ჯანი ინფანტინოს პროექტს გაყიდოს მსოფლიოს ჩემპიონატი ჯერ უეფამ გამოუცხადა ბოიკოტი, შემდეგ კი ევროპელ კოლეგებს მხარში კონკაკაფი ანუ ჩრდილო და ცენტრალური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის საფეხბურთო კონფედერაცია ამოუდგა. გაისად მარტში ფიფას პრეზიდენტის არჩევნებია – ინფანტინოს თავიდან მოშორების შესაძლებლობა. უეფა ცდილობს დაიყოლიოს „პარი სენ ჟერმენის“ 52 წლის პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი, რათა მან წამოაყენოს თავისი კანდიდატურა და საფეხბურთო მსოფლიო შვეიცარიელი ბიზნესმენისგან ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდეს.
წინა ორი არჩევნების დროს 56 წლის ინფანტინოს კონკურენტი არ ჰყოლია. ახლა დრო შეიცვალა, რასაც ხელი ინფანტინოს ახალმა გეგმამ შეუწყო. კონკაკაფში 41 ფეხბურთის ფედერაციაა გაერთიანებული. გამოაქვეყნა თუ არა ფიფას პრეზიდენტმა თავისი გეგმა მისი პრეზიდენტები შეიკრიბნენ და დაწერეს გრძელი დასკვნა. მასში წერია:
„კონკაკაფი არის კონფედერაცია, რომლის წევრები ფეხბურთის სიყვარულით არიან გაერთიანებულები და სადაც პირველ ადგილზე ფეხბურთია. ვხელმძღვანელობდით რა ამ ფილოსოფიით ბოლო ათი წლის განმავლობაში, ჩვენ ნულიდან ავაშენეთ ორგანიზაცია, რომელიც ეფუძნებოდა ფეხბურთის მსახურებას, მისი გამჭვირვალედ და ხანგრძლივად მართვის პრინციპებს.
ისტორიამ ფიფას და საფეხბურთო ოჯახს ადრეც აჩვენა, თუ რა ხდება, როდესაც თამაშის მფლობელები ამ ფასეულობებს უხვევენ.

ამის გათვალისწინებით დღეს კონკაკაფმა გამართა 41 წევრი ასოციაციის პრეზიდენტების, თავად მისი პრეზიდენტის, საბჭოს წევრებისა და ფიფას წევრების შეხვედრა. შეხვედრის მიზანი იყო Fifa Forward Enterprise-ის დაარსებისა და მსოფლიოს ჩემპიონატის წილების კერძო ინვესტორებისადმი მიყიდვის პროექტის განხილვა. ეს არის პროექტი, რომელიც ფიფას პრეზიდენტმა შეიმუშავა და წარმოადგინა.
შეხვედრის მსვლელობისას ორგანიზაციის წევრებმა გამოთქვეს შეშფოთება წინადადების განხილვის შესაფერისი პროცედურის არარსებობის გამო. ვადები ხელოვნურად არის დაჩქარებული და ფიფას მმართველობის ორგანოების მიერ ახალი პროექტის შემოწმებისა და დამტკიცების პროცედურაც არ არსებობს.
გარდა ამისა, ეჭვქვეშ დადგა ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი ჩემპიონატის შემდეგ პროექტების კერძო ინვესტორებისთვის გადაცემის საჭიროება.
მმართველობამ ჩათვალა, რომ საჭიროა მეტი გამჭვირვალობა და შესაფერისი ხელმძღვანელობა“.
ვიმეორებთ, კონკაკაფმა ეს წერილი დაწერა მას მერე, რაც უეფას 55-მა წევრმა ფედერაციამ ჩაატარა ონლაინ შეხვედრა და მიიღო ფიფას ყველა შეჯიბრების ბოიკოტირების გადაწყვეტილება.
რამდენად მტკიცეა უეფას ბოიკოტი სექტემბერში, 20-წლამდელ ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოჩნდება.
რაც შეეხება ნასერ ალ-ხელაიფის, მისმა წარმომადგენელმა ინგლისურ „სანს“ უთხრა, რომ ყატარელ ბიზნესმენს ფიფას პრეზიდენტობის სურვილი და ამბიცია არ აქვს.
„ის თავისი პოზიციიდან განაგრძობს საფეხბურთო ინსტიტუტებისა და ევროპული ფეხბურთი მხარდაჭერას“.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური31/07/2026 | 07:50უეფამ ფიფას პრეზიდენტობა ალ-ხელაიფის შესთავაზა
აქეთურ-იქითური30/07/2026 | 09:37ინფანტინოს გეგმას ტრამპის სიძემდე მივყავართ
აქეთურ-იქითური30/07/2026 | 08:41სჭირდება თუ არა კვარას მზის სათვალე?
მთავარი ამბავი30/07/2026 | 07:53მამარდას მეორე ამხანაგური აშშ-ში
