დიდიე დეშამის 14 წლიანი ეპოქის შემდეგ საფრანგეთის ნაკრებში ახალი, ზინედინ ზიდანის პერიოდი იწყება. დეშამის მემკვიდრემ თურქეთის, ბელგიისა და იტალიის წინააღმდეგ ერთა ლიგის შეხვედრებისთვის 23 კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ეს ზიდანის პირველი სიაა „ლურჯების“ თავკაცის რანგში და ვფიქრობთ მისთვის თვალის გადავლება ქართველი გულშემატკივრისთვისაც არ იქნება უინტერესო.
ფრანგული წყაროები უპირველეს ყოვლისა აღნიშნავენ, რომ წამყვანი ფეხბურთელების უმრავლესობა, რომლებიც ბოლო ხანს საფრანგეთის ნაკრებში თამაშობდნენ, კვლავ გამოძახებულია. ლაპარაკია მაიკ მინიონზე, დაიო უპამეკანოზე, ადრიენ რაბიოზე, ოსმან დემბელესა და კილიან მბაპეზე. სხვათა შორის მბაპე ზედანის ხელშიც კაპიტნად რჩება.
ძველი ფეხბურთელების პარალელურად „ლურჯებში“ ახალი მოთამაშეებიც გამოჩნდნენ. დებიუტანტები გახლავან: გიომ რესტი (ტულუზი, მეკარე); მცველები ანდი დიუფი (ინტერი), და ჟერემი ჟაკე (ლივერპული); ნახევარმცველები ადრიან ტრუფერი (ბორნმუთი, თუმცა მთლად დებიუტანტი არ არის, რადგან დეშამის ხელში ერთი თამაში ჰქონდა ნაკრებში ჩატარებული) და ლუკა დე კუნია (კომო) და „რენის“ თავდამსხმელი ესტებან ლეპოლი.

მეკარე ბრის სამბამ ნაკრების სათადარიგო გოლკიპერის პოზიცია დაკარგა. დაცვაში აღარ ჩანან ძმები ერნანდესები, მატიე უდოლი და ვესლი ფოფანა – თუმც ამ უკანასკნელის გამოძახებას ელოდნენ. მარცხენა მცველ ლუკა დინს პსჟ-ში მძიმე სტარტი აქვს და ზიდანმა არც მას უხმო. მარჯვენა ფრტაზე ახალმა მწვრთნელმა იუვენტუსელი პიერ კალულუ მალო გუსტოს ამჯობინა.
ფრანგმა ჟურნალისტებმა ყურადღება მიაქციეს, რომ ნახევარდაცვაში არა და არ დადგა „ლიონში“ ჟორჟ მიქაუტაძის თანაგუნდელის კორენტინ ტოლისოს დრო. ნგოლო კანტეს ნაკრებში აღარ გამოიძახებენ.
„დიახ მე ის არ გამოვიძახე. მიზეზი: ასეთია ჩემი არჩევანი. გუნდის განვითარებისთვის სხვა ფეხბურთელების გამოძახება ვამჯობინე. კანტე სამაგალითო ფეხბურთელი იყო, მაგრამ უკვე 35 წლისაა, მე კი ამ გუნდს ოთხი წელიწადი უნდა გავუძღვე“, – თქვა ზიდანმა.
აურელიენ ჩუამენი ფიზიკურად 100 პროცენტით ჯერ მზად არ არის. ჩუამენთან დაკავშირებით ფრანგთა ახალმა თავკაცმა განმარტა: „ჩვენ ვლაპარაკობთ ფეხბურთელზე, რომელიც ორი თვე მოედანზე არ გასულა. რაც ახალი სეზონი დაიწყო მან მხოლოდ 180 წუთი ითამაშა. ვფიქრობ ამ ეტაპზე მისთვის მადრიდში დარჩენა და ფორმის აღდგენა უფრო ჭკვიანური ნაბიჯი იყო. ბენზემა? მე ქარიმთან ერთად მადრიდში დაუვიწყარი წლები გავატარე, , მაგრამ კანტეს შემთხვევისა არ იყოს მომავლის გუნდში ახალგაზრდები მჭირდება“.
ხსენებულთა გარდა ზიდანმა გამოიძახა მეკარე რობენ რისე (ლანსი); მცველები: იბრაჰიმა კონატე (რეალი), ჟიულ კუნდე (ბარსელონა), მაქსონს ლაკრუა (ჩელსი); ნახევარმცველები: ედუარდო კამავინგა (რეალი), რაიან შერკი (მანჩესტერ სიტი), მანუ კონე (რომა), უორენ ზაირ-ემერი (პსჟ); თავდამსხმელები: ბრედლი ბარკოლა (ლივერპული), დეზირე დუე (პსჟ), კილიან მბაპე (რეალი), მაიკლ ოლისე (ბაიერნი).
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 08:48საფრანგეთში ზიდანის ერა იწყება
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 07:40იამალი პსჟ-ს და მბაპეს წინააღმდეგ
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 09:15დუეს არ ათამაშებენ და ახალ კონტრაქტს სთავაზობენ
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 08:28პსჟ-ს ყოფილი დირექტორი პსჟ-ს წინააღმდეგ
