მართალია კილიან მბაპე და ლამინ იამალი მტრად მოკიდებულ კლუბებში, „რეალსა“ და „ბარსელონაში“ თამაშობენ, მაგრამ როდესაც საქმე „ოქროს ბურთზე“ მიდგა ორივემ ერთი მხარე დაიჭირა და ეს მხარე „პარი სენ ჟერმენში“ მოთამაშე კონკურენტების წინააღმდეგ ლაშქრობას გულისხმობს. თუმცა, მათ სავარაუდოდ არც ერთმანეთზე ამოსდით მზე და მთვარე. როგორც იცით მბაპემ „ფრანს ფუტბოლის“ შემდეგ ინტერვიუ AS-ს და მისმა ცალკეულმა გამონათქვამებმა ქვეყანა მოიარა. ფრანგს არც ესპანელი ჩამორჩა. მან ინტერვიუ მისცა Movistar+ – ს, რომლის ცალკეული ფრაგმენტები „მუნდო დეპორტივომ“ წინასწარ შეიტყო და გამოაქვეყნა. 19 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ამ ინტერვიუში თავის დამოკიდებულებას განმარტავს.
„ოქროს ბურთის“ ორგანიზატორი „ფრანს ფუტბოლი“ 100 ხმოსან ჟურნალისტს საუკეთესოს არჩევისას სამი კრიტერიუმის გათვალისწინებას სთხოვს: ინდივიდუალური შედეგი, კლუბის/ნაკრების შედეგი და მოთამაშის კლასს პლუს „ფეარ ფლეი“. იამალი კი ფაქტობრივად ამბობს, რომ ყურადღება მარტო ინდივიდუალურ შედეგს უნდა ექცეოდეს.
მოკლედ რომ ვთქვათ, ბარსელონელისთვის პსჟ-ს მოთამაშეები ოსმან დემბელე, ხვიჩა კვარაცხელია, ფაბიან რუისი, ვიტინია, ვილიან პაჩო, ნუნუ მენდეში, ჟოაო ნევეში და აშრაფ ჰაკიმი „ოქროს ბურთს“ არ იმსახურებენ. მერე რა, რომ მათმა კლუბმა ზედიზედ მეორედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. მან თქვა:

„დღეს ამ ჯილდოს სხვანაირად უყურებენ. იმ ეპოქაში, როდესაც საუკეთესოები მესი და კრიშტიანუ იყვნენ, ყველამ იცოდა, რომ მსოფლიოს ორი უძლიერესი ფეხბურთელი ჰყავდა. დღეს კი ხალხი მნიშვნელობას ისეთ ფაქტორებს ანიჭებს, რომელთაც „ოქროს ბურთთან“ კავშირი არ აქვთ. მაგალითად, ამბობენ, რომ ჯილდო უნდა მოიგოს პსჟ-ს ფეხბურთელმა რადგან ამ გუნდმა ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა. მაგრამ, როდესაც ჩემპიონთა ლიგას იგებ ამისათვის ჯილდო – ჩემპიონთა ლიგის თასი – გადაეცემა კიდეც კლუბს, პსჟ-ს. ეს საკლუბო ჯილდოა. სხვა საქმე იქნებოდა პსჟ-ში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი რომ გამოდიოდეს. მაშინ ჯილდოს მას მივცემდით და ლაპარაკიც მორჩებოდა, წერტილი!“.
იამალის ვერსიით „პარი სენ ჟერმენში“ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი არ თამაშობს.
კილიან მბაპემ კი თავის ინტერვიუებში საზოგადოებას შეახსენა, რომ ის გასულ სეზონში ლა ლიგის, ჩემპიონთა ლიგის და მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
„ყველაზე მნიშვნელოვან შეჯიბრებებში, სადაც საუკეთესო ფეხბურთელები გამოდიან, ყველაზე მეტი გოლის გატანა ძალიან დიდი მიღწევაა. არ ვიცი ადრე ვინმეს ასეთი რამ გაუკეთებია თუ არა, მაგრამ მე ყოველთვის მწამდა, რომ ისტორიას ყურადღება უნდა ექცეოდეს“, – თქვა „რეალის“ თავდამსხმელმა.
იამალმა მბაპეს არგუმენტი გააქარწყლა: „„ოქროს ბურთი“ არ უნდა გადაეცემოდეს ფეხბურთელს იმისათვის, რომ მან 80 გოლი გაიტანა. მოთამაშისთვის, რომელმაც 80 გოლი გაიტანა არსებობს ჯილდო სახელად „პიჩიჩი“, რომელსაც საუკეთესო ბომბარდირს გადასცემენ. ეს სულ სხვა რამ არის, მაგრამ ხალხს ეს არ ესმის. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი კი ის არის, ვინც ფეხბურთის ყურებისას კარგ დროს გატარებინებს, ვინც დანარჩენებისგან გამოირჩევა. როდესაც ამ მიდგომას დავუბრუნდებით, საუკეთესო ჯილდოსაც მართლა საუკეთესო მიიღებს და არა ის ვინც ყველაზე მეტი გაიტანა ან ყველაზე მეტი ტიტული მოიგო“.
დაგვეთანხმებით, ლა ლიგის წარმომადგენლები, იამალი და მბაპე თავიანთ გამონათქვამებში კოლეგების მიართ კორექტულები არ იყვნენ. რაც შეეხება იმას, თუ ვინ გახდება 2025-26 წლების საუკეთესო ფეხბურთელი, ეს 26 ოქტომბერს ლონდონში გამოჩნდება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 07:40იამალი პსჟ-ს და მბაპეს წინააღმდეგ
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 09:15დუეს არ ათამაშებენ და ახალ კონტრაქტს სთავაზობენ
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 08:28პსჟ-ს ყოფილი დირექტორი პსჟ-ს წინააღმდეგ
სიახლეები18/09/2026 | 07:10პაპემ ჟორჟს პენალტი არ დაარტყმევინა
