ოლიმპიადაზე ერთნაირად

ოლიმპიადაზე ერთნაირად

სამარყანდში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადაზე კიდევ ორი ტური მიილია და საქართველოს ორივე ნაკრებს ერთნაირი მაჩვენებელი აქვს.

პირველ ტურში ორივე ნაკრების მშრალი გამარჯვებების შემდეგ მეორე ტური ჩვენი გუნდებისთვის მთლად სახარბიელო ვერ გამოდგა. ქალთა ნაკრები მონტენეგროს დაუზავდა – 2:2. პარტიები მოიგეს პირველ და მეოთხე დაფაზე მოთამაშე ნანა ძაგნიძემ და მერი არაბიძემ; მეორე და მესამე დაფაზე მოთამაშე ბელა ხოტენაშვილმა და ლელა ჯავახიშვილმა კი მოულოდნელი მარცხი იწვნიეს.. სამაგიეროდ, მესამე ტურში არაბთა გაერთიანებული საამიროების გუნდი არ დაინდეს – 4:0. ჩვენს გუნდს ქულები ნინო ბაციაშვილმა, ხოტენაშვილმა, ჯავახიშვილმა და არაბიძემ მოუტანეს. სამი ტურის შემდეგ ქალთა შორის უდანაკარგოდ, ექვსი ქულით, 20 ნაკრები ლიდერობს, საქართველოს ხუთი ქულა აქვს.

მეორე ტურში ჩვენმა ვაჟებმა 2:2 ითამაშეს; ყირგიზეთის გუნდთან მხოლოდ ბაადურ ჯობავამ მოიგო; მიხეილ მჭედლიშვილი და ლუკა პაიჭაძე მეტოქეებს დაუზავდნენ, ხოლო ნიკოლოზ კაჭარავა დამარცხდა. ვაჟთა ნაკრებმა მესამე ტურში ფინეთს 3:1 აჯობა. აქ მხოლოდ პირველ დაფაზე მჭედლიშვილმა წააგო; ჯობავამ, ლევან ფანცულაიამ და პაიჭაძემ კი ჩვენს გუნდს გამარჯვება გაუნაღდეს.

ვაჟთა შორის სამი ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმი 21 გუნდს აქვს, რის შემდეგ ხუთი ქულით საქართველო და სხვა ნაკრებები მიჰყვებიან.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...