პაპემ ჟორჟს პენალტი არ დაარტყმევინა

პაპემ ჟორჟს პენალტი არ დაარტყმევინა

AS: „მან ძელს გაარტყა ბურთი. უცნაური სანახავი იყო პაპეს პენალტის დარტყმას რომ სთხოვდა“.

ასე დაწერა ესპანურმა სპორტულმა გაზეთმა ჟორჟ მიქაუტაძის შესახებ, რომელიც წინა შეხვედრებისგან განსხვავებით მალაგაში ინიგო პერესმა სასტარტო შემადგენლობაში აღარ ათამაშა. „ვილიარეალმა“   „მალაგასთან“ 3:1 მოიგო. ანგარიში მასპინძელმა კარლოს დოტორმა გახსნა, რასაც ალბერტო მოლეირომ და პაპე გუიემ სამი გოლით უპასუხეს. პაპე გუიემ თავისი მეორე გოლი 86-ე წუთზე პენალტით გაიტანა. ეს სწორედ ის თერთმეტმეტრიანია, რომლის დარტყმასაც ნავსის გასატეხად მას მიქაუტაძე სთხოვდა, მაგრამ უარი მიიღო. ლა ლიგის 6 ტურში ჟორჟს ერთი გოლი აქვს გატანილი, „ატლეტიკოსთან“.

ქართველი მოედანზე 63-ე წუთზე აიოზე პერესის ნაცვლად შევიდა. მან კარში ერთხელ დაარტყა და ძელს გაარტყა ბურთი. 10 პასიდან 9 თანაგუნდელს სწორად მიაწოდა. ბურთს სულ 17-ჯერ შეეხო, მათგან საჯარიმოში 4-ჯერ. ერთხელ სცადა დრიბლინგი და არ გამოუვიდა.

მისი თამაში სხვადასხვა საიტებმა ასე შეაფასეს:

flashscore – 6.7; sofascore – 6.5; whoscored – 6.3; fotmob – 6.1

„დღეს ჩემმა ფეხბურთელებმა ბოლოს და ბოლოს მიიღეს ის, რასაც იმსახურებდნენ. ძალიან კარგად ვითამაშეთ. „მალაგასთან“ აგრესიული პრესინგი თუ არ ითამაშე, გაგამწარებს. მეამაყება, რომ გუნდმა გოლის გაშვების შემდეგ თავი ხელში აიყვანა და გაიამრჯვა“, – თქვა მატჩის შემდეგ ინიგო პერესმა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.