ქოჩორა სევილიასაც მოუნდა

ქოჩორა სევილიასაც მოუნდა

ესპანური AS წერს, რომ მართალია „სევილიას“ მთავარი ამოცანა თავდამსხმელის ყიდვაა,  ლუის გარსია პლასამ დირექტორატს ნახევარმცველიც შეუკვეთა. სერბი ნემანია გუდელის წასვლამ ნახევარდაცვის შუაში ახალი ფეხბურთელის მიყვანის საჭიროება გააჩინა. გაზეთის აზრით სევილიელებს ურჩევნიათ ისეთი მოთამაშე შეიძინონ, რომელიც ესპანურ ფეხბურთს კარგად იცნობს, ასეთი კი გიორგი ქოჩორაშვილია.

ქართველი ფეხბურთელი პორტუგალიას ვერ შეეწყო. 27 წლის ნახევარმცველი ლისაბონის „სპორტინგში“ შარშან ამ დროს 5.5 მილიონ ევროდ „ლევანტედან“ გადავიდა. კონტრაქტის თანახმად, რაკი გუნდი პირდაპირ ჩემპიონთა ლიგაში მოხვდა, „სპორტინგს“ „ლევანტესთვის“ დამატებითი თანხის გადახდამ მოუწია, მაგრამ ქოჩორაშვილმა პორტუგალიურ კლუბში კონკურენციას ვერ გაუძლო და იქაურობას ტოვებს.

AS შეგვახსენებს, რომ ქოჩორაშვილი ორი წლის წინ საუცხოოდ თამაშობდა „ლევანტეში“, ოღონდ მეორე დივიზიონში. ის, რომ ვალენსიის გუნდი ლა ლიგაში აღზევდა დიდწილად მისი დამსახურება იყო, მაგრამ ფეხბურთელმა პორტუგალიისკენ დაიჭირა გეზი.

ლისაბონში ქოჩორამ 26 შეხვედრაში მხოლოდ 1000 წუთით მიიღო მონაწილეობა. ამის მიუხედავად ქართველის იჯარით გადაბირება „ხეტაფემ“ ისურვა, თუმცა „ა ბოლას“ ინფორმაციით მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა: „ხეტაფე“ ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლებას თავისი შეხედულებისამებრ ითხოვს, „სპორტინგი“ კი ცდილობს ესპანურ კლუბს ერთი წლის შემდეგ ქართველის გამოსყიდვა დაავალდებულოს.

და აი, ასეთ ვითარებაში საქმეში ჩაერთო „სევილია“. კვანძი სავარაუდოდ მალე გაიხსნება.

ავტორის პროფილი

პაატა კვანტალიანი
პაატა კვანტალიანი „სარბიელით“, მეგობრობით, ერთგულებით და „ლივერპულით“ გაჟღენთილიი პროფესიონალია. YNWA (შენ არასდროს ივლი მარტო) - ეს პაატას დევიზია!