პსჟ-ს ყოფილი დირექტორი პსჟ-ს წინააღმდეგ

პსჟ-ს ყოფილი დირექტორი პსჟ-ს წინააღმდეგ

ოლივიე ლეტანგი იოლად გამოვიდა – საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა „ლილის“ პრეზიდენტი 20 000 ევროთი დააჯარიმა. მიზეზი: მან „ლილისა“ და „პარი სენ ჟერმენის“ შეხვედრის (2:2) მსაჯ ერიკ ვატელიეზე ცუდად ილაპარაკა.

შეგახსენებთ, რომ „ლილი“ 2:0-ს იგებდა, მაგრამ პარიზელებმა ორი გოლით უპასუხეს. ლეტანგი მატჩის ბოლოს, მსაჯის წამატებულ წუთებზე გაბრაზდა. ვატელიემ თავის პატაკში აღნიშნა, რომ „ლილის“ პრეზიდენტი დერეფანში ყვიროდა, სულ ერთი და იგივე მეორდებაო.

ლეტანგი ამაზე არ გაჩერდა. 28 და 29 აგვისტოს მან მსაჯთა კორპუსის დირექტორს ანტუან გოტიეს რამდენიმე წერილი გაუგზავნა, მათგან ერთი ღამის სამ საათზე. წერილებში წერია: „მე თქვენ გაფრთხილებდით! ეს სირცხვილია!“. ლეტანგმა აგრეთვე დაწერა, რომ მსაჯების შეხვედრებზე განაწილებას მსაჯთა კორპუსი ქარაფშუტულად უდგება.

ერიკ ვატელიე „ლილის” პრეზიდენტს ნერვებს უშლის

„ჩვენ ვეღარ შევეგუებით ამ კაცის დანიშვნას ჩვენს თამაშებზე. ამის შესახებ ადრე ორჯერ მოგწერეთ.  ვითარება უკიდურესად, უკიდურესად, უკიდურესად სერიოზულია!“, – აღნიშნავდა ლეტანგი, რომელმაც იმავე მსაჯის კრიტიკის გამო ადრე ორთვიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა.

ოლივიე ლეტანგი 53 წლის ყოფილი ფეხბურთელია. სანამ „ლილის“ პრეზიდენტი გახდებოდა ის სპორტულ დირექტორად მუშაობდა „პარი სენ ჟერმნსა“ (2012-2017) და „რენში“ (2017-2019).

ლეტანგის გარდა დაისაჯა „ლილის“ კოორდინატორი სილვან არმანიც, რომელსაც გასახდელში და სათადარიგოთა სკამთან ყოფნა აეკრძალა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.