაშია, უკვე თამაშობს და ნიკა გაგნიძის არყოფნაში მისი გამოძახება დროული იყო. თუ ისიც მისი ძმის მსგავსი პროფესიონალია, ნაკრებში დიდი წარმატება ექნება. იმედი მაქვს, ტყუპების გარჩევის პრობლემა არ მექნება.

ეგოიანი სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშობს, ნაკრებში მისი უნივერსალიზმი დაგვჭირდება მიმაჩნია, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდება. ამ სანაკრებო ფანჯარაში ბევრი მატჩი გველის და თავის გამოჩენის შანსი ყველას ექნება.

როდესაც გურამ კაშიამ კარიერა დაასრულა, ვუთხარი, რომ მისთვის ნაკრების კარი მუდამ ღია იქნებოდა. ყველანაირად დავეხმარები, რომ როგორც მწვრთნელი, განვითარდეს. მიუხედავად იმისა, რომ სამწვრთნელო გამოცდილება ჯერ არ აქვს, მას ყველა პატივს სცემს და მისი პიროვნული თვისებები ნაკრებს ძალიან წაადგება“.

ვილი სანიოლმა „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებასა და ხვიჩა კვარაცხელიას შანსებზეც ისაუბრა:

„ტრადიციულად, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება, „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულად მისი მონაწილე სახელდება. მაშინ ინტერვიუ მსოფლიო ჩემპიონატის კონტექსტში ჩამომართვეს და იმ დროისთვის ოლისეს ნამდვილად საუკეთესოდ მივიჩნევდი. თუმცა, მერე ტურნირი ჩააგდო და „ოქროს ბურთის“ მოგების ფავორიტი აღარაა.

ახლა კილიან მბაპესთან და ჰარი კეინთან ერთად, კვარაცხელიაა ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია და მჯერა, „ოქროს ბურთს“ ხვიჩა მოიგებს.

ექვსი წელია, ყველა შესაძლო გამოკითხვაში კვარაცხელიას ვასახელებ და ამ ერთი მომენტის ასე გაზვიადება, სამართლიან და პატიოსან მიდგომად არ მიმაჩნია. ამ პერიოდში არაერთი შეცდომა დავუშვი, მაგრამ ვერავინ დამაბრალებს, რომ საქართველოსთვის და მისი ნაკრებისთვის მაქსიმუმს არ ვაკეთებ“.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...