რატომ სადილობს ლუიშ კამპუში ფეხბურთელებთან?

რატომ სადილობს ლუიშ კამპუში ფეხბურთელებთან?

საფეხბურთო მსოფლიოსთვის კარგად არის ცნობილი, რომ „პარი სენ ჟერმენის“  წარმატების უკან სხვებთან ერთად ლუიშ კამპუშის მძლავრი ფიგურაც დგას. პორტუგალიელი ადრე წარმატებით მუშაობდა „ლილსა“ და „მონაკოში“, შემდეგ კი საფრანგეთის დედაქალაქში გადაბარგდა, სადაც მიიყვანა ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ვიტინია, ვილიან პაჩო, ჟოაო ნევეში და ხვიჩა კვარაცხელია.

პორტუგალიურ ტელეარხ RTP-ზე არის გადაცემა Primeira Pessoa, სადაც კამპუშმა დეტალურად ილაპარაკა თავისი მეთოდების შესახებ. გაზეთ „პარიზიენს“ კი დარჩა შთაბეჭდილება, რომ ამ მეთოდებიდან ზოგიერთი ფრიად ორიგინალურია.

„მე მარტოხელა მგელს მიძახიან, რადგან ჩემი იდეებისა და ინფორმაციის საიდუმლოდ შენახვა მიწევს. დღეს ჩემს სახეს უკვე მთელს მსოფლიოში ცნობენ. მატჩებზე დასწრებისას შენიღბვა მიწევს: მზის სათვალის გაკეთება ან თავზე ქუდის დახურვა. ხელოვნური ულვაშიც კი მიმიწებებია“, – თქვა კამპუშმა, ოღონდ დასძინა, რომ ის ჟურნალისტებს კი არა იმ ფეხბურთელებს ემალება.

ინკოგნიტოდ დარჩენის საჭიროება 61 წლის პორტუგალიელს აიძულებს თავად იყიდოს სტადიონის ბილეთები. სხვა სკაუტებს მეტწილად კლუბები პატიჟებენ. გარდა ამისა კამპუში ერიდება VIP ლოჟებს, რადგან მისი აზრით ფეხბურთელს „რეალურ ცხოვრებაში“ უნდა დააკვირდე, „რეალური ცხოვრება“ კი ჩვეულებრივ ტრიბუნებზეა.

„რეალის“ ყოფილ სკაუტსა და ტექნიკურ ანალიტიკოსს ფეხბურთელების სანახავად ხშირად თან დაჰყავს ასისტენტები, რომელთაც დაკვირვებით არჩევს.

რაც შეეხება ფეხბურთელების შესწავლა-შემოწმების კამპუშისეულ მეთოდს, ის ნამდვილად ორიგინალურია და მოიცავს ისეთ ხერხებს, როგორიცაა მათთან ერთად მთელი კვირის განმავლობაში სადილობა ან მაღაზიებში სიარული.

„ეს ბევრჯერ გამიკეთებია. ასეთი მეთოდი მეხმარება ახალგაზრდის ფსიქოლოგიური პორტრეტის შედგენაში. ვხვდები ეს ადამიანი გასახდელში არეულობას შეიტანს თუ სიმშვიდეს“, – თქვა პსჟ-ს სპორტულმა მრჩეველმა.

ჟოზე მოურინიუს ყოფილმა მარჯვენა ხელმა სახალისო ისტორიაც გაიხსენა: „ერთ ფეხბურთელზე ყველა მეუბნებოდა, რომ ის ძალიან ძუნწი იყო. როდესაც საქმე ფულს ეხებოდა ის უბრალოდ ცუდად იწყებდა ქცევას. გადავწყვიტე შემემოწმებინა, დავუნიშნე შეხვედრა შოპინგ ცენტრის კაფეში, რომელიც მშვენიერი ბუტიკებით იყო გარშემორტყმული. კაფეში მე მას ვუთხარი, მოდი გავისეირნოთ და ისე ვილაპარაკოთ-მეთქი. ამ სერირნობისას ის ჯერ ერთ მაღაზიაში შევიდა, შემდეგ მეორეში, მერე მესამეში და საბოლოოდ ბევრი ფული დახარჯა“.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.