ბრუნო – ფეხბურთელების რჩეული

ბრუნო – ფეხბურთელების რჩეული

ბრუნო ფერნანდეში ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. გამოკითხვაში ფეხბურთელები მონაწილეობდნენ. პორტუგალიელმა დეკლან რაისსა და ერლინგ ჰოლანდს აჯობა. გასულ სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა პრემიერლიგისა და ფეხბურთზე მწერალ ჟურნალისტთა ასოციაციის ჯილდოებიც მოიპოვა.

დაჯილდოების ცერემონიალი მანჩესტერის ოპერის თეატრში გაიმართა. წლის საუკეთესო ახალგაზრდად „მანჩესტერ სიტის“ უნივერსალი ნიკო ო’რეილი დაასახელეს.

პრემიერლიგის ჩემპიონი „არსენალი“ სიმბოლურ გუნდში ხუთი ფეხბურთელით იყო წარმოდგენილი.

 31 წლის ფერნანდეში „იუნაიტედში“ 2020 წელს ლისაბონის „სპორტინგიდან“ 47 მილიონ გირვანქად გადავიდა და გახდა უეინ რუნის (2010 წელი) შემდეგ პირველი მანჩესტერელი, რომელმაც პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის ჯილდო მოიგო. მართალია „მანჩესტერ იუნაიტედს“ ტიტული არ მოუპოვებია, მაგრამ პორტუგალიელმა პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა – 21 საგოლე გადაცემა შეასრულა. ბოლო ტურის წინ ის 20 საგოლე პასით არსენალელი ტიერი ანრისა და „მანჩესტერ სიტის“ ვარსკვლავის კევინ დე ბრუინის ტოლად იყო, მაგრამ „ბრაიტონთან“ 3:0 მოგებულ შეხვედრაში პატრიკ დორგუს გაუწია ასისტენტობა და შემდეგ სეზონში თავისი მეცხრე გოლიც გაიტანა. ამრიგად ფერნანდეშმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ სტატისტიკის წიგნში თვით დევიდ ბექემს გადაასწრო. მანამდე კლუბის საუკეთესო ასისტენტი 15 პასით ბექემი იყო.

ფერნანდეშს ჯილდო „იუნაიტედის“ ყოფილმა ნახევარმცველმა ხუან მატამ გადასცა. პორტუგალიელმა თქვა: „მადლიერი ვარ ყველასი, ვინც ხმა მომცა. ჩემთვის გასული სეზონი ინდივიდუალურად მართლა განსაკუთრებული იყო. საგოლე პასების რეკორდზე თავიდან არ ვფიქრობდი. მას ყურადღება მას მერე მივაქციე, რაც თქვენ, ჟურნალისტებმა დაიწყეთ ლაპარაკი.  მინდა მადლობა ვუთხრა ჩემი გუნდის თავდამსხმელებს, რომელთაც ისე უნდოდათ ჩემთვის საგოლე პასის მიმატება, რომ ხანდახან საკუთარ საქმეს ვნებდნენ“.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.