ოფიციალურად: საზონოვი ხეტაფეს ფეხბურთელია!

ოფიციალურად: საზონოვი ხეტაფეს ფეხბურთელია!

ოფიციალურად დადასტურდა: საბა საზონოვი „ხეტაფეს“ ფეხბურთელია! ქართველი მცველი ესპანეთის მეშვიდე გუნდში „ტორინოდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

საზონოვის უმოქმედობა მთელ წელიწადს გაგრძელდა. AS წერს, რომ შარშან ამ დროს მას „ხეტაფესთან“ ყველაფერი მოგვარებული და შეთანხმებული ჰქონდა, მაგრამ ბოლო წამს დაშვებულმა დასანანმა ბიუროკრატიულმა შეცდომამ მხარეების შრომა წყალში ჩაყარა. და აი, 12 თვის შემდეგ „ხეტაფეს“ სპორტული დირექტორის დაჟინებამ შედეგი გამოიღო ― ფეხბურთელის და მადრიდიდან 13 კილომეტრში მდებარე პატარა ქალაქ-დასახლების გუნდის გზები მაინც გადაიკვეთა.

საზონოვმა სამხრეთ მადრიდელებთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მისი ამოცანა მკაფიოა: უნდა შეიძინოს გამოცდილება და აღიდგინოს საუკეთესო ფორმა. იტალიაში ქართველს ხშირმა ტრავმებმა შეუშალა ხელი. ახლა ის ლა ლიგაში ცდის ბედს.

AS წერს, რომ მართალია საზონოვი ცენტრალური მცველია, მაგრამ მისი აღნაგობიდან და გონიერებიდან გამომდინარე ნახევარდაცვის შუაშიც შეუძლია თამაში. მწვრთნელ ხოსე ბორდალასსაც სწორედ ეს უნდა. ის მტკიცე, ღონიერი ფეხბურთელებისგან დაკომპელქტებული უკანა ხაზის აგებას აპირებს.

საბა საზონოვმა კარიერა სანკტ პეტერბურგის „ზენიტში“ დაიწყო, საიდანაც მოსკოვის „დინამოში“ გადავიდა. შემდეგ ქართველი დედისა და რუსი მამის ვაჟი „ტორინოში“ გადავიდა. ცოტა ხანი „ემპოლიშიც“ იყო, თუმცა მხოლოდ ვარჯიშობდა. არ უთამაშია.

ავტორის პროფილი

პაატა კვანტალიანი
პაატა კვანტალიანი „სარბიელით“, მეგობრობით, ერთგულებით და „ლივერპულით“ გაჟღენთილიი პროფესიონალია. YNWA (შენ არასდროს ივლი მარტო) - ეს პაატას დევიზია!